2I-17 ქ. თბილისი
ნ-ი ა. 2I-17 31 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - ე. ქ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-ს
თარჯიმან - ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2008 წლის 19 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ადანის საქალაქო მე–6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის მე–2 ნაწილით (შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წლის 22 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენი ა. ნ-ს მიმართ.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ა. ნ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 8 სექტემბერს სტამბოლის საქალაქო პოლიციის დირექციასთან არსებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურ, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული .....–ს (.....) ცენტრალური კომიტეტის წევრები და ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო დანაყოფის პასუხისმგებელი პირები. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციის საიდუმლო საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მითითებული ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული იარაღი, ტყვია–წამალი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და დოკუმენტაცია. შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია ..... - ის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური სტრუქტურების გაუქმება შეიარაღებული ძალებისა და ძალადობის გამოყენების გზით. ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ..... - ის წესდების თანახმად, აღნიშნული ორგანიზაციისათვის კადრების მიღებისა და მომზადებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში დაარსდა ლეგალური ორგანიზაციები, რომლებიც ექვემდებარებიან ზემოაღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას და ეწევიან მის სასარგებლო პროპაგანდას. მითითებული ლეგალური, თუმცა .....–ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების სიაში აგრეთვე შედიან ..... (.....), ..... (.....) და ..... (.....). აღნიშნული ორგანიზაციები ეძებდნენ ახალგაზრდა, პოტენციურ წევრებს, რომლებიც ჯერ .....–ს და შემდეგ .....–ს წევრები ხდებოდნენ. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მითითებულ ორგანიზაციებში გაწევრიანებული პირების არალეგალური ორგანიზაციების, მათ შორის .....-ს მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ მოქმედებებში მონაწილეობა. ა. ნ-ი სხვა პირებთან ერთად იყო .....-ისა და ..... -ის წევრი და ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციები წარმოადგენს .....-ის განშტოებებს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს, ა. ნ-ი აგრეთვე მიჩნეულია .....-ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრად. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მტკიცებით, ა. ნ-ს .....-ის წევრობა აგრეთვე მტკიცდება ამ ორგანიზაციას დაქვემდებარებული ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ცალკეულ ღონისძიებებში მონაწილეობით, მათ შორის - შეკრებებში, რომლებზეც სამართალდამცველებთან მებრძოლ ტერორისტებს აცხადებდნენ გმირებად.
3. 2014 წლის 17 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ადანის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ა. ნ-ს დაკავების ბრძანება.
4. 2015 წლის 14 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ა. ნ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალები.
5. 2016 წლის 2 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ნ-ი.
6. 2016 წლის 4 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ნ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
7. 2016 წლის 20 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ნ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი 2016 წლის 4 აპრილის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. 2016 წლის 16 ივნისს ა. ნ-ს ჩაუტარდა გასაუბრება მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
9. 2016 წლის 22 ივნისს, 11 აგვისტოსა და 15 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
10. 2016 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. ნ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით - 6 თვემდე, 2016 წლის 2 ოქტომბრამდე.
11. 2016 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ა. ნ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. 2016 წლის 28 ივლისს, 26 აგვისტოსა და 28 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედანი მიღებულ იქნა 2016 წლის 3 აგვისტოსა და 7 სექტემბერს.
13. 2016 წლის 30 სექტემბერს ა. ნ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით - 9 თვემდე, 2017 წლის 2 იანვრამდე.
14. 2016 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ნ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. ამავე განჩინებით ა. ნ-ს დაეკისრა სსსკ–ის 199–ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები.
15. 2017 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ადანის მე–6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ადანის მე–6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ა. ნ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ქ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მათ მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ა. ნ-ს საქმის წარმოებისას უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები. ა. ნ-თვის შერაცხული ბრალდებიდან გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატა მისი დანაშაულებრივი ქმედება, არ დასტურდება მისი წევრობა ან რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან; იგი იდევნება რელიგიურ (არ არის მუსულმანი) და პოლიტიკურ ნიადაგზე, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; მსგავსი ბრალდებით დაკავებული პირების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციამ და გერმანიის რესპუბლიკის კარლსრუეს უზენაესმა სასამართლომ; მათ არგუმენტებს ამყარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და საქმე, გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და ახალი აქტის გამოცემის მიზნით, დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
19. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნები თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ ის გარემოება, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და ხელშეკრულების მოქმედება, მართავს დისკუსიებს და სულ უფრო ხშირად უჭერს მხარს ადამიანთა სიკვდილით დასჯის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ნ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 2 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. ნ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. უსაფუძვლოა კასატორთა მითითება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ა. ნ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე მისი რელიგიური (არ არის მუსულმანი) აღმსარებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა აღნიშნული გარემოებები.
5. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო შეაჩერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ხელშეკრულებების მოქმედება, რის გამოც არსებობს ა. ნ-ს უფლებების შელახვის საფრთხე და აღნიშნავს, რომ კასატორებს არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენიათ რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ნ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ საერთაშორისო სამართლით დაცული ადამიანის უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს, მით უფრო, რომ საქმის მასალებში მოიპოვება თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ნ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა. გარდა ამისა, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ა. ნ-ს მიმართ განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო გარანტია, რომ ა. ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
6. რაც შეეხება კასატორების განმარტებას, რომ ა. ნ-თვის წარდგენილი ბრალდებიდან გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატება მისი ქმედება და რომ უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ იხილავს ა. ნ-ს ბრალეულობის საკითხს და მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ექსტრადიციას დაქვემდაბერებული პირის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, განაჩენის აღსრულების მიზნით.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა.ნ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ადანის მე–6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი