Facebook Twitter

¹ას-878-1090-08 10 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ს-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. ფ-ძე, ი. გ-ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 ნოემბერს ქედის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. ს-ძის წარმომადგენელმა ე. ა-ძემ ნ. ფ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი მარწმუნებლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „ბელორუს იუმზ 6 ლ“ მარკის ტრაქტორის მფლობელისათვის დაბრუნება ან მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომის დანიშვნამდე მოსარჩელემ შეცვალა მოთხოვნა და წარმოადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, სადაც ნ. ფ-ძის გარდა მოპასუხედ ი. გ-ძე მიუთითა და მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, დაუბრუნონ მის მარწმუნებელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „ბელორუს იუმზ 6 ლ“ მარკის ტრაქტორი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ტრაქტორს მართლზომიერად ფლობს 1990 წლიდან. 2000-2001 წლებში ტრაქტორი შესაკეთებლად და შემდგომ საზიარო სამუშაოდ შეშის დასამზადებლად წაიყვანა ნ. ფ-ძემ, რომელიც ნდობის ბოროტად გამოყენების გზით დაეუფლა ტრაქტორს და 350 აშშ დოლარად მიჰყიდა ი. გ-ძეს, აღებული თანხა კი მიისაკუთრა, რითაც 2000 ლარის მატერილური ზიანი მიაყენა. როდესაც ნ. ს-ძისათვის ცნობილი გახდა ტრაქტორის გასხვისების ფაქტი, მისი უკან დაბრუნება მოსთხოვა ნ. ფ-ძეს, მაგრამ, მიუხედავად დაპირებისა, მოპასუხემ არ დაუბრუნა. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ნ. ფ-ძის მიმართ დაიწყო წინასწარი გამოძიება და იგი გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. გამოძიების პროცესში ნ. ს-ძე ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, თუმცა სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის დროს სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რის გამოც მან სამოქალაქო სარჩელით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს.

მოპასუხე ნ. ფ-ძემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ერთად მუშაობდა, ს-ძემ მას ფული დააკლო, რის გამოც ტრაქტორი აღარ გაატანა და 2 წლის განმავლობაში მის ეზოში იყო გაჩერებული. 2003 წელს მან ტრაქტორი ი. გ-ძეს მიჰყიდა 350 დოლარად, რის შემდგომაც ს-ძემ ტრაქტორი მოითხოვა. მან მოლაპარაკება დაიწყო ი. გ-ძესთან ტრაქტორის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრაქტორის დაბრუნებაში 700 დოლარი მოითხოვა. ეს თანხა ვერ იშოვა, ამიტომ ს-ძემ მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პოლიციაში.

ი. გ-ძემ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მისი განმარტებით, იგი კეთილსინდისიერი შემძენია. ამასთან, მან ტრაქტორი 2001 წელს შეიძინა ნ. ფ-ძისაგან, რის შემდეგაც გასულია 5 წელზე მეტი. ეს გარემოება კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების მოპოვებას ნიშნავს სადავო ნივთზე. გარდა ამისა, საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლო იმსჯელებდა და დაადგენდა, რომ სადავო საგნის მესაკუთრე სწორედ მოსარჩელეა, ამასთან სარჩელი ხანდაზმულია.

ქედის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. გ-ძეს დაევალა მოპასუხისათვის თავისი კუთვნილი „ბელორუს იუმზ 6 ლ» მარკის ტრაქტორის დაბრუნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. გ-ძისათვის «ბელორუს იუმზ 6 ლ» მარკის ტრაქტორის დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ს-ძის სარჩელი ი. გ-ძის მიმართ ტრაქტორის დაბრუნების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ს-ძის სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ს-ძისაგან ნ. ფ-ძემ ერთობლივი საქმიანობისთვის (შეშის დამზადებისათვის) ტრაქტორი 1997 წელს წაიყვანა. უკმაყოფილება მხარეთა (ს-ძესა და ფ-ძეს) შორის 1999 წელს წარმოიშვა ერთობლივი საქმიანობისას თანხის არასწორად განაწილების გამო, რის შემდეგაც ს-ძემ ფ-ძეს ტრაქტორის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ სანამ თანხას სრულად არ გადაუხდიდა, ტრაქტორს არ გაატანდა. ამაზე ს-ძემ უპასუხა – «რაც გინდა ის ქენიო.» 2003 წელს ფ-ძემ გ-ძის სახელზე გაასხვისა სადავო ტრაქტორი, რაც იმთავითვე ცნობილი გახდა ს-ძისთვის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ძე სადავო ტრაქტორის კეთილსინდისიერი მფლობელია, რის გამოც მასზე კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ დაწესებული 3 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ს-ძემ 5 - წლიანი ფაქტობრივი ფლობით საკუთრების უფლება მოიპოვა სადავო მოძრავ ნივთზე, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.

სააპელაციო პალატამ ი. გ-ძე არ მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან ჩათვალა, რომ მან ნივთის შეძენისას იცოდა (ან უნდა სცოდნოდა), რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამასთან, მიუთითა, რომ ეს გარემოება არაა მოსარჩელისათვის საშეღავათო, რადგან მისი სარჩელი ხანდაზმულია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ძემ.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი. ნ. ფ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია და ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერს გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მიიჩნია რა ნ. ს-ძის სარჩელი ხანდაზმულად, არ დაადგინა, თუ როდის გაასხვისა ნ.ფ-ძემ ი. გ-ძის სახელზე «ბელარუს იუმზ 6 ლ» მარკის ტრაქტორი და როდის გახდა ეს ცნობილი ნ. ს-ძისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად 2003 წელი მიუთითა ფ-ძის მიერ გ-ძისათვის ტრაქტორის მიყიდვის თარითად, ხოლო შემდეგ კი - 2001 წელი.

ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ 2003 წელს ფ-ძის მიერ სადავო ტრაქტორის გ-ძისათვის მიყიდვის ფაქტი იმთავითვე ცნობილი გახდა ნ. ს-ძისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით წარმოებაში მიღებული აქვს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ ქმედებისათვის, რაზედაც სამოქალაქო წესით დავობენ მხარეები.

ამდენად, გადაწყვეტილებიდან ზუსტად არ დგინდება არა მარტო სადავო ტრაქტორის გასხვისების ფაქტი, არამედ დრო, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო ნ. ს-ძეს თავისი უფლების დარღვევის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). ამასთან გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეწყდეს ასევე სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმართვის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ის მომენტი, როდესაც მოსარჩელისათვის გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ როდის მიმართა მოსარჩელემ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას თავისი დარღვეული უფლების შესახებ. ამ გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 138-ე, 130-ე მუხლები.

საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნ. ს-ძის მიერ სადავო ტრაქტორის ფლობის პერიოდზე (გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო პალატამ ნ. ს-ძე სადავო ტრაქტორის კეთილსინდისიერი მფლობელად მიიჩნია), კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მას ხანდაზმულობით აქვს შეძენილი სადავო ტრაქტორი, რადგან იგი ხუთ წელზე მეტი დროის მანძილზე ფლობს მას.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ს-ძისაგან ნ. ფ-ძემ ერთობლივი საქმიანობისათვის (შეშის დასამზადებლად) ტრაქტორი 1997 წელს წაიყვანა და ამავე დროს დადგენილად 1999 წელს წარმოშობილ დავას მიიჩნევს.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ასევე უთითებს, რომ 1994-95 წლებში ნ. ს-ძემ და ნ. ფ-ძემ წამოიწყეს ერთობლივი საქმიანობა და 2-3 თვეში წარმოეშვათ უკმაყოფილება, რა დროსაც ნ. ს-ძემ მოსთხოვა ნ. ფ-ძეს ტრაქტორის უკან დაბრუნება, რაზედაც ნ. ს-ძემ მიიღო უარი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ ნ. ს-ძე ვერ ადასტურებს სადავო ნივთის 5 - წლიანი ფლობის ფაქტს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა სადავო ურთიერთობის იურიდიული შემოწმების საშუალებას სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთის ფლობა არ უკავშირდება მის ფიზიკურ პყრობას. ნ. ს-ძის ფლობელობის უფლების დარღვევად უნდა მიჩნეულ იქნეს მომენტი, როდესაც ნ. ფ-ძემ უარი განაცხადა სადავო ტრაქტორის ნ. ს-ძისათვის დაბრუნებაზე. ამდენად, ნ. ფ-ძისათვის სადავო ტრაქტორის გადაცემა იმ მიზნით, რომ ერთობლივი საქმიანობის შედეგი იქნეს მიღწეული ნ. ს-ძის ტრაქტორის მეშვეობით, არ ნიშნავს ნ. ს-ძის მიერ ნივთზე მფლობელობის შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ს-ძე არის სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს აღნიშნული ფლობის (და არა პყრობის) უწყვეტი დროის მანძილი, რა დროსაც უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია შემდეგი - სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-ძე არ არის კეთილსინდისიერი მფლობელი, რადგან მან იცოდა გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ხანდაზმულობით ნ. ს-ძის მიერ ნივთზე საკუთრების შეძენის ფაქტს, არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს საკუთრების უფლებისა და არა კეთილსინდისიერი ფლობის ხელყოფა. (ივარაუდება, რომ კეთილსინდისიერად ფლობს ნივთს, ის ვისაც არა აქვს ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ის კეთილსინდისიერია).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.