¹ას-868-1178-07 21 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი(თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ... ფონდის სამართალმემკვიდრე საქართველოს ... სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 23 თებერვალს სსიპ ... ფონდის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ე. ი-სა და სს “ტ...ს” მიმართ და განმარტა, რომ 2002 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა ე. ი-ს მეუღლე _ რ. ი-ი. სს “ტ...ს” ბრძანებით ე. ი-ს მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 2003 წლის 5 მაისიდან. მოსარჩელის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რ. ი-ს გარდაცვალების მოწმობის სათანადოდ დადასტურებული ასლი, ასევე არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ გარდაცვალება საწარმოო ტრავმის შედეგად მოხდა, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით, სარჩოს დანიშვნის შესახებ სს “ტ...ს” 2003 წლის 5 მაისის ¹97 ბრძანება და მოპასუხეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორად დარიცხული და მიღებული მთელი პერიოდის სარჩოს თანხის მოსარჩელის ფონდის სახაზინო ანგარიშზე აღდგენის დაკისრება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ ... ფონდის შ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი მოპასუხე სს “ტ...ს” 2003 წლის 5 მაისის ¹97 ბრძანება ე. ი-სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნის შესახებ, მოპასუხეებს სს “ტ...სა” და ე. ი-ს სოლიდარულად დაეკისრათ ამ ბრძანებით უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის ანაზღაურება სსიპ ... ფონდის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ი-მა და სს “ტ...ს” ადმინისტრაციამ. აპელანტებმა თავიანთი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით სს “ტ...ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ი-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ... სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ე. ი-სა და სს “ტ...ს” მიმართ მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნაზე სს “ტ...ს” 2003 წლის 5 მაისის ¹97 ბრძანების ბათილად ცნობასა და სარჩოს სახით დარიცხული და მიღებული თანხების დაბრუნებაზე, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 1968 წლის 2 ოქტომბერს საწარმოო ტრავმა მიიღო ე. ი-ს მეუღლე რ. ი-მა, რის გამოც სს “ტ...ს” მიერ ჯანმრთელობის დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად, ხოლო 2002 წლის 28 აგვისტოს რ. ი-ს გარდაცვალების გამო, სს “ტ...ს” 2003 წლის 5 მაისის ბრძანებით მის მეუღლეს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ რ. ი-ს გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რ. ი-მა მაღაროში მუშაობისას მიიღო დაზიანება, რამაც გამოიწვია შემდგომში მისი გარდაცვალება გულის სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ტ...ს” 2003 წლის 5 მაისის ბრძანება მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის თაობაზე კანონიერია, ვინაიდან ე. ი-ს მეუღლე საწარმოო ტრავმის შედეგად დაზიანდა და გარდაიცვალა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარჩენალის გარდაცვალების მომენტისათვის ე. ი-ი შრომისუნარიანი იყო, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ე. ი-ს 1973 წლის 10 დეკემბრიდან დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა მუდმივად და, გარდა ამისა, დადგენილია, რომ ე. ი-ი მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის იყო 70 წლის, რაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის “შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” ¹48 ბრძანებულების 35-ე მუხლის შესაბამისად, მას ანიჭებს უფლებამოსილებას მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს მიღებისა მისი ასაკისა და შრომისუუნარობის საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს Aგანჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა _ შ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.