ას-86-431-07 21 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,, .. ..”-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს ,, .. ..”-ის სარჩელის გამო მოპასუხე სს ,,ზ...ის” მიმართ, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე. E
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,, .. ..”-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად (ს.ფ. 216-217).
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 27 თებერვალს (ს.ფ. 218-219).
2007 წლის 13 მარტს შპს “ .. ..”-ის დირექტორ პ. ს-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე მოითხოვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით კასატორს შეუმცირდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა, კერძოდ დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 3500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. (ს.ფ. 231-232).
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 1 აპრილს (ს.ფ. 233-234).
2007 წლის 16 აპრილს შპს “ .. ..”-ის დირექტორ პ. ს-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმეორებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე მოითხოვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა, კერძოდ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 3500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 239-240).
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 4 მაისს (ს.ფ. 241-242), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 10 მაისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,, .. ..”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.