ას-869-1155-09 28 სექტემბერი, 2009 წ.
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, თანასაკუთრებიდან წილის ნატურით გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ვ-ძის მიმართ მოპასუხის მიერ უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობის მოშლისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვით თანასაკუთრებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის გამოყოფის მოთხოვნით.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს სადაც თ.ვ-ძესთან ერთად მოპასუხედ ასევე მიუთითა თ. კ-ძე და თემურ ქოქოლაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოშლილ იქნა ქ.ბათუმში, ... ქ¹36-ში თ. ვ-ძის მიერ 2005 წლის 28 ნოემბრის ¹173/05 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული დამთავრებული და დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობანი, ხოლო საზიარო საკუთრების გაუქმებისა და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად რეალური წილის გამოყოფის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. კ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია სააპელაციო საჩივარი, შესაგებელი, სასამართლო უწყება და არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება. კერძო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების მიზნით, თ.კ-ძემ წარმოადგინა შპს “სკს-ს”კურიერის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ავტორს შეტყობინება არ გაგზავნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში თ.კ-ძე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას, როგორც მხარეს, არ ეცნობა საქმის სასამართლოში განხილვის დროის, ასევე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, კერძოდ, არ გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი, სასამართლო უწყება, აღნიშნული კი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი აყალიბებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპის _ დისპოზიციურობის პრინციპის ცნებას. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის სასამართლო წესით განხილვა, ასევე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრება წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას და ამ უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია მხარის ნებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა თ. კ-ძის წარმომადგენელ სულხან ვ-ძის ბებიას (ტ.II, ს.ფ.150). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება განიხილება მხარისათვის ჩაბარებად და იგი საკმარისი საფუძველია ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად დადგენილი ვადის ასათვლელად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს და აღნიშნული ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა მხარის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული გარემოება განიხილება მოდავე მხარისათვის ჩაბარებად, შესაბამისად, თ.კ-ძეს, როგორც სარჩელზე მოპასუხე მხარეს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობა არ წართმევია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ძეს როგორც მოდავე სუბიექტს, მხარისათვის მინიჭებული უფლების სასამართლო წესით დაცვისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა სასამართლოს მხრიდან არ დარღვევია.
სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ რწმუნებულების თანახმად რომლითაც თ.კ-ძე ს.ვ-ძეს სხვა უფლებებთან ერთად ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, მოქმედების ვადად მითითებულია 2011 წლის 11 აპრილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრისა თუ სასამართლო უწყების ჩაუბარებლობა, აგრეთვე სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის შეუტყობინებლობა წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს, რადგანაც საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ვ-ძემ, სადაც მოწინააღმდეგე მხარედ მიუთითა მხოლოდ მ. კ-ძე (ტ.II, ს.ფ.152). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ დავაში თ. კ-ძე ჩართულ იქნა თანამოპასუხედ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თანასაკუთრებადინ რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით მხოლოდ ერთმა მოპასუხემ _ თ.ვ-ძემ გაასაჩივრა, ხოლო თ.კ-ძეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე არ უდავია.
დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს ასევე, რომ დავის აღძვრისა თუ გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების უფლების მხარისათვის მინიჭებასთან ერთად, კანონმდებელი მასვე აკისრებს მოპასუხისა თუ მოწინააღმდეგე მხარის დასახელების ვალდებულებას, კერძოდ, მხარემ თვითონვე უნდა განსაზღვროს, თუ ვის მიმართ იქნეს მიმართული მისი მოთხოვნა და ვინ უნდა აგოს პასუხი სადავო საგანთან მიმართებით.
ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლო, მითითებული პრინციპიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით დავაში ჩართოს მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარე გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (სავალდებულო თანამონაწილეობა და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა თ. ვ-ძემ თ. კ-ძე არ მიიჩნია თავისი სააპელაციო საჩივრით წარდგენილი მოთხოვნის მოპასუხედ და, შესაბამისად, ვინაიდან თ.კ-ძე სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული მხარედ, სასამართლო თავისი ინიციატივით არ იქნებოდა უფლებამოსილი მის მხარედ ჩაბმასა და სააპელაციო საჩივრისა თუ სასამართლო უწყების გაგზავნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ძის კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 396-ე, 185-ე, 284-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.