9I-17 ქ. თბილისი
ა-უ მ. , 9I-17 23 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ე. მ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა-ს
თარჯიმან - ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2012 წლის 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 35-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. 2016 წლის 14 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
3. 2012 წლის 24 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაუდევრობით ადამიანის მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. 2014 წლის 5 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
5. 2013 წლის 18 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებით (ძალის გამოყენების გზით ადამიანის თავისუფლების ხელყოფა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად, არასრულწლოვნის წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით მ. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N…..კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. 2014 წლის 5 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-6 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
7. 2015 წლის 28 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მესამე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება) - ფულადი ჯარიმა - 2.240 ლირის ოდენობით; N….. კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, 3 ეპიზოდი) - 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (3-ჯერ), რაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეეცვალა 5 თვის (3-ჯერ) განმავლობაში სპირტიანი სასმლის დალევის აკრძალვით; N….. კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება, საინფორმაციო საშუალების გამოყენებით) ფულადი ჯარიმა - 740 ლირის ოდენობით (2-ჯერ).
8. 2016 წლის 3 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
9. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. ა-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, 2005 წლის 21 მაისს მ. ა-მ და უ. თ-მ სათამაშო დარბაზში დაიბარეს ა. ქ-ა და ი. ე-ა და განუცხადეს, რომ თუ 2 დღის ვადაში 200 თურქულ ლირას არ მიუტანდნენ, ცოცხლები ვერ გავიდოდნენ დარბაზიდან. მოგვიანებით, 2005 წლის 24 მაისს, სკოლიდან გამოსულ აღნიშნულ დაზარალებულ პირებს მ. ა-უ დახვდა დანით და თანხის გადაცემა მოსთხოვა, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
- თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, 2012 წლის 14 სექტემბერს მ. ა-უ „…..“ სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანით ნასვამი გადაადგილდებოდა ჩორუმში, ….. უბანში, ….. სახელობის გამზირზე, რა დროსაც დაუდევრობით დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, დაზარალებულ შ. ქ-ს, რის შედეგადაც იგი, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, მაინც გარდაიცვალა.
- თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის მიხედვით, 2009 წელს ჩორუმში მ. ა-უ და ზ. ს-ი შეთანხმდნენ, რომ ქ. ს-თვის (დაბ…….19..), მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოქრო წაერთმიათ. ამ მიზნის განსახორციელებლად მ. ა-უ ავტომანქანით, ზ. ს-სა და ფ. ს-თან ერთად უკან გაჰყვა ქ. ს-ს ავტომანქანას. მისი შეჩერების შემდეგ ფ. ს-ი გადაჯდა ქ. ს-ს ავტომანქანაში და ცეცხლსასროლი იარაღის ზურგზე მიბჯენით მოსთხოვა, რომ უკან გაჰყოლოდა მის წინ მიმავალ მ. ა-ს ავტომანქანას. დაახლოებით 600-700 მეტრის გავლის შემდეგ ხსენებული პირები მივიდნენ ….. სახელობის სასაფლაოზე, რის შემდეგაც მ. ა-მ და ზ. ს-მ გაჩხრიკეს ქ. ს-ს ავტომანქანა, ამოიღეს ოქრო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მესამე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, 2011 წლის 29 მაისს ….. მდებარე რესტორან „…..“, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მ. ა-სა და მის თანმხლებ პირებს - მ. ქ-ს, ი. ო-ს, ბ. ო-სა და ამავე რესტორანში მყოფ თ. ა-ს, ჯ. ჩ-სა და ე. ა-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მ. ა-უ, მ. ქ-ა და ბ. ო-ი მივიდნენ ავტომანქანასთან, რომელშიც ისხდნენ თ. ა-ა, ჯ. ჩ-ი და ე. ა-ი. მ. ა-მ ავტომანქანის ფანჯრიდან თ. ა-ს გადმოყვანა სცადა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ავტომანქანის მიმართულებით, თუმცა იარაღი გაიჭედა. საპასუხოდ ჯ. ჩ-მ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა მ. ა-ს მიმართულებით, მაგრამ ააცილა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, დაპირისპირება გაგრძელდა ე. შ-სა და მ. ქ-ს შორის, რის შემდეგაც მოდავე მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს, მოგვიანებით, მ. ა-მ საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრიდან ცალ-ცალკე დაურეკა ჯ. ჩ-ს, ე. შ-ა და თ. ა-ს, სამივეს მოსთხოვა შეხვედრა და დაემუქრა ცეცხლსასროლი იარაღით ანგარიშსწორებით.
10. 2016 წლის 29 მარტს, იმავე წლის 9 ივნისს, 13 ივლისსა და 15 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის უმაღლესმა საჯარო პროკურატურამ გამოსცა მ. ა-ს დაკავების ბრძანებები.
11. 2015 წლის 24 ივლისსა და 2016 წლის 9 მაისს მ. ა-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის მეშვეობით.
12. 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა-უ.
13. 2016 წლის 7 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
14. 2016 წლის 20 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ.
15. 2016 წლის 9 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები, ხოლო 2016 წლის 12 აგვისტოს - მათი დედნები.
16. 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
17. 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ა-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 5 იანვრამდე.
18. 2016 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
19. 2017 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ა-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა დამატებით 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 5 აპრილამდე.
20. 2017 წლის 11 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
21. 2017 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:
ა) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 35-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
ბ) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაუდევრობით ადამიანის მკვლელობა).
გ) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებით (ძალის გამოყენების გზით ადამიანის თავისუფლების ხელყოფა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად, არასრულწლოვნის წინააღმდეგ) და სისხლის სამართლის N….. კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
არ იქნეს დასაშვებად ცნობილი მ. ა-ს ექსტრადიცია:
ა) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მესამე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით); N….. კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება); N….. კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, 3 ეპიზოდი) და N….. კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება, საინფორმაციო საშუალების გამოყენებით, 2 ეპიზოდი).
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით:
ა) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 35-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
ბ) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N…..კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაუდევრობით ადამიანის მკვლელობა).
გ) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებით (ძალის გამოყენების გზით ადამიანის თავისუფლების ხელყოფა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად, არასრულწლოვნის წინააღმდეგ) და სისხლის სამართლის N….. კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
დასაშვებად არ იქნა ცნობილი მ. ა-ს ექსტრადიცია:
ა) თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის საქალაქო მესამე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N….. კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით); N….. კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება); N….. კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, 3 ეპიზოდი) და N….. კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით (შეურაცხყოფის მიყენება, საინფორმაციო საშუალების გამოყენებით, 2 ეპიზოდი).
23. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ა-ს ექსტრადიციის საკითხის განხილვისას სასამართლომ მას არ განუმარტა მისი უფლება - მოვალეობები, არ გაარკვია, ხომ არ განხორციელებულა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ან წამება, არ განუმარტა მოსამართლეთა აცილების საფუძვლები; პროკურორმა მ. ა-ს ასევე არ განუმარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უფლებები, რითაც როგორც სასამართლომ, ასევე პროკურატურამ დაარღვიეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები; მ. ა-ს მიმართ განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად და ამასთან, 2017 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს საქმის ხელახალი განხილვის გარანტია არ წარმოუდგენიათ, რის გამოც თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა-ს ექსტრადიცია დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა-უ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 2016 წლის 5 ივლისს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება მ. ა-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ გააცნეს მისი უფლება - მოვალეობანი და არ განუმარტეს უფლება - მის მიმართ წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევაში საჩივრის (სარჩელის) შეტანის შესახებ და მიუთითებს, რომ მ. ა-ს ჯერ კიდევ 2016 წლის 5 ივლისს, საქართველოში მისი დაკავების მომენტში, თარჯიმნის მონაწილეობით განემარტა ყველა ის უფლება-მოვალეობები, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გააჩნია ბრალდებულს, ხოლო მოგვიანებით, 2016 წლის 29 სექტემბერს, პროკურორმა დამატებით, თარჯიმნის მონაწილეობით განუმარტა და გადასცა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მშობლიურ ენაზე თარგმნილი უფლება-მოვალეობების ნუსხა. მართალია, უშუალოდ ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოსამართლემ მ. ა-ს არ განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება პროცესუალურ დარღვევად, რადგან, როგორც აღინიშნა, მას უკვე არაერთხელ, ამომწურავად და მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა მისი უფლება-მოვალეობები. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ. ა-ს რაიმე პრეტენზია, რომ მის მიმართ განხორციელდა წამება ან არაჰუმანური მოპყრობა, არ გამოუთქვამს.
5. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ პროკურორმა მ. ა-ს არ განუმარტა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უფლებები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 თებერვლიდან, ცვლილება შევიდა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლში, კერძოდ - მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „საექსტრადიციო პროცედურების მწარმოებელი პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უფლებები“. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული ცვლილების ამოქმედების დროისათვის (2017 წლის 1 თებერვალი), მ. ა-ს უკვე მიმართული ჰქონდა (2016 წლის 15 ნოემბერს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ამდენად, ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლის მომენტისათვის მ. ა-ს უფლება რეალიზებული იყო, რის გამოც მისი დამატებით განმარტების საჭიროება აღარ არსებობდა.
6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ. ა-ს მიმართ განაჩენები გამოტანილია მის დაუსწრებლად, ასევე თურქეთის მხარეს არ წარმოუდგენია მისი საქმეების ხელახალი განხილვის გარანტია და, ამასთანავე, მ. ა-უ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული თურქეთის რესპუბლიკაში წარმოებული სასამართლო სხდომების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 3 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა და იმავე წლის 8 ნოემბერს მათგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია სწორედ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომლითაც ირკვევა, რომ მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის სრული დაცვით ეცნობა მიმდინარე სასამართლო სხდომების შესახებ და ამასთან, თურქეთის მხარემ წარმოადგინა გარანტია, რომ მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა იმ განაჩენებთან მიმართებით, რომლებზეც გადაწყვეტილება გამოტანილია მის დაუსწრებლად.
7. გარდა ამისა, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ საკასაციო სხდომაზე აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. ა-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ, მისი ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი არ უნდა იქნეს განხილული აღნიშნული სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. პალატა მიუთითებს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და მ. ა-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი