Facebook Twitter

ას-856-1213-06 22 მარტი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2004 წლის 17 ივნისს ლ. ჯ-მ სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ რ. ბ-ის, თ. და ბ. მ-ების მიმართ და მიუთითა, რომ ბ. მ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1990 წლიდან. ჰყავთ ერთი შვილი _ 1991 წლის 2 სექტემბერს დაბადებული ი. ბ-ის ძე მ-ი. ქორწინების დღიდან ცხოვრობდა და 1992 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაწერილია სადავო ბინაში _ მდებარე ... დასახლება ¹23-41-ში. ვაზისუბნის დასახლების სერვის-ცენტრის მეშვეობით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ბინა 1996 წლიდან პრივატიზებულია მისი დედამთილის _ რ. ბ-ის სახელზე, რითაც, მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა მისი და მისი შვილის კანონით მინიჭებული ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჯ-მ მოითხოვა 1996 წლის 24 იანვრის ¹1-45 რეესტრში რეგისტრირებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, შვილთან ერთად ქ. თბილისში, ... დასახლება ¹23-41-ში მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და საკუთრების უფლებით, 12 კვ.მ ¹3 ოთახზე და 9კვმ ¹1 ოთახზე საკუთრების წილის განსაზღვრა, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მოსარჩელე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესახლებულ იქნა სადავო ბინაში, მაგრამ მან ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე თავისი ნებით დატოვა სახლი და საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა, რითაც დაკარგა ბინის ფართზე უფლება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... დასახლება ¹23-41-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ და მის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 12 კვ.მ ¹3 ოთახი, და, შესაბამისად, გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერებსა და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი რ. ბ-ე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ. ჯ-ის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და 2006 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელანტმა რ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ არის მატერიალური პასუხისმგებელი პირი და 2006 წლის 20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე ებარა მატერიალური ფასეულობანი, ასრულებდა საპასუხიმგებლო სამუშაოს, რის გამოც სასამართლოზე ვერ გამოცხადდებოდა, ხოლო სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ კი უნდა ეცნობებინა მის წარმომადგენელ _ ლ. პ-ს. იგი ენდობოდა ადვოკატს, რის გამოც სხდომაზე არ გამოცხადდა. ლ. პ-ს, თანახმად სსკ 440-ე მუხლისა, თუ არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლად გამოსვლის უფლებამოსილება, მისთვის ცნობილი არ ყოფილა და ამის შესახებ მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შემდეგ შეიტყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ რ. ბ-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დროისა და ადგილის შესახებ (ს.ფ.98). დადგენილია, რომ რ. ბ-ს გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსათვის არ უცნობებია. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივანის მიერ მითითებული იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე ეკისრება მომჩივანს.

კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა მის წარმომადგენელ ლ. პ-ს, რომელსაც იგი ენდობოდა, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში და მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ არანაირი რწმუნებულება, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ ლ. პ-ი რ. ბ-ის წარმომადგენელია საქმის მასალებში არ მოიძებნება, შესაბამისად, პროცესზე თავად აპელანტი უნდა გამოცხადებულიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; რ. ბ-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.