Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-87-367-08 1 აგვისტო, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი:

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (მოპასუხე); დ. კ-იძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი:

1. დ. ფ-აძე,

2. ვ. გ-აძე

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 თებერვალს დ. კ-იძის წარმომადგენელმა ვ. გ-აძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ დ. კ-იძე აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში 14 წელი მუშაობდა. 2004 წლის 31 ოქტომბერს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, დ. კ-იძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ბრძანება ბათილად ცნო და დ. კონცელიძე აღადგინა აჭარის ა/რ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მარკეტინგის სამსახურში მენეჯერის ტოლფასს თანამდებობაზე. დეპარტამენტმა გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღასრულა და დ. კ-იძე, შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, მარკეტინგის სამსახურში რეკლამების კოორდინატორად იქნა მიღებული. 2006 წლის 4 თებერვალს თანამშრომლებს ეცნობათ შესაძლო რეორგანიზაციის, ასევე სტრუქტურული ცვლილებების გამო მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. 2006 წლის 26 დეკემბერს დეპარტამენტის სტრუქტურა შეიცვალა, გაუქმდა საფინანსო-საბუღალტრო სამსახური, მაგრამ დაემატა ბუღალტერია და მარკეტინგის სამსახური, რომელსაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც რეკლამების კოორდინატორს. შტატების შემცირება რეალურად არ მომხდარა, რადგან დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 3 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით ისევ 45 საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული. 2007 წლის 10 იანვარს დ. კ-იძეს რეკლამების კოორდინატორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება ჩაბარდა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ბრძანება უკანონო იყო, რადგანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მიხედვით, მოხელე შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლონ დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, კონკრეტულ შემთხვევაში კი შტატების შემცირება არ განხორციელებულა, დეპარტამენტში იმავე რაოდენობის საშტატო ერთეული დარჩა და ცალკე შეიქმნა მარკეტინგის სამსახური, რომელიც იმავე ფუნცქციას ასრულებს, რასაც რეკლამების კოორდინატორი საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში. ამასთან, დურსუნ კონეცლიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მარკეტინგის სამსახურის უფროსად დანიშვნა შეეძლო მოეთხოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა დ. კ-იძის გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, მისი მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და თანამდებობაზე აღდგენამდე ხელფასის, თვეში 700 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დ. კ-იძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თაჯმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ¹34 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, დ. კ-იძე აღდგენილ იქნა მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ამასთან, მოპასუხეს დ. კ-იძის განთავისუფლების მომენტიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ დეპარტამენტში რეალურად, არ განხორციელებულა შტატების შემცირება და, შესაბამისად, მოხელის განთავისუფლების “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დ. ფ-აძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე მუხლები, რადგანაც შტატების შემცირება არა მხოლოდ საშტატო ერთეულთა რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, არამედ გარკვეული თანამდებობის გაუქმებასაც. დეპარტამენტში კი აღარ არსებობდა რეკლამების კოორდინატორის თანამდებობა. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა მის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ. კ-იძე მთავარი სპეციალისტი იყო, მისი თანამდებობრივი სარგო კი 380 ლარს შეადგენდა და აღადგინა მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომლის სარგო 700 ლარია, შესაბამისად, სასამართლომ დ. კ-იძე უფრო მაღალ, რეკლამების კოორდინატორისაგან სრულიად განსახვავებული ფუნქციების მქონე თანამდებობაზე აღადგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით, დ. კ-იძის წარმომადგენელ ვ. გ-აძის კერძო საჩივარი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ დ. ფ-აძის სააპელაციო საჩივარი, განსჯადობით იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დ. ფ-აძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, იმავე პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დ. კ-იძის მოთხოვნა მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთი თვის ხელფასის - 550 ლარის ანაზღაურება დაევალა. დ. კ-იძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით არასწორად განიხილა, რადგანაც დ. კ-იძე საჯარო მოხელე არ იყო და არც მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაზე საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები უნდა გავრცელებულიყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, პირველმა ინსტანციამ “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 96-ე, 97-ე და 122-ე მუხლები გამოიყენა და არ გამოიყენა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულის უპირობოდ განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს, ხოლო სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა და პირობები აღნიშნული კოდექსით გათვალისწინებული არაა. სასამართლომ არ გაიზიარა დ. კ-იძის წარმომადგენელ ვ. გ-აძის მითითება იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება დეპარტამენტმა არ აღასრულა და განმარტა, ვინაიდან დ. კ-იძე აღდგენილ იქნა რეკლამების კოორდინატორის თანამდებობაზე, ხოლო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილების ამგვარი აღსრულება სადავოდ გახადა, წარმოდგენილი არ ყოფილა, სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დ. კ-იძეს უფლება ჰქონდა, აპელანტისაგან ერთი თვის შრომის ანაზღაურება მიეღო. მისი ხელფასი კი თვეში 550 ლარს შეადგენდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

დ. კ-იძის წარმომადგენელმა ვ. გ-აძემ თავის საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმის განხილვა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით განხორციელდა, რადგანაც დავა არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა. კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენდა და, შესაბამისად, დეპარტამენტში დასაქმებულ პირებზე ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. ამასთან, აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებულ “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო თანამდებობათა რეესტრში” შეტანილია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებათა საჯარო თანამდებობები, მათ შორის - მთავარი სპეციალისტი, დ. კ-იძე კი, სწორედ მთავარი სპეციალისტი იყო, რასაც აპელანტიც ადასტურებდა, შესაბამისად, დ. კ-იძე საჯარო მოხელეს წარმოადგენდა და სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას შრომის კოდექსი არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ეწინააღმდგებოდა როგორც კანონმდებლობას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოპასუხე ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, ასევე, უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ დ. კ-იძის თანამდებობა საჯარო სამსახურს არ მიეკუთვნებოდა, რასაც შედეგად კანონის არასწორი გამოყენება მოჰყვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება მოითხოვა.

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დ. ფ-აძემ თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ დ. კ-იძე თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა და, ამავე კანონის 109-ე მუხლის თანახმად, მიეცა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დეპარტამენტს დ. კ-იძისათვის ერთი თვის ხელფასის – 550 ლარის გადახდა არასწორად დააკისრა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები დაარღვია. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2008 წლის 8 მაისის განჩინებებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ დ. ფ-აძისა და დ. კ-იძის საკასაციო საჩივრები არსებითად განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ დ. კ-იძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-იძე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამანეტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში რეკლამების კოორდინატორის თანამდებობაზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ¹ 34 ბრძანებით, დ. კ-იძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დ. კ-იძე საჯარო მოხელე არ იყო, ხოლო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამანერტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ მოპასუხე ორგანიზაცია იწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარატამენტად.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურად ითვლება საქმიანობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაა და მასში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება, ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ დ. კ-იძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ვერ გავრცელდებოდა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი – დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. თუ პირის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები, ამგვარი დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს.

განსახილველ შემთხვევაში, დ. კ-იძის რეკლამების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლად მიღება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 26-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად, ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომლითაც განისაზღვრა შრომის ანაზღაურების საკითხი. მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ასევე ბრძანების საფუძველზე მოხდა, ამასთან, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება გათავისუფლების საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლებს ასახელებს, ამდენად, შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ დ. კ-იძესა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კოდექსიდან გამომდინარეობდა, მართალია “საჯარო სამახურის შესახებ” კანონიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე გარკვეული მოცულობით შრომის კანონმდებლობა ვრცელდება, მაგრამ აღნიშნული მათ საჯარო მოხელის სტატუსს არ უკარგავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო დაწესებულებიდან საჯარო მოხელის დათხოვნას და შესაბამისად, გასაჩივრებულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, ამდენად, აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ დ. კ-იძის წარმომადგენელ ვ. გ-აძის მტკიცებას, რომ მოცემული დავა არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა და თვლის, რომ საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა დაუბრუნდეს.

რაც შეეხება აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დ. კ-იძეს სამსახურიდან დათხოვნისას კომპენსაციის სახით მიეცა ორი თვის შრომის ანაზღაურება, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელხლა განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უნდა გამოიკვლიოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-იძის წარმომადგენელ ვ. გ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ დ. ფ-აძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.