Facebook Twitter

¹ ას- 881-1189-07 23 იანვარი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ა, გ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 28 მაისს მოსარჩელე მ. უ-სა და მოპასუხეებს – ა. ფ-ასა და გ. ჩ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, .... 111-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი მხარეთა მიერ შეფასებულია 77350 ლარად. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეები და დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.

2006 წლის 10 აგვისტოს მ. უ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ა. ფ-ასა და გ. ჩ-ის მიმართ, სადაც მან განმარტა, რომ მას და მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო 90 000 აშშ დოლარით. მოპასუხეებმა ხელშეკრულების დადებისთანავე მას გადაუხადეს 32 000 აშშ დოლარი და ამის გარდა კიდევ 7000 აშშ დოლარი. მოსარჩელე განმარტავდა, რომ მოპასუხეებს მისთვის გადასახდელი ჰქონდათ დარჩენილი თანხა და სასარჩელო განცხადებაში მოითხოვა, მოპასუხეებს – ა. ფ-ასა და გ. ჩ-ეს დაკისრებოდათ ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხისა და მიუღებელი შემოსავლის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. უ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. უ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სადაც მან განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამაროთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება არაკანონიერად იყო გამოტანილი. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იყო გადაწყვეტილი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე მ. უ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, სადაც მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება. კასატორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი მოწმიდან დაკითხა ერთ-ერთი და ამით დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა დაკითხულიყო მოწმის სახით გ. დ-ა. აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმის გამო, რომ იგი ესწრებოდა ნასყიდობის ფასის შეთანხმებას. მხარეებს შორის უძრავ ნივთზე ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 90000 აშშ დოლარით. მოწინააღმდეგე მხარე უარს აცხადებს აღნიშნული თანხის გადახდაზე. მათი მტკიცებით, ნასყიდობის ფასი არა 90000 აშშ დოლარია, არამედ 77350 ლარი, რაც არასწორია. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა, რაც მას არასწორად მიაჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. უ-სა და მოპასუხეებს – ა. ფ-ასა და გ. ჩ-ეს შორის 2004 წლის 28 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება არასაცხოვრებელ ფართზე. ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებაში, აგრეთვე, განისაზღვრა ნასყიდობის ფასი 77350 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა თანხა გადაიხადეს ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, მოპასუხეებმა ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადეს 30000 აშშ დოლარი, ხოლო 2004 წლის 16 დეკემბერს – 2000 აშშ დოლარი, 2004 წლის 30 დეკემბერს 3000 აშშ დოლარი და 2005 წლის 14 თებერვალს 5000 აშშ დოლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეულ სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადსტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველი ნორმის თანახმად, სადავო ფაქტის (თუ რა ოდენობის თანხაზე იყვნენ შეთანხმებულები მხარეები) დადასტურება შეიძლება ამ შემთხვევაში კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით განსაზღვრული სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად) უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით, ასევე ნასყიდობის საგანი რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

მხარეთა მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული იყო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამდენად, უძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი ფორმით შეთანხმდნენ ყველა აუცილებელ პირობაზე, მათ შორის ფასზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდენენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა ფასი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ფასი, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით (კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი და მითითებული იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის ფასის შესახებ შეთანხმების სიყალბე, რაც უნდა გამოეკვლია და არ გამოიკვლია ან არასათანადოთ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ) უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის შესახებ შეთანხმება შეიძლება დადსტურდეს მხოლოდ ა. ფ-ასა და გ. ჩ-ეს შორის 2004 წლის 28 მაისს დადებული არასაცხოვრებელ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც განისაზღვრა ნასყიდობის ფასი 77350 ლარის ოდენობით.

ამრიგად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გადახდით დასტურდება მხარეთა მიერ 90000 (ოთხმოცდაათი ათას) აშშ დოლარზე შეთანხმების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.