ას-870-1084-08 10 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
კასატორები _ გ. ვ-ძე, წარმომადგენელი გ. გ-ძე (მოპასუხე ძირითად სარჩელსა და მესამე პირების სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი), ნ. თ-ძე, დ. ჯ-ძე, ზ. და მ. ვ-ძეები, წარმომადგენლები გ. გ-ძე, გ. კ-შვილი (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
კასატორი _ მ. ვ-ძე, წარმომადგენელი ჟ. ჯ-ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელსა და მესამე პირების სარჩელში)
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ ნოტარიუსი ნ. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 23 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ვ-ძემ მოპასუხე გ. ვ-ძის, მესამე პირების _ ნოტარიუს ნ. ს-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, აგრეთვე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილზე ნ. ვ-ძის მემკვიდრედ და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობა (ტომი I, ს.ფ. 2).
მოპასუხე გ. ვ-ძემ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელის ავტორმა საბოლოოდ მოითხოვა ნ. ვ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა მ. ვ-ძეზე ქ. ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის გადაცემის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 17, 25, 97-107).
2007 წლის 6 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართეს მესამე პირებმა _ დ. ჯ-ძემ, ნ. თ-ძემ, მ. და ზ. ვ-ძეებმა მოპასუხეების _ გ. ვ-ძის, მ. ვ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნოტარიუს ნ. ს-ძის მიმართ. მესამე პირებმა მოითხოვეს: მ. ვ-ძისათვის ქ. ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გადაცემის ნაწილში ნ. ვ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, ნოტარიუს ნ. ს-ძის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა და ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით მათი, როგორც მ. ვ-ძის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეების საკუთრებაში აღრიცხვა ( ტომი I, ს.ფ. 43).
ზემოაღნიშნული სარჩელებიდან, შეგებებული სარჩელიდან და მათზე თანდართული მასალებიდან ირკვევა შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 აპრილის ცნობით ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილი ირიცხებოდა მ. ვ-ძის საკუთრებად (ტომი I, ს.ფ. 7).
მ. ვ-ძე, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული იყო მეორე მსოფლიო ომში, 1941 წლის სექტემბრიდან ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად (ტომი I, ს.ფ. 20-21).
2005 წლის 8 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით ნ. ვ-ძემ (მ. ვ-ძის ვაჟი) თავისი ქონება უანდერძა ძმისშვილს _ მ. ვ-ძეს (ტომი I, ს.ფ. 5).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ვ-ძის განცხადების საფუძველზე დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძე დაიღუპა დიდ სამამულო ომში 1941 წლის სექტემბერში (ტომი I, ს.ფ. 20-21). აღნიშნული დროისათვის მ. ვ-ძეს ჰყავდა მეუღლე _ მ. ვ-ძე (გარდაიცვალა 1994 წელს) და ხუთი შვილი: ნ. (ფ.) ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ თ-ძე), დ. (ე.) ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ ჯ-ძე), მ. (ხ.) ვ-ძე, ნ. (ქ.) ვ-ძე და ზ. ვ-ძე, ხოლო მეექვსე შვილი _ გ. ვ-ძე დაიბადა 1941 წლის დეკემბერში (ტომი I, ს.ფ. 28).
2007 წლის 2 აპრილს გ. ვ-ძემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა 1941 წელს გარდაცვლილი მამის _ მ. ვ-ძის სამკვიდრო ქონებაზე, კერძოდ, ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის 2007 წლის 2 აპრილის დადგენილებით გ. ვ-ძეს უარი ეთქვა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც მ. ვ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეს, გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადა (ტომი I, ს.ფ. 26).
მოგვიანებით, გ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მამის _ მ. ვ-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღების შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგენილად ჩაითვალა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ გ. ვ-ძეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე მ. ვ-ძის (მამის) დანაშთი ქონება (ტომი I, ს.ფ. 89-91).
2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა, როგორც მ. ვ-ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილი (ტომი I, ს.ფ. 10-11), რის შემდგომაც მითითებული სახლთმფლობელობა საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე (ტომი II, ს.ფ. 8).
2007 წლის 18 ივლისს მ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების (რომლითაც დადგენილად ჩაითვალა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გ. ვ-ძის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე) ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მ. ვ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 76-78).
2007 წლის 14 აგვისტოს მ. ვ-ძემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა 2006 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი ბიძის _ ნ. ვ-ძის სამკვიდრო ქონებაზე, კერძოდ, ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ამ უკანასკნელის 2005 წლის 8 დეკემბრის ანდერძის საფუძველზე. ნოტარიუსის 2007 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით მ. ვ-ძეს უარი ეთქვა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. უარის თქმის მოტივად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია უძრავ ქონებაზე ნ. ვ-ძის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 71).
მ. ვ-ძე 2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნას აფუძნებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე. დასახელებულმა განჩინებამ გააუქმა ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გ. ვ-ძის მიერ მამის _ მ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ. რამდენადაც 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება გ. ვ-ძეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველს წარმოადგენდა, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი ბათილად ცნობა სადავო სამკვიდრო მოწმობის და შესაბამისად, მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას იწვევდა.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილის, როგორც თავისი ბიძის _ ნ. ვ-ძის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, იგი ეფუძნებოდა ნ. ვ-ძის მიერ 2005 წლის 8 დეკემბერს შედგენილ ანდერძს, რომლითაც ამ უკანასკნელმა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი სწორედ მას უანდერძა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დრო 1941 წლის სექტემბრიდან (მ. ვ-ძის გარდაცვალების დრო) და არა 2007 წლის 7 მარტიდან (მ. ვ-ძის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე) უნდა ათვლილიყო. მოანდერძე ნ. ვ-ძეს მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა, რასაც საბინაო წიგნის ჩანაწერები ადასტურებდა. ამდენად, მან მოსარჩელეს უანდერძა ის ქონება, რომელიც სიცოცხლეში მიღებული ჰქონდა კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით, რის შესაბამისადაც აღნიშნული ქონება მოანდერძის სამკვიდრო მასაში შედიოდა.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა (დ. ჯ-ძე, ნ. თ-ძე, მ. და ზ. ვ-ძეები) მიიჩნიეს, რომ ნ. ვ-ძეს გარდაცვალებამდე მამის _ მ. ვ-ძის სამკვიდრო არ მიუღია, რამდენადაც სამკვიდროს გახსნის დღედ უნდა მიჩნეულიყო მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე _ 2007 წლის 7 მარტი, რა დროსაც ნ. ვ-ძე გარდაცვლილი იყო (იგი გარდაიცვალა 2006 წლის ოქტომბერში). აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მ. ვ-ძის ქონება ნ. ვ-ძის სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, რაც მ. ვ-ძეზე ქ. ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის გადაცემის ნაწილში ანდერძის ბათილად ცნობას განაპირობებდა.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები მათი სარჩელის მოთხოვნებს იმით ასაბუთებდნენ, რომ მ. და გ. ვ-ძეების მსგავსად ისინიც მ. ვ-ძის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს ნ. ს-ძის მიერ 2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე ბათუმში, ... ქ.¹22-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი; ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნა მ. ვ-ძე; გ. ვ-ძის შეგებებული სარჩელი, ასევე მესამე პირების _ დ. ჯ-ძის, ნ. თ-ძის, ზ. და მ. ვ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისი გარდაცვალების დღედ აღიარებული დროიდან _ 1941 წლის სექტემბრიდან და არა გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან _ 2007 წლის 7 მარტიდან. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 1320-ე და 22-ე მუხლებიდან, რომელთა მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. ასეთ შემთხვევაში პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. სასამართლოს შეუძლია პირის გარდაცვალების დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე. კონკრეტულ შემთხვევაში მ. ვ-ძის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას ამ უკანასკნელის სავარაუდო დაღუპვის დროის შესახებ, რომელიც სადავოდ არავის გაუხდია. იმავე პერიოდზე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილი მ. ვ-ძის გარდაცვალების მოწმობაც. იგივეს ადასტურებდა თავად გ. ვ-ძე, როდესაც სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტისა და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შესახებ მის განცხადებებს იხილავდა. ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, საკმარის საფუძველს იძლეოდა იმისათვის, რომ მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროის ათვლა სწორედ 1941 წლის სექტემბრიდან დაწყებულიყო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მას შემდგომ, რაც მ. ვ-ძის განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება გ. ვ-ძის მიერ მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის შესახებ და სამკვიდროს მიღების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ გ. ვ-ძის განცხადება დარჩა განუხილველი, ამ უკანასკნელს განემარტა სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა. მართალია, გ. ვ-ძემ მ. ვ-ძის სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ ყოფილა მ. ვ-ძის მემკვიდრედ ცნობა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გ. ვ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, რამდენადაც დასახელებულმა გადაწყვეტილებამ გააუქმა სამკვიდრო მოწმობის საფუძველი _ ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გ. ვ-ძის მიერ მამის _ მ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების _ სადავო პერიოდში მოქმედი საბინაო წიგნის ჩანაწერების, თავად მოპასუხისა და მესამე პირების განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ვ-ძემ სრულწლოვანების მიღწევისთანავე ფაქტობრივი ფლობის შედეგად მიიღო მამის მემკვიდრეობა, კერძოდ, ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სადავო სახლთმფლობელობა. მესამე პირების მიერ მ. ვ-ძის სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა. რაც შეეხებოდა გ. ვ-ძის მიერ სამკვიდროს მიღებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: თავად გ. ვ-ძის განცხადებას, რომლითაც იგი ითხოვდა სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას. დასახელებული განცხადების მეორე გვერდზე გ. ვ-ძე მიუთითებდა, რომ 1978 წლიდან ცხოვრობდა ბათუმში, ... ქ.¹22-ში; 2007 წლის 23 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე გ. ვ-ძის განმარტებას, რომ მისი ძმის _ ნ. ვ-ძის მსგავსად 1961 წლიდან წლიდან ფაქტობრივად ფლობდა მამის ქონებას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, გ. ვ-ძის მიერ მამის სამკვიდროს მიღება 1961 წლიდანაც რომ დადგენილიყო, აღნიშნული სამკვიდროს ექვსთვიან ვადაში დაუფლებად ვერ ჩაითვლებოდა, რამდენადაც მოცემული დროისათვის გ. ვ-ძე ცხრამეტი-ოცი წლის იყო, რაც თავისთავად ასაბუთებდა, რომ თვრამეტი წლის შესრულებიდან ექვსთვიან ვადაში იგი არ დაუფლებია მამის სამკვიდროს.
იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილად ჩაითვალა მ. ვ-ძის სამკვიდრო ქონების ნ. ვ-ძის მიერ მიღების ფაქტი, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონება ამ უკანასკნელის სამკვიდრო მასაში უნდა შესულიყო. აღნიშნული თავისთავად გამორიცხავდა გ. ვ-ძისა და მესამე პირების მოთხოვნის _ ნ. ვ-ძის ანდერძის ბათილობის _ დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქმეზე დგინდებოდა, რომ ნ. ვ-ძე გარდაიცვალა 2006 წლის ოქტომბერში. ამ უკანასკნელის ანდერძის თანახმად სადავო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მ. ვ-ძე, რომელიც იყო ნ. ვ-ძის თანმყოფი მემკვიდრე (ნ. ვ-ძის გარდაცვალებამდე და მის შემდეგ მოანდერძის ნების შესაბამისად ოჯახით ცხოვრობდა მოანდერძის მფლობელობაში არსებულ სახლში _ ბათუმში, ... ქ.¹22-ში).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია როგორც სადავო ქონების ნ. ვ-ძის სამკვიდრო მასაში არსებობის, ასევე მ. ვ-ძის მიერ მითითებული ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რის შესაბამისადაც სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 109-114).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროდ 1941 წლის სექტემბრის მიჩნევის თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 22-ე და 1320-ე მუხლებიდან არ გამომდინარეობდა. დასახელებულ ნორმებში გარდაცვალების დღე გ.სხმობდა წელს, თვესა და რიცხვს, ხოლო ერთ-ერთი მონაცემის არარსებობისას გარდაცვალების დღე დადგენილად ვერ ჩაითვლებოდა. პირის გარდაცვალების დღის კონკრეტული თარიღის დაუდგენლობა სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა, როდესაც კანონმდებელი გარდაცვალების დღედ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღეზე მიუთითებდა. ზემომითითებული ნორმების შინაარსი სრულიად ცხადყოფდა იმ გარემოებას, რომ პირის გარდაცვალების დროის დადგენისას არსებითი იყო გარდაცვალების სავარაუდო დღის და არა დროის სხვა მონაკვეთის (წელიწადის, თვის) განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით მ. ვ-ძის გარდაცვალების დროდ დადგინდა 1941 წლის სექტემბერი, თუმცა, ბუნებრივია, რომ წელიწადი და თვე გარდაცვალების კონკრეტულ დღედ ვერ ჩაითვლებოდა. შესაბამისად, მ. ვ-ძის გარდაცვალების დღედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე უნდა მიჩნეულიყო.
აპელანტის მოსაზრებით, თუკი საქალაქო სასამართლო მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროის ათვლას 2007 წლის 7 მარტიდან (მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე) დაიწყებდა, იგი სწორ დასკვნამდე მივიდოდა. 2006 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ნ. ვ-ძე მოსარჩელეს მამის სამკვიდრო ქონებას (ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლს) ვერ გადასცემდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული დროისათვის მ. ვ-ძის სამკვიდრო გახსნილი არ იყო. შესაბამისად, ნ. ვ-ძის მიერ ზემომითითებული ქონების ანდერძით მ. ვ-ძისათვის გადაცემა სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევდა.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მ. ვ-ძეს, როგორც ნ. ვ-ძის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით დაუკანონდა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობა, მაშინ როცა მ. ვ-ძეს ამ სახლთმფლობელობის მხოლოდ 6/14 ნაწილი ეკუთვნოდა.
აპელანტის მოსაზრებით, მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დღედ 1941 წლის მიჩნევის შემთხვევაშიც სამკვიდრო მიღებულად უნდა ჩათვლილიყო როგორც ნ. ვ-ძის, ისე მამკვიდრებლის დანარჩენი შვილების მიერ. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობდა იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ 1941 წლის მდგომარეობით მ. ვ-ძის სამკვიდროს შეადგენდა როგორც ბათუმში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ისე ...-ში არსებული კომლის ქონება. პირველი ინტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...-ში არსებულ კომლში საცხოვრებლად დარჩა ზ. ვ-ძე, კომლიდან დაქორწინდნენ მ. ვ-ძის ქალიშვილები, ხოლო ნ. ვ-ძე საცხოვრებლად ბათუმში მდებარე სადავო სახლში გადავიდა. აღნიშნული ვითარება ასაბუთებდა მოპასუხისა და მესამე პირების მიერ მ. ვ-ძის სამკვიდროს მიღების ფაქტს.
აპელანტმა არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ გ. ვ-ძეს სამკვიდროს მიღების შესახებ სარჩელი არ აღუძრავს. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 11 ივნისის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში გ. ვ-ძე სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, ამ დროისათვის ძალაში იყო. ამასთან, სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გ. ვ-ძის მიერ მ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ, ავტომატურად არ გამოუწვევია ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.
გ. ვ-ძე ასევე მიუთითებდა, რომ მას, როგორც მ. ვ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეს, მამის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა. ამასთან, აპელანტს თავისი ძმისშვილის _ მ. ვ-ძისათვის ხელი არ შეუშლია, ეცხოვრა მ. ვ-ძის (ბაბუის) კუთვნილ სახლში, თუმცა იმ დროისათვის ვერ წარმოიდგენდა, რომ ნ. ვ-ძე მოსარჩელეს მამკვიდრებლის მთელ ქონებას უანდერძებდა, რითაც სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს გარეშე დარჩებოდნენ (ტომი I, ს.ფ. 126-136).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ დ. ჯ-ძემ, ნ. თ-ძემ, ზ. და მ. ვ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტებმა არასწორად მიიჩნიეს საქალაქო სასამართლოს დასკვნა მათ მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვებასთან მიმართებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითეს, რომ მ. ვ-ძე მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში, სადაც ასევე გააჩნდა საცხოვრებელი სახლი. 1941 წლის სექტემბერში მ. ვ-ძე გაიწვიეს სამამულო ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა. მისი გარდაცვალების შესახებ რაიმე შეტყობინება ოჯახს არ მიუღია. შესაბამისად, მ. ვ-ძის სახელზე რიცხულ მთელ ქონებას, როგორც ბათუმში, ასევე ...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინებს დაეუფლენ მისი ოჯახის წევრები _ მეუღლე და შვილები.
აპელანტებმა ასევე არ გაიზიარეს საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისი გარდაცვალების დროიდან _ 1941 წლის სექტემბრიდან და არა გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან _ 2007 წლის 7 მარტიდან. ისინი აღნიშნულ მოსაზრებას იმით ასაბუთებდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დადგენილა მ. ვ-ძის გარდაცვალების კონკრეტული დღე, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებდნენ სამოქალაქო კოდექსის 22-ე, 1320-ე მუხლებზე.
აპელანტთა მოსაზრებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ ნ. ვ-ძე გარდაცვალებამდე მ. ვ-ძის სამკვიდროს არ დაუფლებია, რამდენადაც იგი 2006 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ხოლო მ. ვ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო 2007 წლის 7 მარტიდან (მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე) გაიხსნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ვ-ძის მიერ შედგენილი ანდერძი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 137-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ძის, ზ. ვ-ძის, მ. ვ-ძის, დ. ჯ-ძისა და ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ვ-ძის სარჩელი, გ. ვ-ძის შეგებებული სარჩელი, ზ. ვ-ძის, მ. ვ-ძის, დ. ჯ-ძისა და ნ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა აღიარებული 2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლზე გ. ვ-ძის საკუთრების შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა აღიარებული ნ. ვ-ძის ანდერძი მ. ვ-ძისათვის ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის მემკვიდრეობით გადაცემის ნაწილში; გ. ვ-ძე, ზ. ვ-ძე, მ. ვ-ძე, დ. ჯ-ძე, ნ. თ-ძე და მ. ვ-ძე აღიარებულ იქნენ ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის 6/14 ნაწილის 1/6-ის მესაკუთრეებად (თითოეული), დადგინდა საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილი 1936 წლის 21 დეკემბრის შემდეგ წარმოადგენდა მ. ვ-ძის საკუთრებას.
მ. ვ-ძეს ასევე ეკუთვნოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა მეუღლესთან _ მ. ვ-ძესთან და შვილებთან ერთად.
1941 წელს მ. ვ-ძე გაწვეულ იქნა მეორე მსფლიო ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძე გარდაიცვალა 1941 წლის სექტემბერში.
მ. ვ-ძის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე _ მ. ვ-ძე და შვილები: ნ. ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ თ-ძე), დ. ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ ჯ-ძე), მ. ვ-ძე, ნ. ვ-ძე, ზ. ვ-ძე და გ. ვ-ძე.
მ. ვ-ძეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა შემდეგი მემკვიდრეები: ნ. ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ თ-ძე), დ. ვ-ძე (დაქორწინების შემდგომ _ ჯ-ძე), მ. ვ-ძე, ნ. ვ-ძე, ზ. ვ-ძე და გ. ვ-ძე.
2006 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა ნ. ვ-ძე, რომელმაც თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა მ. ვ-ძეს.
სააპელაციო სასამართლომ მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროის დასადგენად მნიშვნელოვნად მიიჩნია იმის გარკვევა, თუ რა სამართლებრივი საშუალებით მოხდა სასამართლოს მიერ მისი გარდაცვალების დღის განსაზღვრა. აღნიშნული საგ.სხმო იყო იმ თვალსაზრისით, რომ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა პირის გარდაცვალების თარიღის შესახებ და პირის გარდაცვლილად გამოცხადება სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა. უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სასამართლო ადასტურებდა უკვე არსებულ ფაქტს, ე.ი. სასამართლო ადგენდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს მხოლოდ მაშინ, როცა ეს ფაქტი ბუნებაში უკვე არსებობდა. გარდაცვლილად გამოცხადებისას კი სასამართლო არ ადასტურებდა პირის გარდაცვალებას. ასეთ დროს, სამოქალაქო-სამართლებრივი წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო ვარაუდობდა პირის გარდაცვალებას და აცხადებდა მას სამართლებრივად და არა ფაქტობრივად გარდაცვლილად. სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელზეც აპელანტები აპელირებდნენ, მიუთითებდა, რომ პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნეოდა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ვ-ძის გარდაცვალების თარიღის შესახებ მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი დადგინდა და იგი გარდაცვლილად არ გამოცხადებულა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაშიც, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, მისი გარდაცვალების თარიღად მაინც 1941 წლის სექტემბრის ბოლო დღე ჩაითვლებოდა.
რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძე გარდაიცვალა 1941 წლის სექტემბერში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დღედ 1941 წლის 1 ოქტომბერი მიიჩნია.
საქმეზე დასტურდებოდა, რომ მ. ვ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეები ცხოვრობდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ანუ ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ მ. ვ-ძის სამკვიდროს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო არ გახსნილა, რამდენადაც აღნიშნული სახლი კომლის საკუთრებას წარმოადგენდა.
მართალია, საქმეში არსებული საარქივო ცნობის თანახმად, მ. ვ-ძის ოჯახი აღრიცხული იყო საკომლო წიგნში, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი კომლის ქონებაზე სამკვიდროს გახსნას კომლის ბოლო წევრის გარდაცვალებას უკავშირებდა, მაგრამ, საააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით დადგენილი მემკვიდრეობის წესი შეეხებოდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის საფუძველზე შექმნილ კომლებს, რომელთა საკუთრებაშიც იყო ე.წ. საკომლო მეურნეობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 1941 წელს მ. ვ-ძის ოჯახი საკომლო მეურნეობის მესაკუთრე ვერ იქნებოდა, რადგან საკომლო მეურნეობის სამართლებრივი ცნება შემოღებულ იქნა 1996 წლის 22 მარტს. 1941 წელს მ. ვ-ძის ოჯახი შეიძლებოდა ყოფილიყო საკოლმეურნეო კომლი ან ე.წ. საბჭოთა მეურნეობაში შემავალი ოჯახი, თუმცა საარქივო ცნობიდან აღნიშნული არ ირკვეოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აპელანტებმა, ასევე ნ. ვ-ძემ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, ანუ მ. ვ-ძის სამკვიდროს ნაწილის მიღებით მიიღეს მ. ვ-ძის სამკვიდრო მთლიანად და ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით გახდნენ მისი მესაკუთრეები. შესაბამისად, თითოეული აპელანტი ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის 6/14 ნაწილის 1/6-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა. ამდენივე წილი ეკუთვნოდა ნ. ვ-ძესაც.
რამდენადაც ნ. ვ-ძის სამკვიდროში არ შედიოდა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი, იგი უფლებამოსილი იყო, ანდერძით განეკარგა მხოლოდ თავისი კუთვნილი წილი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების სრულად განკარგვის ნაწილში ანდერძი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 127-137; 138-140).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ვ-ძემ, დ. ჯ-ძემ, ნ. თ-ძემ, ზ. და მ. ვ-ძეებმა მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, ახალი გადაწყვეტილებით ნ. ვ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა და ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე მ. ვ-ძის დანაშთ ქონებაზე (სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილი) მემკვიდრეებად აღიარება.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 22-ე, 1320-ე მუხლების არასწორმა განმარტებამ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, საქმის არასწორი გადაწყვეტა გამოიწვია. იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ვ-ძის გარდაცვალების კონკრეტულ დღეზე არ მიუთითებდა, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, ასეთად სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე უნდა მიჩნეულიყო. დასახელებული ნორმის გამოუყენებლობა სააპელაციო სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ სასამართლოს მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადება კი არ მოუხდენია, არამედ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი დაადგინა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კასატორებმა არ გაიზიარეს და განმარტეს, რომ პირის გარდაცვლილად გამოცხადება სწორედ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის (უდავო წარმოება) გზით ხდება, ხოლო განსხვავებულ წესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კასატორებმა ასევე არ გაიზიარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის განმარტება. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში არ არის მითითებული კონკრეტული დრო (წელი, თვე და რიცხვი) და ვადა განსაზღვრულია მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთით, მაგალითად, დღეებით, კვირეებით, თვეებითა და წლებით. მოცემულ შემთხვევაში კანონის სპეციალური ნორმა ცალსახად ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პირის გარდაცვალების სავარაუდო დღის მიუთითებლობის შემთხვევაში გარდაცვალების დღედ ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
კასატორებმა კანონის არასწორ განმარტებას დაუკავშირეს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ძე გარდაცვლილადაც რომ გამოცხადებულიყო, მისი გარდაცვალების დღედ, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მაინც სექტემბრის ბოლო დღე ჩაითვლებოდა.
კასატორთა მითითებით, ნ. ვ-ძის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილობასთან მიმართებით მათი ძირითადი არგუმენტია ის, რომ ნ. ვ-ძის გარდაცვალების დროისათვის _ 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, არ არსებობდა მ. ვ-ძის გარდაცვალების მოწმობა, ან მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მითითებული დროისათვის არ იყო დამდგარი იურიდიული ფაქტი, რასაც კანონი სამკვიდროს გახსნას უკავშირებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მისი ანდერძი მამის სამკვიდრო ქონების განკარგვის თაობაზე ნამდვილად ვერ ჩაითვლება. საგ.სხმოა ისიც, რომ მოანდერძეს (ნ. ვ-ძე) სამკვიდრო ქონება თავის სახელზე აღრიცხული არ ჰქონია, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
კასატორებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამკვიდრო ქონება უდავოდ მამკვიდრებლის კუთვნილებაში უნდა ყოფილიყო, რასაც ნ. ვ-ძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ტომი II, ს.ფ. 152-158).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის, შეგებებული სარჩელისა და მესამე პირთა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მ. ვ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელისა და მესამე პირთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
საქმეში არსებული საკომლო წიგნის ჩანაწერებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მ. ვ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა. დასახელებული ჩანაწერებიდან საცხოვრებელი სახლის მ. ვ-ძის საკუთრებაში არსებობა არ დგინდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მ. ვ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ მითითებული სახლი მ. ვ-ძის სამკვიდროში ვერ შევიდოდა და მასზე 1941 წელს მემკვიდრეობა ვერ გაიხსნებოდა. აღნიშნულის საწინააღმედგო მტკიცებულება არც გ. ვ-ძეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
მ. ვ-ძის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ნ. ვ-ძე ჯერ კიდევ სრულწლოვანების მიღწევამდე ცხოვრობდა მამის (მ. ვ-ძის) საკუთრებაში არსებულ, ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლში. აღნიშნულ გარემოებას თავად მოწინააღმდეგე მხარეებიც ადასტურებდნენ, რის გამოც სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ნ. ვ-ძის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლება.
მ. ვ-ძე მიუთითებს საკასაციო საჩივარზე თანდართულ საკომლო წიგნების ასლებზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ვ-ძე წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლის უფროსს 1940-1942 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით. შემდგომი წლების საკომლო წიგნებში იგი, როგორც კომლის წევრი, მოხსენიებული არ არის და კომლის უფროსად გვევლინება მისი მეუღლე _ მ. ვ-ძე. კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ დღეისათვის საკოლმეურნეო კომლის ცნება არ არსებობს, არ ნიშნავს, რომ მოცემულ დავაზე სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი არ უნდა გავრცელდეს. ამასთან, აღნიშნული არც იმას გ.სხმობს, რომ მ. ვ-ძე მიჩნეულ უნდა იქნეს 1941 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემებით საკოლმეურნეო კომლის რაიმე ქონების მესაკუთრედ და ეს ქონება სამკვიდრო მასაში შევიდეს. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისევე როგორც ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა, კომლის ქონებაზე სამკვიდროს გახსნას კომლის ბოლო წევრის გარდაცვალებას უკავშირებს.
1986-2000 წლების საკომლო ჩანაწერებში მ. ვ-ძე 1994 წელს გარდაცვალების გამო გადახაზულია, ოჯახის უფროსად ამ დროიდან მიწერილია მერაბ ვ-ძე, ხოლო კომლის წევრებად _ მ. ვ-ძე და ზ. ვ-ძე.
2008 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა მ. ვ-ძეს მიმართვის პასუხად აცნობა, რომ ყოფილი ტექბიუროსა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე ქონებაზე მ. ვ-ძე მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოსათვის წარმოდგენა განპირობებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით საკოლმეურნეო კომლის წევრის ქონება მიიჩნია სამკვიდრო ქონებად, მაშინ როცა სხვა კომლის წევრები წლების განმავლობაში ირიცხებოდნენ ამ კომლში.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გ. ვ-ძე შეგებებული სარჩელით მხოლოდ ანდერძის ბათილად ცნობას ითხოვდა, მას მოთხოვნა მ. ვ-ძის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არაუფლებამოსილი იყო გ. ვ-ძე სადავო სახლი (6/14 ნაწილი) 1/6-ის მესაკუთრედ ეღიარებინა. სააპელაციო სასამართლომ ამით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, კერძოდ, მხარეს მიეკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია (ტომი II, ს.ფ. 170-171; 204-214).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ვ-ძის, ნ. თ-ძის, დ. ჯ-ძის, ზ. ვ-ძის, მ. ვ-ძის, მ. ვ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია:
მამკვიდრებელი მ. ვ-ძე ცხოვრობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მეუღლესთან _ მ. ვ-ძესთან და შვილებთან ერთად;
მ. ვ-ძეს 1936 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილი;
1941 წელს მ. ვ-ძე გაწვეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა;
მ. ვ-ძეს დარჩა მეუღლე _ მ. ვ-ძე და შვილები _ ნ. ვ-ძე, დ. ვ-ძე, მ. ვ-ძე, ნ. ვ-ძე, ზ. ვ-ძე და გ. ვ-ძე;
მ. ვ-ძე გარდაიცვალა 1994 წელს;
2006 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა ნ. ვ-ძე, რომელმაც მთელი თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა ძმისშვილს _ მ. ვ-ძეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძე გარდაიცვალა 1941 წლის სექტემბერში;
2007 წლის 11 ივნისს გ. ვ-ძის სახელზე გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/14 ნაწილზე და იგი ამ ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სწორად გამოიყენა მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების _ გ. ვ-ძის, ნ. თ-ძის, დ. ჯ-ძის, ზ. და მ. ვ-ძეების მსჯელობას, რომ მ. ვ-ძის სამკვიდროს გახსნის დროდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე _ 2007 წლის 7 მარტი უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოქალაქო კანონმდებლობა სამკვიდროს გახსნას უკავშირებს ისეთი იურიდიული ფაქტების დადგომას, როგორიცაა მამკვიდრებლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განხილვის საგანს წარმოადგენდა არა მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადება, არამედ მისი გარდაცვალების თარიღის დადგენა და ასეთად 1941 წლის სექტემბერი იქნა მიჩნეული. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის საფუძველს არ წარმოადგენს პირის გარდაცვლილად გამოცხადება. ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის 1941 წლის სექტემბრის კონკრეტული რიცხვი, როდესაც მ. ვ-ძე გარდაიცვალა, ვერ იქონიებს გავლენას საქმის შედეგზე, რამდენად მოცემულ შემთხვევაში ასეთი კონკრეტული თარიღის არსებობა სამკვიდროს გახსნასთან მიმართებით საქმისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. ვ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაშიც, სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სამკვიდროს გახსნის დროდ მაინც 1941 წლის სექტემბერი ჩაითვლებოდა, რამდენადაც კანონის მითითებული ნორმა უშვებს გამონაკლისს და საომარი მოქმედებების გამო დაღუპვისას სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, პირის გარდაცვალების დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.
მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტა ასევე უკავშირდება სამკვიდროს გახსნის დროისათვის გ. ვ-ძის, ნ. თ-ძის, დ. ჯ-ძის, ზ. და მ. ვ-ძეების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას, რასაც სადავოდ ხდის კასატორი მ. ვ-ძე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო ფონდში დაცულ საკომლო წიგნის ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც 1940-1944 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში არსებულ მ. ვ-ძის კომლში ირიცხებოდნენ: მეუღლე _ მ. ვ-ძე და შვილები: ნ. ვ-ძე, დ. ვ-ძე, მ. ვ-ძე, ნ. ვ-ძე, ზ. ვ-ძე და გ. ვ-ძე (ტომი I, ს.ფ. 28). ამდენად, მ. ვ-ძის გარდაცვალების დროისათვის, 1941 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კასატორები _ გ. ვ-ძე, ნ. თ-ძე, დ. ჯ-ძე, ზ. და მ. ვ-ძეები ირიცხებოდნენ ...-ში არსებულ მ. ვ-ძის კომლში. სადავო ქონება _ ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 6/14 ნაწილი წარმოადგენდა კომლის გარეთ არსებული მ. ვ-ძის საკუთრებას. სადავო არ არის, რომ მ. ვ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას ...-ში, მის კომლში და დაუფლებული იყო მ. ვ-ძის წილსაც კომლში. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქმეზე სადავოა არა კომლში მემკვიდრეობის გახსნა და, შესაბამისად, გამოირიცხება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის გამოყენება, არამედ, სადავოა კომლის გარეთ არსებულ ქონებაზე მემკვიდრეობა. ასევე სადავო არ არის, რომ ბათუმში მდებარე სახლი მ. ვ-ძის დაღუპვის შემდეგ დარჩა მისი ოჯახის არაპირდაპირ მფლობელობაში, ხოლო გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ამ სახლში გადავიდნენ მისი შვილები. კასატორ მ. ვ-ძეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ბათუმის სახლი მ. ვ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის არაპირდაპირ მფლობელობაში არ დარჩენილა და ამის თაობაზე არც დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს საფუძველი, გამორიცხოს სადავო სამკვიდრო ქონების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ვ-ძემ მამის სამკვიდრო ქონება _ ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 6/14 ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო არა მთლიანად, არამედ მხოლოდ თავისი სამკვიდრო წილის ფარგლებში. შესაბამისად, მის მიერ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სრულად (დანარჩენ მემკვიდრეთა წილის გათვალისწინებით) განკარგვა, კერძოდ, ანდერძით მ. ვ-ძისათვის გადაცემა, არამართლზომიერია. ასევე არამართლზომიერია სამკვიდრო მოწმობით ქ. ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სახლის გ. ვ-ძისათვის სრულად მიკუთვნება, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ისევე როგორც ნ. ვ-ძე, წარმოადგენდა არა მთელი ქონების, არამედ მხოლოდ შესაბამისი სამკვიდრო წილის მესაკუთრეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ მ. ვ-ძის მსჯელობას, რომ გ. ვ-ძის ნაწილში სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მიაკუთვნა სადავო ქონების 1/6 ნაწილი, მაშინ როდესაც მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ მას სარჩელი არ ჰქონია. გ. ვ-ძის შეგებებული სარჩელი მოთხოვნას წარმოადგენდა ნ. ვ-ძის ანდერძის ბათილად ცნობა, იგი ვერ აღძრავდა მიკუთვნებით სარჩელს, რამდენადაც სადავო ქონება ისედაც მის საკუთრებაში ირიცხებოდა როგორც მემკვიდრეობით მიღებული და ამ მიმართებით სადავო არაფერი ჰქონდა. ის, რომ გ. ვ-ძე ითხოვდა ნ. ვ-ძის ანდერძის ბათილად ცნობას, თავისთავად ნიშნავს, რომ ამით იგი ითხოვდა სადავო ქონების მის საკუთრებაში შენარჩუნებას, სააპელაციო სასამართლომ კი მას დაუტოვა მხოლოდ ამ ქონების 1/6-ზე საკუთრების უფლება, ხოლო ქონების დანარჩენი ნაწილის თანამესაკუთრეებად სხვა მხარეები ცნო, რაც არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლების გადაცილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე სწორად არის გადაწყვეტილი და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ვ-ძის, ნ. თ-ძის, დ. ჯ-ძის, ზ. ვ-ძის, მ. ვ-ძის, მ. ვ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.