¹ას-856-1169-07 17 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ც-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ვ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ... სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, ხელფასის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
2005 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, ხოლო 2005 წლის 17 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ა. ც-მ, მოპასუხედ დაასახელა ბათუმის ... ინსტიტუტის დირექტორი და მოითხოვა კათედრის ... თანამდებობაზე აღდგენა, უკანონოდ დაქვითული 388,8 ლარის ანაზღაურება, აჭარის ა/რ ყველა საინფორმაციო საშუალებთა გამოყენებით ბოდიშის მოხდა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრისა და 21 ნოემბრის განჩინებით ა.ც-ის სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა ბათუმის ... ინსტიტუტის წარმომადგენელმა და ა.ც-ისაგან მოითხოვა 1999 წლიდან ზედმეტად მიღებული ხელფასის - 3088 ლარისა და სასწავლებლის პერსონალური კომპიუტერის დაბრუნება.
2006 წლის 21 ივლისს ა.ც-მ კვლავ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოპასუხისაგან მოითხოვა სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, იძულებითი განაცდურის - 3440 ლარისა და უკანონოდ დაქვითული 388,8 ლარის გადახდა, ასევე 50000 ლარის ოდენობის მორალური და ეკონომიკური ზარალისა და იძულებითი განაცდურის - 3440 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ... უნივერსიტეტის ბათუმის ... ინსტიტუტის ნაცვლად, სათანადო მხარედ, საქმეში ჩაბმული იქნა ქ.ბათუმის ... უნივერსიტეტი.
2006 წლის 15 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე ა.ც-მ უარი განაცხადა საჯაროდ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ც-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და ფულადი თანხის დაკისრებაზე, ასევე ... სახელმწიფო უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო ა.ც-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 50000 ლარის ოდენობის მორალური და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ა. ც-ისა და ... სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ც-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ა. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2500 ლარის ჩარიცხვის ქვითარის წარმოდგენა (ს.ფ. 92-93). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ ვ. ხ-ს გაეგზავნათ 2007 წლის 16 ნოემბერს (ს.ფ. 94-95); კასატორს და მის წარმომადგენელს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდათ 2007 წლის 22 ნოემბერს (ს.ფ. 96-97); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.