გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1009-595(კ-05) 23 თებერვალი 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის სქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
06.10.03წ. გ. ც-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ი. კ-ს, აგრეთვე< მიწის მართვის რუსთავის სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და საეზოვე მიწის ნაკვეთის გაყოფა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ» მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოახდინეს ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე ორსართულიან სახლში დაკავებული საცხოვრებელი ბინების პრივატიზაცია. საცხოვრებელი სახლის ეზოს სარგებლობდნენ მეზობლები ურთიერთშეთანხმებით. მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი, რომელზედაც განთავსებულია პრივატიზებული საცხოვრებელი ბინები, გადაწყდა სკ-ის 1513-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია რუსთავის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ი. კ-ს სახელზე და მიუთითა, რომ მიწის მართვის სამმართველომ დაარღვია სკ-ის 208-ე და 173-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მოცემული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას, შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთის გაყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მასთან, თანამესაკუთრესთან, შეუთანხმებლად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5-6 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 30.05.2000წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ¹414/00) ი. კ-ს სახელზე რიცხული 86 კვ.მ და 332 კვ.მ ნაკვეთზე, სარჩელზე მიწის ნაკვეთის გაყოფის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5-6 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი ი. კ-ს სახელზე რიცხული 86 კვ.მ და 332 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ უფლება წარმოეშვა ქ. რუსთავის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილების მიღების შემდეგ, რომლის თანახმად‚ ქ. რუსთავში, ... ¹15 საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებული 100 კვ.მ ფართი დაუმაგრდა ი. კ-ს და გ. ც-ს საერთო სარგებლობაში, ხოლო დარჩენილი 418 კვ.მ ი. კ-ს და 418 კვ.მ გ. ც-ს. აპელანტმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერით განისაზღვრა მისი საკუთრების უფლება, რომელიც კანონიერია. რუსთავის მიწის მართვის სამმართველოს სადავო ჩანაწერის განხორციელებისას არ დაურღვევია არც «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის და არც სზაკ-ის მე-60 მუხლის «დ" ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი - სზაკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. დარღვეულია აგრეთვე‚ «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის 38-ე მუხლით დადგენილი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ც-მა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება მიწის ნაკვეთის გაყოფის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნა მიწის ნაკვეთის გაყოფის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 18.02.05წ. განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05წ. განჩინებით ნაკვეთის გაყოფის ნაწილში წარმოება შეჩერდა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამრთლოს 05-06.01.04წ. გადაწყვეტილების ნაწილის შეცვლით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი, მოცემულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 30.05.2000წ. საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე 86 კვ.მ და 332 კვ.მ მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით ი. კ-ს სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომქ.რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე 1029 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლთმფლობელობის ნაწილი წარომოადგენს ი. კ-ს საკუთრებას, ხოლო ნაწილი გ. ც-ის საკუთრებას. ქ. რუსთავის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილების თანახმად, ... ¹15 საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებული ფართი 100 კვ.მ დაუმაგრდა მოქ. ი. კ-ს და გ. ც-ს საერთო სარგებლობაში. დანარჩენი ფართობი _ 836 კვ.მ გაიყო ორ თანაბარ ნაწილად. ი. კ-ს დაუმაგრდა - 418 კვ.მ, გ. ც-ს - 418 კვ.მ.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება ი. კ-ს სახელზე რეგისტრირებულია კანონის დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. საქართველოს სკ-ის 183.1 მუხლის თანახმად‚ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ განხორციელებული ჩანაწერის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ქ. რუსთავის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილება ვერ იქნება მიჩნეული ი. კ-სათვის ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების წარმოშობის და შესაბამისად ამ უფლების რეგისტრაციის საფუძვლად, ვინაიდან ამ დადგენილებით მოხდა ი. კ-სა და გ. ც-ისათვის ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში დამაგრება, ხოლო დარჩენილი 836 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაიყო ორ თანაბარ ნაწილად და დაუმაგრდათ სარგებლობაში.
«ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილებით ი. კ-სა და გ. ც-ს არ გადაცემიათ კანონით დადგენილი წესით ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამდენად, საჯარო რეესტრის სამსახური არ იყო უფლებამოსილი მოცემული დადგენილების საფუძველზე მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ი. კ-ს სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი შესაბამისი ჩანაწერის მეშვეობით ახორციელებს მიწისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის ფიქსაციას. საჯარო რესეტრის ჩანაწერი არის მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურდება სახელმწიფოს მიერ. ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ გარიგებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სზაკ-ის 180-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული ნორმით დადგენილია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა და წესი. სადავო ჩანაწერი კი არ წარმოადგენს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ¹414/00 ამონაწერის ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მის მოთხოვნაზე და ბათილად ცნო არა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, არამედ ჩანაწერი საჯარო რეესტრში. Kამდენად, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. კასატორი აღნიშნავს, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მოთხოვნათა დაცვით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ იხდიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. სააპელაციო პალატამ უმართებულოდ არ გაითვალისწინა, რომ დარღვეულ იქნა სზაკ-ის 180.1 მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადა. დარღვეულია‚ აგრეთვე‚ სასკ-ის 22.3 მუხლით, აგრეთვე‚ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვადები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩიურებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი არის ადმინისტრაციული გარიგება. საჯარო რეესტრის ჩანაწერი არის ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი ხასიათის მოქმედება (რეალაქტი). საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი ახდენს რეგისტრირებული უფლების არსებობის დადასტურებას, საჯარო რეესტრის მოქმედების სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი ურთიერთობებით, მისი ჩანაწერი ასახავს ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული და/ან კერძო-სამართლებრივი გარიგების შედეგად დროის კონკრეტული მომენტისათვის უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას. განსახილველი დავის საგანს შეადგენს 30.05.2000წ. საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმად ქ. რუსთავში, ... ¹15-ში მდებარე 86 კვ.მ. და 332 კვ.მ. მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა ი. კ-ს სახელზე, იმავე მისამართზე მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ იქნა საერთო საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ განხორციელებული ჩანაწერის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონი, სამოქალაქო კოდექსი, ქ. რუსთავის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილება. საფუძველსმოკლებულია «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის 3.4 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერიის 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილებით ი. კ-სა და გ. ც-ს არ გადაცემით კანონით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრის სამსახური არ იყო უფლებამოსილი‚ მოცემული დადგენილების საფუძველზე მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად‚ სახელმწიფო მიწა საროგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამასთანავე, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც იმყოფება ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში და რომლებიც «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება კერძო საკუთრებაში გადაცემას. ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ფიზიკურ პირებს სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიენიჭებათ საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე არ ქმნის გ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების, ქ. რუსთავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის ი. კ-ს სახელზე რეგისტრაციის საფუძვლის - ქ. რუსთავის მერიის (გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატა რუსთავის ნაცვლად შეცდომით უთითებს თბილისის მერიის) 31.01.2000წ. ¹22-1 დადგენილების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, მით უფრო, რომ უკანასკნელი გ. ც-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო პალატას სხვა არგუმენტაცია მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის არ მოუყვანია. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ესაა სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ‚ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად‚ მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გ. ც-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში სარჩელის აღძვრაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. კ-ს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 30.05.2000წ., სარჩელი საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ გ. ც-მა 06.10.03წ. აღძრა. ამდენად საქმეზე უნდა დადგინდეს‚ თუ როდის გახდა ცნობილი გ. ც-ისათვის საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია კასატორის სახელზე, ცნობილი იყო თუ არა მოსარჩელისათვის, რუსთავის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული, გ. ც-ის სახელზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა და რის გამო არ იქნა იგი ხელმოწერილი გ. ც-ის მიერ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, თუ რა მოსაზრებებით იქნა გაუქმებული ქ. რუსთავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე 332 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ი. კ-ს სახელზე რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის 30.05.2000წ. ჩანაწერი, გაურკვეველია მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესი ნაკვეთის ამ ნაწილის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05წ. გადაწყვეტილება. საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.