ას-861-1147-09 15 ოქტომბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ა. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ა. გ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი ა. გ-შვილის წარმომადგენელს დ. ი-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 1 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ა. გ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა _ დ. ი-შვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მხარეები მორიგდნენ, რის გამოც უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და მოითხოვენ მის უკან გატანას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში ა. გ-შვილმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-შვილის (წარმომადგენელი დ. ი-შვილი) განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.