ბს-1010-596(კ-05) 1 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 31 იანვარს სასაზღვრო რაზმმა «ახალციხემ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ც. შ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998წ. 12 იანვარს, ორმხრივი აქტის საფუძველზე, ჩაიბარეს რუსეთის ფედერაციის დაჯგუფება «გრუზიას» ... სასაზღვრო რაზმის დახურული სამხედრო ქალაქი (¹129 ბინით). აღნიშნულ სამსახურებრივ სამხედრო ქალაქში ცხოვრების უფლება ჰქონდათ მხოლოდ სასაზღვრო რაზმ «ახალციხეში» მოსამსახურე ოფიცრებსა და ზემდეგებს ოჯახებთან ერთად.
მოსარჩელის განმარტებით, ... სამხედრო ქალაქის ¹2 კორპუსში ბინა ¹... დაკავებული ჰქონდა მოქალაქე ც. შ-ს, რომელიც სასაზღვრო რაზმ «ახალციხეში» არ მსახურობდა და აღნიშნულ ბინას ფლობდა უკანონოდ.
მოსარჩელის მითითებით, საბინაო კომისიის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტების კრებულისა და მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით, ასევე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის «დახურული სამხედრო ქალაქების შესახებ» ¹310 ბრძანების შესაბამისად, ც. შ-ი წერილობით რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული დაკავებული ბინის გამოთავისუფლების შესახებ, მაგრამ მას ბინა არ დაუცლია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ც. შ-ის ... სასაზღვრო რახმის დახურული ... ქალაქის ¹2 კორპუსის ბინა ¹...-დან გამოსახლებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სასაზღვრო რაზმ «ახალციხის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასაზღვრო რაზმმა «ახალციხემ».
აპელანტი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო განცხადებას და მოითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასაზღვრო რაზმ «ახალციხის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ც. შ-ი გამოსახლებულ იქნა ... სამხედრო ქალაქის ¹2 კორპუსის ბინა ¹...-დან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით ც. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ც. შ-ის ბინიდან გამოსახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო რაზმ «ახალციხის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება; სასაზღვრო რაზმ «...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ც. შ-ი გამოსახლებულ იქნა სასაზღვრო რაზმ «...» დახურული სამხედრო ქალაქის, ... მდებარე ¹2 კორპუსის ბინა ¹...-დან.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად, «ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წარმოუდგენს დასაბუთებულ პრეტენზიას», საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ ც. შ-ი სამხედრო მოსამსახურე არ იყო და იგი რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული სადავო ბინის გათავისუფლების თაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. შ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების შეწყვეტას მოსარჩელის არასათანადობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით ც. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვრის დაცვის ¹2 რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა ც. შ-ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ სადავო ბინაში შეჭრის დამადასტურებელი ფაქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილი რუსეთის სამხედრო ნაწილის მიერ ქართული მხარისათვის გადაცემული სიის შესაბამისად, ც. შ-ის ოჯახი სამხედრო ბინაში უკნონოდ შეჭრილთა შორის მოხსენიებული არ რის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პირები და მათი ოჯახის წევრები შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სამხედრო ქალაქებში მათ მიერ დაკავებული ბინიდან მხოლოდ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინის გადაცემის შემთხვევაში.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს დადგენილების მე-17 მუხლის შესაბამისად, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა ათიწ. სამსახურის ვადის გავლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემდეგ ქურდაძეს, რომელმაც 21 წელიწადი იმსახურა რუსულ და შემდგომ ქართულ ჯარში, უფლება ჰქონდა მოეხდინა სადავო ბინის პრივატიზაცია და შესაბამისად, მეუღლის _ ც. შ-ისა და ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ სარჩელი უსაფუძვლოა, მით უფრო, დადგენილია, რომ ც. შ-ს სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაჯგუფება ... სამხედრო ნაწილის 1999წ. 12 იანვრის მიღება-ჩაბრების აქტის თანახმად, დეპარტამენტს გადაეცა 129 ბინა, მათ შორის 7 ბინა უკანონოდ იყო დაკავებული. მიღება-ჩაბარების შემდეგ ბინები, რომლებიც დაკავებული ჰქონდათ ნაწილის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, ექვემდებარებოდა გათავისუფლებას. ამდენად, ც. შ-ს სადავო ბინა კანონის შესაბამისადაც რომ ჰქონოდა დაკავებული, მას სადავო ბინა მაინც უნდა გაეთავისუფლებინა, ვინაიდან დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ბრძანებით ახალციხის სასაზღვრო რაზმის სამხედრო ქალაქი გამოცხადებულ იქნა დახურულად.
კასატორის განმარტებით, ც. შ-ს მეუღლესთან განქორწინებამდეც არ ჰქონდა სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მას არ გააჩნია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა სადავო ბინის ორდერი, ვინაიდან მის მეუღლეზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე, გაცემული იყო სულ სხვა ერთოთახიანი ბინის ორდერი და სადავო ბინაში ისინი ცხოვრობდნენ ორდერის გარეშე მაშინდელ კომენდატთან შეთანხმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის ¹2 რეგიონალური სამმართველოს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგენს საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლომ უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ც. შ-ზე სადავო ბინის გაცემას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, თუმცა, იმავდროულად არ დაუდგენია და გამოუკვლევია, გააჩნდა თუU არა ც. შ-ს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ც. შ-ის მხრიდან დაყენებული არ არის აღიარებითი სარჩელი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია ბინის გაცემის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა _ არარსებობის აღიარების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს კომისიური წესით გადაეცა ... სამხედრო ნაწილის შენობები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოთხვილი და შემოწმებული უნდა იქნეს მითითებული აქტის დანართი, კერძოდ კი, ... სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი სახლის მიღება-ჩაბარების აქტი, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას განსაზღვროს, მოხდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეზე ბინის შესაბამისი წესით გადაცემა.
ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს მსჯელობას იმის თაობაზე, ბინის ფაქტობრივი მფლობელობა პირის მიმართ წარმოშობს თუU არა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და როგორია დახურული სამხედრო ქალაქებისათვის განსაზღვრული ბინათსარგებლობის სამართლებრივი რეჟიმი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოების გამოკვლევას, თუ რის საფუძველზე ჩამოერთვა ც. შ-ის მეუღლეს 1-ოთახიანი ბინა, კერძოდ, აღნიშნულის საფუძველზე ხომ არ მოხდა აღიარება და დადასტურება იმისა, რომ 1-ოთახიანი ბინის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს გადაეცა წინამდებარე სადავო 2-ოთახიანი ბინა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც აღნიშნული ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.