¹ას-863-1077-08 26 იანვარი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,მ.-ის” დირექტორი მ. ვ-შვილი (მოპსუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ.-ის” დირექტორ მ. ვ-შვილის მიმართ 25120 აშშ დოლარისა და 550 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წელს შპს “მ.-ის” დირექტორმა მ. ვ-შვილმა მ. გ-შვილისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი მოგების 1/3-ის ანაზღაურების პირობით, თუმცა მოპასუხეს რამდენიმე ასეული დოლარის გარდა მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია. აღნიშნულით მ. გ-შვილს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც შპს ,,მ.-ის” დირექტორმა მ. ვ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა აპელანტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 241-ე, 233-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებს საქმის განხილვის დრო კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, თუმცა აპელანტი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს პროცესზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ შპს “მ.-ის” დირექტორი მ. ვ-შვილი 2008 წლის 21 იანვარს, 13 საათიდან იმყოფებოდა სასამართლოში და უშედეგოდ ელოდა სასამართლო სხდომაზე გამოძახებას, რის შემდეგაც შეიტყო, რომ მის სააპელაციო საჩივარზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარემ თავისი ზემოხსენებული მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურა, რისი მოვალეობაც მას ეკისრებოდა. ამდენად, ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ.-ის” დირექტორმა მ. ვ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მითითება, რომ მ.ვ-შვილი 2008 წლის 21 იანვარს, 13 საათიდან იმყოფებოდა სასამართლოში და ელოდა პროცესზე გამოცხადებას. 14.05 საათზე იგი შეეცადა გაერკვია საქმის განხილვის თაობაზე და დარეკა მოსამართლის თანაშემწე ხ.კაკაბაძესთან. მის ნაცვლად, ესაუბრა სასამართლოს თანამშრომელ ჯ. ნ-იანს, რომელმაც განუმარტა, შესულიყო სასამართლო სხდომის მე-7 დარბაზში. აღნიშნულ დარბაზში მიმდინარეობდა საქმის განხილვა და კასატორი დაელოდა მის დასრულებას, რის შემდეგაც გამოცხადდა შესვენება და საქმის განხილვა სხვა მოსამართლემ განაახლა. კასატორი კვლავ მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა და მისგან შეიტყო, რომ საქმის განხილვა 13.30 საათზე დაიწყო და მისი გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აპელანტი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეუქმებინა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში შპს ,,მ.-ის” დირექტორ მ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 2 ივნისის, 14.00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ.-ის” დირექტორ მ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.
დაუსაბუთებელია მ. ვ-შვილის მითითება, რომ იგი სააპელაციო პალატის მიერ დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა საქმე განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო მხოლოდ კასატორის განმარტება საკასაციო პალატის მიერ მ. ვ-შვილის სადავო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,მ.-ის” დირექტორ მ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.