Facebook Twitter

¹ას-862-1173-07 19 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ღ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე – ... ფონდი (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

... ფონდმა 2005 წლის 26 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ. ღ-ს იძულებითი წესით გამოსახლება ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ღ-ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2002 წლის 25 აპრილს ... ფონდზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ.თბილისში ... გამზირზე პირველ კომპლექსის მე-3 კორპუსის ¹71-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის უკანონო მფლობელობა და აღეკვეთა მისგან მესაკუთრისათვის ხელშემშლელი მოქმედებები. მოპასუხეს ჩამოერთვა ხსენებული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ღ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ღ-ს სააპელაციო საჩივარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თ. ღ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 300 (სამასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ღ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ. ღ-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 300 (სამასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 124-125).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა თ. ღ-ს და მის წარმომადგენელს თ. ნ-ს (ს.ფ. 126; 128), რაც მის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2007წლის 26 ნოემბერს (ს.ფ 129).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით; მაგრამ თ. ღ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან თ. ღ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.