¹ას-86-419-09 28 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-შვილი, ა. გ-შვილი და თ. შ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. გ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრა სარჩელი მოპასუხეების დ. გ-შვილის, თ. გ-შვილის, ვ. გ-შვილის და თ. შ-იას მიმართ სასაზღვრო მიჯნის დადგენის შესახებ. მოსარჩელის მითითებით, 1923 წლის 30 ივნისს პაპამ, ი. გ-შვილმა გ. გ-შვილისაგან შეიძინა მიწის ნააკვეთი შენობა-ნაგებობებით, დღევანდელ მისამართზე ... ქ.¹11-ში. მიწის ნაკვეთი შეადგენდა 328 კვ.მ-ს და გამოყოფილ იქნა ... ქ.¹9-დან. 1995 წელს აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელეს დედისაგან გადაეცა საკუთრებაში. მართალია მეზობელ ნაკვეთებს შორის გამმიჯნავი ღობე აღმართული არ ყოფილა, მაგრამ ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 19 მარტს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი შემოფარგლულია მყარი შავი ფერის ხაზით და არავითარი თანასაკუთრება მასში მითითებული არ არის.
მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ტექბიუროს მიერ გაცემული გეგმა-ნახაზის საფუძველზე, მიმართა საჯარო რეესტრს და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს. ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე მოპასუხე ა.გ-შვილმა და თ.შ-იამ წარადგინეს გეგმა, სადაც გაურკვეველი მიზეზის გამო მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები წყვეტილი შავი ფერის ხაზით არის გამიჯნული, აღნიშნული გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, 1923 წლის ხელშეკრულებისა და 2004 წლის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული გეგმის საფუძველზე. შესაძლებელია დადგინწდეს ზუსტი სასაზღვრო მიჯნა ... ¹9 და ¹11 ნაკვეთებს შორის და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მოპასუხეთა უარი იმ საფუძვლით, რომ მათ არ ექნებათ სამანქანო გზა, უსაფუძვლოა.
2006 წლის 18 მაისს მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეთ მითითებულ იქნა თ. გ-შვილი, ა. გ-შვილი, ვ. გ-შვილი და თ. შ-ია, ხოლო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1) აღიარებულ იქნეს ზ.გ-შვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ დადგენილ საზღვრებში მიწის ნაკვეთზე, მდებარე, თბილისი, ... ქ.¹11-სა და ¹9-ს შორის) და 3) აეკრძალოს მოპასუხეებს სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-შვილს, ა. გ-შვილს და თ. შ-იას აეკრძალათ ზ. გ-შვილისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნებულ იქნეს აუცილდებელი სამანქანე გზა თ. შ-იას მიერ მისი ბინით სარგებლობისათვის. იმავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების სასამართლოს მიერ აღიარებისა და სასაზღვრო მიჯნის დადგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ზ.გ-შვილის საკუთრების უფლება უკვე დადგენილი იყო საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო ამ მიწის საზღვრები დადგენილია საკადასტრო რუკით, შესაბამისად მოსარჩელეს არ გააჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი. გადაწყვეტილების სამართლერივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 180-ე მუხლზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ზ.გ-შვილმა და მოითხოვა 27.02.2007 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სამანქანო გზის შენარჩუნების ნაწილში. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე ა.გ-შვილმა, თ.გ-შვილმა და თ.შ-იამ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2007 წლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.02.2007 წლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, რომ ზ. გ-შვილი წარმოადგენს თბილისში, ... ქ.¹11-ში მდებარე 311 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს. საკადასტრო რუკით აღნიშნულია ნაკვეთის საზღვრები.
ზ. გ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ... ქ.¹9-ში მდებარე 323 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს მოპასუხეებისა და სხვა თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა აღმართული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სრულყოფილად არა აქვს დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების დადგენა შესაძლებელი იყო სპეციალური ცოდნის საფუძველზე, ადგილზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებითა და მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნახაზებთან შეჯერებით.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 181-ე მუხლები.
2008 წლის 18 ივნისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტაციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეეები მოითხოვენ.
მითითებული ნორმების თანახმად, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის, ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი თუ იურიდიული დასაბუთებულობა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში, ე.ი. მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. შემოწმების შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაუქმებელია არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელსაც მოითხოვს აპელანტი, არამედ მთლიანად. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო ვერ გააუქმებს გადაწყვეტილებას მთლიანად, ან იმ ნაწილში, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი, რადგან ეს იქნებოდა საუარესოდ შებრუნება, რასაც კრძალავს ზემოთ აღნიშნული ნორმები. საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი არ შეიცვლება მის საზიანოდ.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სასაზღვრო მიჯნის დადგენა და მის აღმართვაში ხელშეშლის აღკვეთა ორ სადავო ნაკვეთებს შორის (ქ.თბილისი, ... ¹11-სა და ¹9-ს შორის) საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თ. გ-შვილს, ა. გ-შვილს და თ. შ-იას აეკრძალათ ზ. გ-შვილისათვის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ხელშეშლა, იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნებულ იქნეს აუცილებელი სამანქანო გზა შ-იას მიერ მისი ბინით სარგებლობისათვის. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა მხოლოდ სამანქანო გზის შენარჩუნების ნაწილში. ზ. გ-შვილს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოტანილ ნაწილში, კერძოდ, მიჯნის აღმართვის ხელშეშლის აკრძალვის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ იმ ნაწილზე რომელიც აპელანტმა გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი თავისი განჩინებით მთლიანად გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 384-ე მუხლების მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 384-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება