Facebook Twitter

¹ას-861-1075-08 23 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ დ. და შ. შ-ძეები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა

«ი. @2»

_ ამხანაგობა «ი. 91» (მოპასუხეები)

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, საცხოვრებელი ფართისა და ავტოფარეხის გადაცემა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 30 ივლისს დ. და შ. შ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ამხანაგობა „ი. 2-ისა“ და ამხანაგობა „ი. 91-ის“ მიმართ და მოითხოვეს აღიარებულ იქნეს, რომ მოსარჩელეები დ. და შ. შ-ძეები არიან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. 91-ის“ და „ი. 2-ის“ წევრები; შევიდეს ცვლილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. 91-ის“2002 წლის 10 მაისის კრების ¹15 ოქმში და, როგორც თანხის სრულად და დროულად გადამხდელები, მოსარჩელეები შეყვანილ იქნენ პირველი კატეგორიის მენაშენეთა სიაში; დაეკისროს მოპასუხეებს ქ. თბილისში, ... ქუჩასა და ... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით საცხოვრებელი სახლის აშენებისას 122 კვ.მ სამოთახიანი და 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინებისა და 2 ავტოფარეხის გადაცემის ვალდებულება პირველი კატეგორიის მენაშენეთათვის განთავსებულ ფართში, კერძოდ, „იმედი 91-ისათვის“ გადაცემულ მე-2 და მე-3 სართულებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. და შ. შ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. და შ. შ-ძეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დ. და შ. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 6 ნოემბრის განკარგულებების თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო მოსარჩელეების ამხანაგობა „ი. 91-ში“ გაწევრიანების ფაქტი, კერძოდ, დ. შ-ძეს ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ-ძეს სამოთახიანი ბინის აშენების უფლებით, აგრეთვე, დადგენილად ცნო, რომ აღნიშნული განკარგულებები გაუქმებული არ არის, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი დ. და შ. შ-ძეებისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დ. და შ. შ-ძეების მიერ ამხანაგობა „ი. 91-ისათვის“ ბინის ასაშენებლად 160000 მანეთის გადახდის ფაქტი და ის გარემოება, რომ ამხანაგობა „ი. 91“ წარმოადგენს ამხანაგობა „ი. 2-ის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელმაც შესატანის სახით შეიტანა 3 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამის სანაცვლოდ უნდა გადაეცეს მრავალსარსართულიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართი მე-2 და მე-3 სართულებზე, ასევე ავტოფარეხები და სარდაფი ე.წ. კარკასის სახით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. 91-ის“ 2004 წლის 6 ოქტომბრის კრების ¹21 ოქმი, რომლის მე-2 პუნქტადაც აღნიშნულია, რომ ამხანაგობა „ი. 91-ის» წევრებს გადაეცეთ გარკვეული ფართები, მათ შორის, დ. შ-ძეს – 28 კვ.მ, შ. შ-ძეს კი 14 კვ.მ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე დასკვნების გაკეთებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დ. და შ. შ-ძეებმა.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იგნორირება გაუკეთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნებს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ ბინათმშენებლობა ამხანაგობა «ი. 91-ის» 2004 წლის 6 ოქტომბრის ¹21 კრების ოქმს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ დ. და შ. შ-ძეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. შ-ძისა და შ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განსახილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ უნდა ადასტუროს მოსარჩელეების მიერ გადახდილი თანხების არასაკმარისობა იმისათვის, რომ ეს უკანასკნელები აღიარებულ იქნან პირველი კატეგორიის მენაშენეებად, ხოლო თანხის სრულად გადახდის მტკიცების ტვირთი კი აკისრია მოსარჩელეებს.

ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი.-91-ის» 2004 წლის 6 ოქტომბრის კრების ¹21 ოქმი, რომლის მე-2 პუნქტიდაც აღნიშნულია, რომ ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრებს უნდა გადაეცეთ გარკვეული ფართები, მათ შორის დ. შ-ძეს _28 კვ.მ, შ. შ-ძეს კი – 14 კვ.მ ასევე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, რის შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება (განჩინება), კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ პროცესუალური შესაძლებლობა, რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე, ამ გარემოებების გათვალისწინებით რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, ხომ არ გამოიწვევს საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია პირველ ინსტანციაში გადააგზავნოს საქმე თუ მნიშვნელოვნად დაირღვა საპროცესო კანონები, რაც ართულებს საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლო არ უთუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასარკვევ იმ საკითხთა წრეს, რომლის გარკვევა მას არ შეუძლია (ან არ არის მიზანშეწონილი, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უხეში პროცესუალური დარღვევების გამო, რამაც შეზღუდა პროცესუალური მხარის უფლებები).

სააპელაციო სასამართლო უთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდება მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობები და პირველივე ინსტანციის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის დარღვევაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს (ამ ინსტანციისათვის დადგენილი იურისდიქციის გათვალისწინებით) შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრონოს უკან საქმე, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ მიზანშეუწინელია საქმის უკან დაბრუნება.

ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული (სააპელაციო სასამართლოს) გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივ მხარეს. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის გამოკვლეული და შეფასებული გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, არ არის მითითებული სადავო ურთიერთობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ უთითებს, რომ სადავო ურთიერთობის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის აუცილებელია სრულად იქნეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თვითონ დაადგინოს საქმისათვის აუცილებელი ფაქტები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. და შ. შ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.