Facebook Twitter

საქმე №200აგ-16 30 იანვარი, 2017 წელი

კ-ი ა. 200აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით ა. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით, ხოლო 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ა. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ა. კ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ ა. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 მაისიდან.

იმავე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ზ. მ-ე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენში ა. კ-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით, 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - ასევე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ა. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც მთლიანად შთანთქა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 მაისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2016 წლის 22 სექტემბერს მსჯავრდებულმა ა. კ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა, შემდეგი საფუძვლებით: საქმეზე ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა/მანქანის აკუმულატორზე, რომლის ქურდობის მცდელობაც მას უკანონოდ შეერაცხა, მისი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა; საქმეზე ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით დადგენილია, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ მოსამართლემ განაჩენში არასწორად მიუთითა, რომ მას არ დაუდგინდა ნარკოტიკის ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი; მან შუამდგომლობას დაურთო დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნების, ასევე ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ზ-ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმის ქსეროასლები და ითხოვს მათ სათანადო შეფასებას, ასევე აღნიშნავს, რომ ენდობოდა სასამართლოს, თუმცა საქმის განმხილველმა მოსამართლემ დამალა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის უდანაშაულობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. მსჯავრდებული ა. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი საჩივრის განხილვასა და სასამართლო სხდომაზე დასწრებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ წარმოდგენილი დაქტილოსკოპიური და ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნებისა და მოწმის დაკითხვის ოქმის ქსეროასლები, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან მათ შესახებ საქმის არსებითი განხილვის დროს ცნობილი იყო როგორც სასამართლოს, ასევე მხარეებისთვის.

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა.კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი