Facebook Twitter

ას-865-1175-07 26 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი(თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ 1. ქ. დ-ე

2. სსიპ «ს. ს. ს. სააგენტო»

წარმომადგენელი _ შ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უკანონოდ დარიცხული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 23 თებერვალს სსიპ ს. ს. დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა მ. შ-მა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. დ-სა და სს «ტ-ის» მიმართ და განმარტა, რომ 1985 წლის 13 მაისს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა ქ. დ-ის მეუღლე _ თ. დ-ე, რის გამოც თავად ქ. დ-ესა და მის შვილს დაენიშნათ სარჩო მარჩენალის გარდაცვალების გამო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რომ ქ. დ-ე მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის არ იყო შრომისუუნარო და მას თავისი წილი სარჩო ეკუთვნოდა 1993 წლის წლის 7 ნოემბრამდე, სანამ მისი შვილი 8 წლის გახდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით არ არის დადასტურებული, რომ თ. დ-ე გარდაიცვალა საწარმოო ტრავმის შედეგად, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სს «ტ-ის» 1986 წლის 26 ივნისის ¹190 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ. დ-ის 1993 წლიდან სახელმწიფო სახსრებიდან არასწორად დარიცხული და მიღებული მთელი პერიოდის სარჩოს თანხის მოსარჩელის ფონდის სახაზინო ანგარიშზე აღდგენა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს. დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა აღიარებული მოპასუხე სს «ტ-ის» მიერ მოპასუხე ქ. დ-ვის მარჩენალის გარდაცვალების გამო, ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დარიცხვა 1993 წლის 7 ნოემბრიდან; მოპასუხეებს სს «ტ-სა» და ქ. დ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 1993 წლის 7 ნოემბრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის სსიპ ს. ს. დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახაზინო ანგარიშის სასარგებლოდ ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქ. დ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სს «ტ-ის» მიმართ კი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ქ. დ-ვის სსიპ «ს. ს. დ. ე. ს. ფონდის» სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი, მის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ სს «ტ-ის» 1986 წლის 26 ივნისის ბრძანებით, მარჩენალის გარდაცვალების გამო, ქ. დ-ეს დაენიშნა სარჩო, როგორც 8 წლის ასაკამდე შვილის მომვლელს. 1993 წლის 8 ნოემბრიდან, ვინაიდან მისი შვილი გახდა 8 წლის, ქ. დ-ე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების მომენტისათვის იყო შრომისუნარიანი, სარჩოს მიღების უფლებით აღარ სარგებლობდა, რის გამოც ამ პერიოდიდან სარჩოს მიღება იყო უკანონო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩოს სახით უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხების ანაზღაურების ნაწილში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო კოდექსით, არამედ სპეციალური ნორმით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის «შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» ¹48 ბრძანებულების 61-ე მუხლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რაც გაცემული თანხის დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი შეიძლება გამხდარიყო და ვერ წარმოადგინა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, შესაბამისად, ქ. დ-ვის თანხის დაბრუნების დავალდებულების საფუძველი არ არსებობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს Aგადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა _ შ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს Aგადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. დ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები და თვლის, რომ ს. ს. სააგენტოს წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. დ-ის მეუღლე თ. დ-ე 1985 წლის 13 მაისს გარდაიცვალა საწარმოო ტრავმის შედეგად. იმ დროს ქ. დ-ე იყო ორსულად. ბავშვის დაბადების შემდეგ «ს-ის» ადმინისტრაციის მიერ ქ. დ-ეს ბავშვის მოვლისათვის _ 8 წლის ასაკამდე დაენიშნა სარჩო, როგორც უმუშევარს. დადგენილია, რომ ქ. დ-ე სარჩოს მაინც იღებდა ბავშვის 8 წლის შესრულების შემდეგ.

ასევე დადგენილია ქ. დ-ეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაუდგინდა ინვალიდობის ხარისხი. სასამართლომ არ გაიზიარა ქ. დ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეუღლის გარდაცვალების მომენტისათვის იყო შრომისუუნარო და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის თარიღად ჩათვალა შემოწმებისათვის საჭირო საბუთების სამედიცინო სოცექსპერტიზის ბიუროში შეტანის დღე. ამდენად, სასამართლომ ქ. დ-ე მეუღლის გარდაცვალების მომენტისათვის მიიჩნია შრომისუნარიანად და, შესაბამისად, ამ პერიოდიდან მის მიერ სარჩოს მიღება უკანონოდ.

რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების 35-ე პუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმად ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებიან გარდაცვლილის კმაყოფაზე ან მისი გარდაცვალების დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან მიეღოთ სარჩო.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება ქ. დ-ის 1993 წლიდან სარჩოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების 35-ე პუნქტის პირველი წინადადება და არ გამოიყენა ამავე პუნქტის ბოლო წინადადება.

აღნიშნული წესების 63-ე პუნქტის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, მე-40 პუნქტებისა.

მითითებული ნორმების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესებს მიეცა უკუქცევითი ძალა, გარდა ზემოთ აღნიშნული პუნქტებისა.

აღნიშნული წესების 35-ე პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებიან გარდაცვლილის კმაყოფაზე ან მისი გარდაცვალების დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან მიეღოთ სარჩო, შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, აგრეთვე ერთ-ერთი მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, თუ ის არსად მუშაობს და ეწევა გარდაცვლილის შვილების, ძმების, დების ან შვილიშვილების აღზრდას 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პირები, რომელთა შესანახად გარდაცვლილი იხდიდა ან ვალდებული იყო გადაეხადა ალიმენტი.

შრომისუუნაროებად ითვლებიან: არასრულწლოვანი პირები 18 წლის ასაკამდე (სტუდენტები სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 23 წლის ასაკისა) ან უფრო მეტი ხნის, თუ ისინი დაინვალიდნენ 18 წლის ასაკამდე, 65 წელს გადაცილებული მამაკაცები და 60 წელს გადაცილებული ქალები. გარდაცვლილის მეუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გარდაცვლილის მეუღლე ყველა შემთხვევაში სარგებლობს ზიანის ანაზღაურების უფლებით, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი, ანუ შრომისუნარიანია თუ არა იგი. ამასთან, დადგენილია, რომ ქ. დ-ე მეუღლის გარდაცვალების დროს იყო ორსულად, არ მუშაობდა და იმყოფებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე, შემდგომ ზრდიდა გარდაცვლილის შვილს, ხოლო ინვალიდობა დაუდგინდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. დ-ე უფლებამოსილია, ისარგებლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის გარდაცვალების მომენტისათვის იყო თუ არა შრომისუუნარო, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება სსიპ _ «ს. ს. ს. სააგენტოს» საკასაციო საჩივარს, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესების 61-ე პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე, ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე. კასატორი ვერ მიუთითებს გარემოებებზე, რაც გაცემული თანხის დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. შესაბამისად, მას არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რის გამოც ქ. დ-ვის თანხის დაბრუნების დავალდებულების საფუძველი არ არსებობდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სსიპ «ს. ს. ს. სააგენტოს» წარმომადგენლის _ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

სსიპ «ს. ს. ს. სააგენტოს» სასარჩელო მოთხოვნა ქ. დ-ვის 1993 წლის 7 ნოემბრიდან ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.