Facebook Twitter

¹ას-864-1220-06 12 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – რ. გ-ი, ნ. ჯ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ტ-ი, მ. ბ-ი, მ. ბ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ქირის გადახდევინება, ელექტროენერგიის ღირებულების გადახდევინება, ბინიდან გამოსახლება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

2003 წლის 18 დეკემბერს ნ. ტ-მა, მ-ე. და მ-ზ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის მიმართ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის, ქირის დაკისრების, დახარჯული ელექტროენერგიის გადახდევინებისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ. მათ მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, ... გამზირის ¹1 კორპუსის ¹59 კოოპერატიული ბინა ვ. ტ-მა 1999 წლის ქირავნობის ხელშეკრულებით მიაქირავა რ. გ-სა და ნ. ჯ-ს, რომლის მიხედვითაც დამქირავებლებს დაევალათ ყოველთვიური ქირის – 50 ლარის გადახდა. 2000 წელს მოხდა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია. ამავე წელს ვ. ტ-მა ზემოაღნიშნული ბინა უანდერძა ნ. ტ-ს, მ-ე. და მ-ზ. ბ-ს.

ვ. ტ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 24 დეკემბერს, ხოლო მემკვიდრეებმა სამკვიდრო ქონება მიიღეს 2002 წლის 16 თებერვალს, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2000 წლის პირველი ოქტომბრიდან მოპასუხეებს არ გადაუხდიათ ბინის ქირა, ასევე გადასახდელი აქვთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხეებისთვის 2000 წლის პირველი ოქტომბრიდან ბინის ქირის, ელექტროენერგიის საფასურის დაკისრება - სულ 3258,44 ლარის ოდენობით და მათი ბინიდან გამოსახლება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის, მ-ე. და მ-ზ. ბ-ების სარჩელი მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს რ. გ-მა და ნ. ჯ-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივნისის განჩინებით რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის, მ. და მ. ბ-ების სარჩელი მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჯ-მ და რ. გ-მა და მოითხოვეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს რ. გ-მა და ნ. ჯ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და აღნიშნეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოში 2005 წლის 12 ივლისს დანიშნულ სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზის გამო, ვინაიდან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები და 12 ივლისს იმყოფებოდნენ ავად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და 2006 წლის 11 ივლისს დაინიშნა სასამართლო სხდომა.

2006 წლის 10 ივლისს ნ. ჯ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, ავადმყოფობის გამო, 2006 წლის 11 ივლისს დანიშნული სხდომის გადადების მოთხოვნით.

2006 წლის 3 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა საჩივარს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ივლისის დასწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს რ. გ-მა და ნ. ჯ-მ. მათ მიუთითეს, რომ ისინი არიან ინვალიდები და ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 12 ივლისს, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ.96). 2006 წლის 16 მაისს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ რ. გ-ი და ნ. ჯ-ი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.104). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს რ. გ-მა და ნ. ჯ-მ და მიუთითეს, რომ პროცესზე ვერ გამოცხადდნენ ავადმყოფობის გამო. მათ წარმოადგინეს ინვალიდობის ცნობა (სფ117-119). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.150).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე სასამართლომ არა ერთხელ გადადო საქმის განხილვა. მართლია, მათ წარმოადგინეს ინვალიდობის ცნობა, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. გ-ი და ნ. ჯ-იE სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. გ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.