(დამატებითი გადაწყვეტილება)
¹ას-856-1142-09 4 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
განმცხადებელი – ჟ. ო-ია (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. და მ. ბ-იები (მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში, მოპასუხეები ძირითად სარჩელში)
განმცხადებლის მოთხოვნა – უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და აღსრულების შეჩერება
დავის საგანი სარჩელში – თანხის დაკისრება
შეგებებულ სარჩელში – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 3 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჟ. ო-იამ მოპასუხეების – თ. და მ. ბ-იების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბინის ნასყიდობის თანხის – 60 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელი წარადგინეს იმავე სასამართლოში. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ო-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-იებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 37 200 აშშ დოლარის გადახდა, 22 800 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 129-131).
სასამართლო გადაწყვეტილებები მხარეების მიერ არაერთხელ იქნა გასაჩივრებული. ამასთან, 2002 წლის 1 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეებმა წარადგინეს დაზუსტებული შეგებებული სასარჩელო განცხადება.
2003 წლის 4 ივლისს ჟ. ო-იამ დავის საგნის გადიდების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის – 82594 აშშ დოლარისა და თავდაპირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის – 22800 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება (ტომი 2, ს.ფ. 192-194). თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით ჟ. ო-იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საბოლოოდ დავის საგნის ოდენობა 105394,52 აშშ დოლარით განისაზღვრა (ტომი 2, ს.ფ. 241-248). მიღებული გადაწყვეტილებები მხარეების მიერ ასევე არაერთხელ იქნა გასაჩივრებული სხვადასხვა ინსტანციაში.
2006 წლის 24 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. და მ.ი ბ-იების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჟ. ო-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. და მ.ი ბ-იებს ჟ. ო-იას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 53866 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში ჟ. ო-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ბ-იებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 740-744).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. და მ. ბ-იების შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. და მანია ბ-იების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ჟ. ო-იას თ. და მანია ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 69000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებისათვის ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაკისრებული 53866 აშშ დოლარი გაიქვითა 69000 აშშ დოლარის ანგარიშში და საბოლოოდ ჟ. ო-იას მ. და თ. ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 15134 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ო-იამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ჟ. ო-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-იას და მ. ბ-იას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ჟ. ო-იას დაეკისრა თ. ბ-იას და მ. ბ-იას სასარგებლოდ 69000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებისათვის ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაკისრებული 53866 აშშ დოლარი გაიქვითა 69000 აშშ დოლარის ანგარიშში და ჟ. ო-იას მ. ბ-იასა და თ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 15134 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ჟ. ო-იას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1725 აშშ დოლარისა და 3450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და თ. ბ-იას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს მდებარე თბილისში, ... ქ.¹10-სა და ... ქ. ¹12-ში მოეხსნა ყადაღა.
მითითებული გადაწყვეტილება ჟ. ო-იას მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ო-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და მ. ბ-იების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ჟ. ო-იას დაეკისრა თ. და მ. ბ-იების სასარგებლოდ 55231 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული თანხის ანგარიშში გაიქვითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებისათვის ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაკისრებული 53866 აშშ დოლარი და ჟ. ო-იას მ. და თ. ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 1365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამასთან, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა თ. ბ-იას საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ... ქ.¹10-სა და ... ქ.¹12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს.
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში ჟ. ო-იამ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და აღსრულების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ო-იას განცხადება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ სასამართლო ხარჯების გაანგარიშების წესსა და აღსრულების შეჩერების შესახებ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მითითებული ნორმის დათქმიდან გამომდინარე, ესა თუ ის მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებიდან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი. მაგრამ მხარე არ შეიძლება გათავისუფლდეს ხარჯებისაგან, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი. ამრიგად, თუ მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით (აგრეთვე სხვა ხარჯები), დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დააკმაყოფილა ან რომელზეც უარი უთხრა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას იგი შესაბამისად შეცვლის ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო მოახდენს ყველა იმ ხარჯის გაანგარიშებას, რაც მხარემ გასწია სასამართლოში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში გაღებული ხარჯი, არამედ მთლიანად სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაწეული ხარჯები.
დადგენილია, რომ საქმის განხილვისას ძირითად სარჩელში მოსარჩელის – ჟ. ო-იას სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 105394,52 აშშ დოლარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებს ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაეკისრათ 53866 აშშ დოლარი.
მითითებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ჟ. ო-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჟ. ო-იას, როგორც მოსარჩელეს, მის მიერ 2006 წლის 24 ოქტომბრამდე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელთა ოდენობაც შეადგენს 4030 ლარს, უნდა აუნაზღაურდეს დაკმყოფილებული სარჩელის პროპორციულად.
დადგენილია, რომ 105394,52 აშშ ლარის მოთხოვნიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 53866 აშშ დოლარით, შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულობაც აქედან უნდა გაანგარიშდეს (53866/105394,52 X100=51,1%), ამდენად, 53866 აშშ დოლარი შეადგენს 105394,52 აშშ დოლარის 51,1%-ს, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 51,1%-ით და შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4030 ლარი უნდა გაანგარიშდეს დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილიდან – 51,1%-დან, რაც შეადგენს 2059 ლარს და რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მიუხედავად იმისა განთავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
პალატის მიერ, ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელეს სამართალწარმოების გარკვეულ ეტაპებზე, შესაბამის ინსტანციებში, არაერთხელ გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელთა ოდენობამაც შეადგინა 10340,64 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი ცალსახად ადგენს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესს. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა 105394,52 აშშ დოლარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – 53866 აშშ დოლარით. შესაბამისად, დაუკმაყოფილებელ ნაწილს შეადგენს (105394,52-53866=51528,52) აშშ დოლარი. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ვინაიდან მოპასუხე სასამართლოს მიერ გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს მის მიმართ სასამართლოს მიერ გადადებული სახელმწიფო ბაჟი დაეკისროს სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის – 51528,52 აშშ დოლარის პროპორციულად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სარჩელი არ დაკმაყოფილდა (51528,52/105394,52X100=48,9%) 48,9%-ით. შესაბამისად, მასთან უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ გადადებული სახელმწიფო ბაჟის პროპორციულობის გაანგარიშება, რაც შეადგენს (10340,64X48,9/100=5056,6) 5056,6 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ – 53866 აშშ დოლარით დაკმყოფილებული სარჩელიდან გამომდინარე, სასამართლო ხარჯების გაანგარიშების შედეგად, მოსარჩელე ჟ. ო-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5056,6 ლარის გადახდა.
რაც შეეხება თ. და მ. ბ-იების შეგებებულ სარჩელს, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში გადასახდელად დაეკისრა 55231 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში განხილვისას მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში ჟ. ო-იამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 6903,16 ლარი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე. ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხეს თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად, რომლითაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ვინაიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ (69000-55231=13769) 13769 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე, პროპორციულობაც სწორედ აქედან უნდა იქნეს გამოანგარიშებული. 13769 აშშ დოლარი წარმოადგენს 69000 აშშ დოლარის 20%-ს. ე.ი. მოსარჩელეებს შეგებებულ სარჩელში უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის თანხის 20%-ზე. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6903,16 ლარი უნდა გაანგარიშდეს 20%-თან მიმართებაში, რაც შეადგენს 1380,6 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოსარჩელეებს შეგებებულ სარჩელში მოპასუხის _ ჟ. ო-იას სასარგელოდ.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის განხილვისას ჟ. ო-იას მიერ გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟების ოდენობას, მან მთლიანად შეადგინა 4771,21 ლარი. აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ასევე პროპორციულად უნდა იქნეს გადახდილი, მაგრამ მხოლოდ მოპასუხის ჟ. ო-იას მიერ. კერძოდ, მოპასუხე ჟ. ო-იას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება (4771,21X80%=3816,97) 3816,97 ლარის გადახდა.
დადგენილია ასევე, რომ სამართალწარმოებისას მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში თავისუფლდებოდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ თ. ბ-ია კანონისმიერი საფუძვლით, ხოლო მ. ბ-ია სასამართლოს მიხედულებით ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე დადგენილია, რომ მ. ბ-იას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო ინსტანციაში გადაედო სახელმწიფო ბაჟის – 2693,3 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადებისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისათვის დადგენილი საერთო წესების გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელეთა სასარგებლოდ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადადებული სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილებულია 80%-ით, გადადებული სახელმწიფო ბაჟი 2693,3 აშშ დოლარის მის მიმართ პროპორციულად შეადგენს 2154,64 აშშ დოლარს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში ჟ. ო-იას, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილზე, რაც შეადგენს 20%-ს, უნდა გადახდეს მოსარჩელეს _ მ. ბ-იას. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა 20%-ით, გადადებული სახელმწიფო ბაჟის 2693,3 აშშ დოლარის პროპორციულობაც აქედან უნდა იქნეს გაანგარიშებული, რაც შეადგენს 538,66 აშშ დოლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მ. ბ-იას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრისა და უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯები ნაწილდება შემდეგი სახით:
ჟ. ო-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5056,6 ლარის, 3816,97 ლარისა და 2154,64 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, 2154,64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 3647,6 ლარს. აქედან გამომდინარე, ჟ. ო-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ეკისრება 12521,17 ლარის გადახდა.
მ. ბ-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ უნდა დაეკისროს 538,66 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, 538,66 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 911,9 ლარს. თ. და მ.ი ბ-იებს ჟ. ო-იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 3439,6 ლარის გადახდა (2059+1380,6=3439,6).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მ. ბ-იას დაეკისრა 911,9 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ. დადგენილია, რომ საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე მ. ბ-იამ არაერთხელ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე დადგენილია, რომ სასამართლო თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას და ათავისუფლდებდა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, გარდა ერთი ზემოხსენებული შემთხვევისა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი მოთხოვნების გათვალისწინებით მ. ბ-ია მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განთავისუფლდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟისაგან.
ჟ. ო-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 12521,17 ლარის გადახდა. ჟ. ო-იას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 10933,16 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 12521,17 ლარი წარმოადგენს იმ ოდენობის თანხას, რაც გამოიწვევს მხარის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილ თანხასთან ერთად 12521,17 ლარის გადახდა მხარეს ჩააგდებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ო-იას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს, კერძოდ გაუნახევრდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟი, რაც საბოლოოდ შეადგენს (12521,17/2=6260,58) 6260,58 ლარს.
რაც შეეხება აღსრულების შეჩერების საკითხს პალატა განმარტავს, რომ განმცხადებლის _ ჟ. ო-იას მოთხოვნა, პროცესუალურ-სამრთლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და საფუძველს მოკლებულია, შემდეგ გარემოებათა გამო: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს სააღსრულებო მოქმედებს შეჩერებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებულ აღსრულების გადადების ერთგვარ სახეს წარმოადგენს და ნიშნავს აღსრულების სხვა დროისათვის, ანუ უფრო მოგვიანებით გადატანას. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისათვის (შეჩერებისათვის) უნდა არსებობდეს ამისათვის გონივრული საფუძველი, რაც შეიძლება იყოს სტიქიური მოვლენა, სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასვლა, ქონებრივი მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება და სხვა. განმცხადებელი კი მოითხოვს რა მხოლოდ აღსრულების შეჩერებას არ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იქნას გადაწყვეტილება შეჩერებული. კერძოდ არ მიუთითებს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით გონივრულ საფუძვლებზე, რის გამოც მოთხოვნა, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ჟ. ო-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 6260,58 ლარის გადახდა.
მ. ბ-ია გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
თ. და მ. ბ-იებს ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაეკისროთ 3429,6 ლარის გადახდა.
უარი ეთქვას ჟ. ო-იას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების (შეჩერების) შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.