საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №504პ-16 ქ. თბილისი
ტ-ი ნ. 504აპ-16 20 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორ ეკა ჭაავასა და ბრალდებულ გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. ა-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 1 აპრილიდან და აყვანილ იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 17 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და გ. ა-ს მიმართ შეფარდებული, 6000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მოქალაქე თ. ა-ს (პირადი #.....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების ნაკვეთის (საკადასტრო კოდი …..) იმ წილს, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.
ნ. ტ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 9 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ნ. ტ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი