საქმე №448აპ-16 ქ. თბილისი
შ-ი ვ. 448აპ-16 17 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით ვ. შ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 30 სექტემბრიდან.
2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი CD-დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ვ. შ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოში უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ლ. ა-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 87 ფლაკონი პრეპარატი ,,ტროპიკამიდი“ და ფულადი თანხა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
4. მსჯავრდებულ ვ. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ….., ვ. შ-ი, რომელსაც თან ჰქონდა გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი 0.15853 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის” შემცველი 18 აბი და 6 აბის ნატეხი, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბებიდან 10 აბის, რომელიც შეიცავს 0.080 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს”, გასაღების მიზნით შეხვდა ლ. ა-ს, მაგრამ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალება ლ. ა-ს ვერ გადასცა, რადგან ვ. შ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ხსენებული 0.15853 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 18 აბი და 6 აბის ნატეხი.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებული ვ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. შ-ს გამართლების შესახებ, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. შ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, კერძოდ:
3. მოწმე მ. ს-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-….. განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა გ. ბ-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ….. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ლ. ა-ე, რომელთანაც ,,ოპელის” ფირმის ავტომანქანით უნდა მისულიყო ვ. შ-ი, რომელსაც ლ. ა-თვის უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. თვითონ გავიდა თანამშრომლებთან - ა. გ-სა და დ. მ-თან ერთად. შენიშნეს, რომ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა მოძრაობდა ….. პარკის მიმართულებით. გააჩერეს და წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანას მართავდა ვ. შ-ი, ხოლო ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ ლ. ა-ე და ს., რომლის გვარიც აღარ ახსოვს. აუხსნეს ავტომანქანაში მსხდომ პირებს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ მათი პირადი ჩხრეკა. ვ. შ-ი იტრიალებდა ჯიბეებს, არწმუნებდა მათ, რომ არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონდა. ლ. ა-მ საუბარში ა. გ-ს განუცხადა, რომ პირადად მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ მისთვის ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეცა ვ. შ-ს, რომელსაც ტრუსებში ჰქონდა ეს ნივთიერება და ვერ მოასწრო გადაცემა. ვინაიდან ხსენებულ პირთა პირადი ჩხრეკა დაკავშირებული იყო გაშიშვლებასთან, რაც ვერ ჩატარდებოდა ქუჩაში, გადაწყვიტეს, ჩხრეკა ჩაეტარებინათ პოლიციის განყოფილებაში, რისთვისაც ვ. შ-ი, მისივე თანხმობით, გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, კერძოდ, შს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ….. განყოფილებაში, სადაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ა. გ-ა და დ. მ-ი, ხოლო თვითონ შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი. პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა და ვ. შ-ს საცვლიდან (ტრუსიდან) ამოიღეს პოლიეთილენის პარკში ორ ფუთად მოთავსებული, მთლიანობაში 18 აბი და ასევე ნატეხები, რომლებიც ამოიღო ა. გ-მ და დალუქეს ვ. შ-ს თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ ვ. შ-ი დააკავეს და გადაიყვანეს შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში. პოლიციის ეზოში გაიჩხრიკა ვ. შ-ს ავტომანქანაც, მაგრამ ჩხრეკის შედეგად არაფერი აღმოჩენილა. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ. შ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით - ვ. შ-ს განემარტა უფლებები, იგი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით. ვინაიდან ჩხრეკა დაკავშირებული იყო გაშიშვლებასთან და ქუჩაში ვერ ჩატარდებოდა, ვ. შ-ი დათანხმდა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაზე, პირადი ჩხრეკის ოქმი სრულად გადაუთარგმნა და გააცნო თარჯიმანმა, ასევე გადაეცა ოქმის ასლი. მათ ვ. შ-ს მიმართ ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არც პირადი ჩხრეკისას, არც მანამდე და არც შემდეგ არ განუხორციელებიათ.
4. ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა - ა. გ-მ და დ. მ-მ.
5. მოწმე ა. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ვ. შ-ს პირად ჩხრეკას, რომელიც ჩატარდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელებმა ვ. შ-ს განუმარტეს უფლებები, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ვ. შ-ს საცვლიდან ამოუღეს შეფუთული აბები და აბის ნატეხები, რომლებიც მას ე.წ. ,,სკოჩით” ჰქონდა მიწებებული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული აბები დალუქეს. აღნიშნულის შემდეგ ვ. შ-ი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. ვ. შ-ს მიმართ რაიმე მუქარას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვ. შ-ს მისთვის გასაგებ ….. ენაზე უთარგმნიდა და აცნობდა ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების შინაარსს, ….. ენაზე სრულად უთარგმნა და გააცნო პირადი ჩხრეკის ოქმი.
6. მოწმე - საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ….. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - გ. პ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის ….. განყოფილებაში, როდესაც იგი იყო ოპერატიული მორიგე, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა მიიყვანეს უცნობი პირი, რომელიც აღმოჩნდა ვ. შ-ი. იგი ამ დროს დაკავებული არ ყოფილა და რაიმე იძულება პოლიციელებს მის მიმართ არ განუხორციელებიათ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ვ. შ-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შენობაში იყო სიმშვიდე, ჩხრეკის დროს რაიმე ხმაური, წინააღმდეგობა ან ყვირილი არავის მხრიდან არ ყოფილა.
7. მოწმე ს. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე - ….., სადაც N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს მოძრავი ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ვ. შ-ი, ლ. ა-ე და ს. ლ. ა-მ განაცხადა, რომ ვ. შ-ი ნარკოტიკულ საშუალება ”სუბოტექსს” ინახავდა ტრუსებში და მისთვის უნდა გაეცვალა თვალში ჩასაწვეთებელ პრეპარატ ,,ტროპიკამიდში“, რომელიც ამ უკანასკნელს თან ჰქონდა. თანამშრომლებთან ერთად ლ. ა-ე გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მისივე თანხმობით, სადაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ლ. ა-გან ამოიღეს პრეპარატი ,,ტროპიკამიდი“, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ლ. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად არ აღმოსჩენია.
8. მოწმე ლ. ა-ს ჩვენებით, არის ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის” მომხმარებელი. მუშაობს შპს ”ა-ში” გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. შემთხვევამდე რამდენიმე თვის წინ გაიცნო ….. რესპუბლიკის მოქალაქე ვ. შ-ი, რომელიც მისული იყო მასთან კომპანიაში ავტომანქანის შესაძენად და დაეხმარა ვ. შ-ს რუსთავის ავტობაზრობაზე ავტომანქანის შეძენაში. ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ვ. შ-თან, რომელმაც განუცხადა, რომ შეეძინა მისთვის თვალში ჩასაწვეთებელი წამალი, პრეპარატი ,,ტროპიკამიდი“ და გაუცვლიდა ,,სუბოტექსში“, რაზედაც დასთანხმდა. მოგვიანებით ვ. შ-ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოდიოდა …..რესპუბლიკიდან, 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, იქნებოდა საქართველოში და მისთვის დაეხვედრებინა ,,ტროპიკამიდი“. სულ ვ. შ-ს მისთვის უნდა გადაეცა 10 აბი ,,სუბოტექსი“ და სანაცვლოდ უნდა მიეცა 87 ფლაკონი ,,ტროპიკამიდი“. ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ….., შპს ”ა-ს” ოფისში. ვ. დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და მიაკითხა ….. ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით. მანქანაში ასევე ვ-თან ერთად მძღოლის გვერდითა სავარძელზე იჯდა უცნობი მამაკაცი. თვითონ ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული პრეპარატი ,,ტროპიკამიდი“, ჩაჯდა ავტომანქანაში უკანა სავარძელზე და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც აუხსნეს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათთვის უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის მიზნით. პოლიციელებს უთხრა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა, რადგან მისთვის ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეცა ვ. შ-ს, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, ინახავდა ტრუსებში, მაგრამ გადაცემა ვერ მოასწრო. პირადი ჩხრეკის ჩატარების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა თვითონ, ვ. შ-ი და მასთან ერთად მყოფი პირი გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პარალელურად პირადი ჩხრეკა პოლიციელებმა ასევე ჩაუტარეს ვ.შ-ს და მის თანმხლებ პირს. მოწმემ განაცხადა, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე თვითონვე გამოთქვა წერილობითი თანხმობა და ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს და მისივე თანდასწრებით დალუქეს 87 ფლაკონი მედიკამენტი ,,ტროპიკამიდი“, რომლის გაცვლაც ვ. შ-თვის „სუბოტექსში”ვერ მოასწრო.
9. მოწმე ს. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს ვ. შ-სა და ლ. ა-თან ერთად ასევე იმყოფებოდა ავტომანქანაში, როდესაც ისინი შეაჩერეს პოლიციელებმა …... 2014 წლის 29 სექტემბერს თავისი მეგობრის ავტომანქანით თვითონ და ვ. შ-ი ….. რესპუბლიკიდან წამოვიდნენ და ღამის საათებში შემოვიდნენ საქართველოში ….. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით. თვითონ აპირებდა საქართველოში ავტომანქანის შეძენას, ხოლო ვ. უნდოდა თავისი ავტომანქანისათვის ნაწილების შეძენა. ვ. ტელეფონით დაუკავშირდა თავის ნაცნობ ლ. ა-ს და დაუთქვა შეხვედრის ადგილი ქ. თბილისში. მოგვიანებით შეცვალეს შეხვედრის ადგილი და ამიტომ მივიდნენ ….., სადაც დახვდათ ლ. ა-ე, რომელიც ჩაისვეს მანქანაში უკანა სავარძელზე და განაგრძეს მოძრაობა. ვ. ლ-ს საყვედურობდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყო და რატომ შეაცვლევინა შეხვედრის ადგილი. მოატრიალეს მანქანა და როდესაც მიუახლოვდნენ იმავე ადგილს, სადაც ჩაისვეს ლ., შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და აუხსნეს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათთვის უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის მიზნით. პოლიციელებმა ვერც ერთ მათგანს ვერაფერი აღმოუჩინეს, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ.
10. გარდა ზემოაღნიშნული ჩვენებებისა, მსჯავრდებულ ვ. შ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2014 წლის 30 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2014 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული ლ. ა-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 30 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის N….. დასკვნით, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ს. ც-სა და ლ. რ-ს ჩვენებებით.
11. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. შ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ეპიზოდში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენში არ არის წარმოდგენილი საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
12. ვ. შ-ს ბრალეულობას ამ ეპიზოდში საფუძვლად უდევს მოწმე ლ. ა-ს ჩვენება იმის შესახებ, რომ მან იცოდა, თუ რა სახეობისა და ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა ვ. შ-ს, კერძოდ, ამ უკანასკნელს მისთვის უნდა გადაეცა „ბუპრენორფინის” აბები, რასაც უცვლიდა თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტის - ,,ტროპიკამიდის“ ფლაკონებში; გასაჩივრებული განაჩენით მოწმე ლ. ა-ს ჩვენება სარწმუნოდ იქნა მიჩნეული იმ ფაქტზე მითითებითაც, რომ მას მართლაც თან ჰქონდა და მისგან ამოიღეს 87 ფლაკონი ,,ტროპიკამიდი“.
13. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ვ. შ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს ტრუსებში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები და აბის ნატეხები - მოწმე ლ. ა-ს მიერ მითითებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის” რაოდენობა.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. შ-ს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს”. ის გარემოება, რომ მოწმე ლ. ა-მ იცოდა, თუ რა რაოდენობისა და სახეობის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა ვ. შ-ს, რაც აღმოაჩნდა ამ უკანასკნელს ჩხრეკის შედეგად, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ ნამდვილად უნდა გაეცვალათ ნარკოტიკი ან სხვა გზით უნდა გაესაღებინათ; ასევე უტყუარად არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ შეიძლება მოწმე ლ. ა-ს ამის შესახებ შეეტყო თავად ვ. შ-თან საუბრის დროს.
15. ასევე მნიშვნელოვანია მოწმე ს. ხ-ს ჩვენება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 29 სექტემბერს თავისი მეგობრის ავტომანქანით თვითონ და ვ. შ-ი ….. რესპუბლიკიდან წამოვიდნენ და ღამის საათებში შემოვიდნენ საქართველოში ….. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით. თვითონ აპირებდა საქართველოში ავტომანქანის შეძენას, ხოლო ვ-ს უნდოდა თავისი ავტომანქანისათვის ნაწილების შეძენა. ვ. შ-სა და ლ. ა-ს ერთმანეთთან ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მათ ნარკოტიკებზე არ უსაუბრიათ.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ვ. შ-ი უნდა გამართლდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაში. მას, ბრალის მოცულობის შემცირების გამო, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. მსჯავრდებული ვ. შ-ი გამართლდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაში.
4. მსჯავრდებული ვ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 30 სექტემბრიდან.
5. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი CD-დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ვ. შ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ლ. ა-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 87 ფლაკონი პრეპარატი ,,ტროპიკამიდი“ და ფულადი თანხა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი