Facebook Twitter

ას-867-1223-06 5 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი – გ.სუპატაშვილი

კასატორი _ ქ. ი. ო-ი ომ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მა. მ. ო-ი ო-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ დავალიანების გადახდა, უძრავი ნივთის მფლობელობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ი. ო-ი ომ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მა. მ. ო-ი ოს-ის მიმართ დავალიანების _ 3144 ლარის გადახდისა და 1,5 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მარნეულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივლისის დადგენილებით მოპასუხეს 10 წლით იჯარით გამოეყო 65 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შედგებოდა 15 ჰა ვენახისა და 50 ჰა საძოვრისაგან. მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად უვლიდა ვენახის ნაწილს _ 1,5 ჰა ნაკვეთს, რისთვისაც მოსარჩელე იხდიდა გადასახადს. მხარეთა შორის ზეპირი შეთანმხებისამებრ, 2004 წელს ქ.ომ-მა მითითებული გადასახადი გადაიხადა უ. ა-ის სახელით. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, მოპასუხე იღებდა ვაზის მოჭრილ ტოტებს, მოთიბულ თივასა და 50 კგ ყურძენს, ხოლო ხელფასს _ წელიწადში 524 ლარს, მ.ოსმანოვი 6 წლის მანძილზე არ უნაზღაურებდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა. ამდენად, მოპასუხეს მისთვის იჯარით გამოყოფილი მიწის ნაწილი მოსარჩელისათვის ქვეიჯარით არ გადაუცია. უსაფუძვლოა ქ.ომ-ის მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან მხარეებს რაიმე სახის სამუშაოს შესრულებაზე არც წერილობით და არც ზეპირად ხელშეკრულება არ დაუდიათ.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ. ომ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ.ოს-ის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.ოსმანოვისათვის ქ.ომ-ის სასარგებლოდ 3144 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელისათვის იჯარით მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ქ. ომ-ს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში მითითებული განჩინება არ გაუსაჩივრებია, რის შედეგადაც იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ.ოს-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ქ.ომ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივლისის ¹8/24 დადგენილებით მოპასუხე მა. მ. ო-ი ოს-ს 10 წლის ვადით იჯარით გამოეყო 65 ჰა მიწის ნაკვეთი, საიდანაც 15 ჰა ვენახია, ხოლო 50 ჰა ბუნებრივი საძოვარი “...” მიწებიდან. ამავე გამგეობის 2003 წლის 26 ივნისის ¹7/12 და 7/13 დადგენილებებით მა. მ. ო-ი ოს-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი იჯარით გადაეცა სხვა პირებს. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მხარეებს შორის არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ ქ.ომ-მა თავისი მოთხოვნის _ სახელფასო დავალიანების სახით 3144 ლარის ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ თავის ოჯახთან ერთად გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან, ისინი 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოპასუხის მიერ შექმნილ კოლექტივში და უვლიდნენ ვენახს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, ქ.ომ-ს ეკისრებოდა თავისი მოთხოვნის სათანადოდ დადასტურების ვალდებულება, რაც მან ვერ შეძლო. სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დაეკისრებოდა რაიმე ვალდებულების შესრულება, რის გამოც ქ.ომ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის და 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებები ქ.ომ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის საიჯარო მიწის ნაკვეთზე მუშაობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია მარნეულის რაიონის სოფელ ... საკრებულოს ¹456 2005 წლის 15 ივნისის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ კასატორი 1999 წლიდან მუშაობდა სადავო ნაკვეთში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ კასატორი ვენახის დამუშავების სანაცვლოდ იღებდა არა თანხას, არამედ მოსავლის ნაწილს. სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, ვინაიდან დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ოს-მა ყურძნის დასამუშავებლად საიჯარო ნაკვეთში აიყვანა 10 წევრი, მათ შორის, ქ. ომ-ი თავის ოჯახთან ერთად, რომელსაც გამოეყო 1,5 ჰა ვენახი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა 3144 ლარი. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სადავო მიწის ნაკვეთის ქ.ომ-სათვის გადაცემა პალატამ მიზანშეუწონლად ჩათვალა, რადგან, ქ. ოს-ის გამოუცხადებლობის გამო, ქვეიჯარაზე მეიჯარის თანხმობა არ არსებობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს არ გამოუყენებია სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი, რომლის თანახმად კასატორი, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობისასაც კი, ითვლებოდა ქვემოიჯარედ. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კასატორის უფლებები, ვინაიდან პროცესზე თავისი ახსნა-განმარტების დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცა და სხდომაზე მოიწვია მხოლოდ რუსული ენის თარჯიმანი, როდესაც ქ. ომ-ი ფლობს მხოლოდ აზერბაიჯანულ ენას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მ.ოსმანოვის მიერ სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მარნეულის რაიონის სოფელ ... საავადმყოფოს 2006 წლის 10 აპრილის ცნობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს არ წარმოადგენს. მხარის ავადმყოფობა უნდა აღნიშნულიყო საავადმყოფოს ბლანკზე, რომელსაც ხელს მოაწერდნენ საავადმყოფოს მკურნალი და მთავარი ექიმები, რაც არ განხორციელებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ი. ო-ი ომ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მა. მ. ო-ი ოს-ის საჩივრის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა რა ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემეობა, კერძოდ, მა. ოს-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული განჩინება არ მოიცავს მითითებას მტკიცებულებაზე, რომელზედაც სასამართლომ თავისი მოსაზრება სასამართლო სხდომაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტის არსებობის შესახებ დააყრდნო.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, ხოლო ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომ დაკარგა ინტერესი სასამართლოში მიმდინარე დავისადმი, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უეჭველად გამოირიცხება მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობის შესაძლებლობა. ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოებაც, რომ მხარეს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ამ მიზეზის თაობაზე არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, უნდა შეამოწმოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება და იმსჯელოს მ.ოსმანოვის საჩივრის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ი. ო-ი ომ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრისა და 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებები და საქმე ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მა. მ. ო-ი ოს-ის საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.