ას-868-1224-07 8 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები:
1. გ. ხ-ი (მოპასუხე)
2. თ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
კასატორი გ. ხ-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
კასატორი თ. ა-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გ. ხ-ს ოჯახის წევრების გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ა-მა 2005 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ხ-ს მიმართ და მოითხოვა გ. ხ-ს და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ქ.ბათუმში, ... ქ. ¹59-ში საცხოვრებელი სახლის მანსარდში მდებარე ¹9 შემოქმედებითი სახელოსნოდან. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹... გადაწყვეტილებით ... ქ. ¹59-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდში ¹9 სახელოსნო შემოქმედებითი საქმიანობისთვის გამოეყო როგორც არქიტექტორთა კავშირის წევრს. ხსენებული შემოქმედებითი სახელოსნო 2004 წლის 13 ნოემბერს პრივატიზაციის გზით გადავიდა მის საკუთრებაში, რასაც ადასტურებს 2004 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკუთრების დამადასტურებელი ტექნიკური პასპორტი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹59 საცხოვრებელ სახლში მდებარე ¹9 სახელოსნო დაკავებული აქვს გ. ხ-ს თავის ოჯახის წევრებთან ერთად და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა იგი ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ფართს, რათა მოსარჩელემ განახორციელოს სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; გ. ხ-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹59 საცხოვრებელი სახლის მანსარდში (მე-7 სართულზე) არსებულ ¹9 შემოქმედებითი სახელოსნოდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს თ. ა-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. ხ-ი გამოსახლდა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹59-ში მდებარე ბინიდან. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ა-ი სადავო ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹59-ში, მესაკუთრეა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით, მას ფლობს და განაგებს მოპასუხე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემული საქმის განხილვა არ არის შეუძლებელი. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უდავოა, რომ შეგებებული სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა, არსებული სასამართლო პრაქტიკით დაუშვებელია ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სარჩელთა ერთად განხილვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული. სააპელაციო სასამართლომ სამოქალქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ თ. ა-ს როგორც მესაკუთრეს კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის მუხლებით ანიჭებს უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთარ ნივთს, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გ. ხ-ს ოჯახის წევრები გამოსახლდნენ სადავო ფართიდან, როგორც გადაწყვეტილების უკანონო ნაწილი უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად სარჩელში ზუსტად უნდა იყოს მითითებული ყველა მოპასუხის სახელი, გვარი და მისამართი. გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანების უფლება-მოვალეობებს ადგენს და არა ადამიანთა კრებითი ჯგუფისას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ხ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამათლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისას დაშვებულია უხეში პროცესუალური შეცდომები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. კასატორის მითითებით, მან სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაყალბებისა და გამოყენების ფაქტზე. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია ეს გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 179-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად. კასატორის მოსაზრებით, თუ დადასტურდება, რომ თ. ა-მა საკუთრების უფლება ყალბი დოკუმენტის საფუძველზე შეიძინა, მას უქარწყლდება საკუთრების უფლებაც. კასატორმა მიუთითა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების სიყალბე ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი მცდარია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი. კასატორის მითითებით, ასევე არასწორია სასამართლოს უარი მათი შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ზეპირად ან საოქმო განჩინებით ეთქვა უარი შეგებებული სარჩელის მიღებაზე, მას ამ შემთხვევაში უნდა გამოეტანა მოტივირებული განჩინება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ შეცდომაზე. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მათ მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმთავითვე გამორიცხავს პირრველი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არ აკმაყოფილებდა მათ მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მოთხოვნებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე თ. ა-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გ. ხ-ს ოჯახის წევრების გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ი და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებული იქნება სადავო ბინიდან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი. კასატორის მითითებით, არც გ. ხ-ი და არც მისი ოჯახის წევრები სადავო ფართში არ ცხოვრობენ და მხოლოდ დაკეტილ მდგომარეობაში აქვთ მფლობელობაში. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელი გახდა მოეპოვებინა გ.ხ-ს ოჯახის წევრების სახელები, გვარები და მისამართები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მართალია თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები და მიიჩნია, რომ ეს ფართი მის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ ეს მუხლები არ გამოიყენა გ.ხ-ს ოჯახის წევრების მიმართ, რითაც დაარღვია კანონი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო ფართი მას უნდა ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით თ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ა-სა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ა-სა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს თ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს, ხოლო კასატორ გ. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის 70%, რაც 350 (სამას ორმოცდაათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული თ. ა-ს საკასაციო საჩივარი;
კასატორ თ. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი;
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი;
კასატორ გ. ხ-ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.