ას-882-1190-07 26 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ თ. დ-ე, ნ. დ-ე, ა. და ე. ლ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ჯ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ნ. დ-ის, თ. დ-ის, თ. ლ-ის, ე. ლ-ის ა. ლ-ის, მ. ლ-ის, გ. ლ-ის, რ. ლ-ისა და ს. ლ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტ. ჯ-ს სარჩელი ქ. თბილისში ... მე-4 მ/რ-ში, 34-ე კორპუსში, მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა, გამოთხოვილ იქნა ნ. და თ. დ-ების, თ., ე., ა., მ., გ., რ. და ს. ლ-ების უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნდა ტ. ჯ-ს, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ნ. დ-მ, თ. დ-მ, თ., ე. და ა. ლ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით თ. და ა. ლ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ნ. და თ. დ-ების, ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-მ, ნ. დ-მ ე. და ა. ლ-ებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ნ. დ-ის, ე. და ა. ლ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შეტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, კასატორ ნ. დ-ს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 13 სექტემბერს, მასვე ჩაბარდა ამავე განჩინების ასლები ე. ლ-ისათვის (შვილისათვის) და თ. დ-ისათვის (დედისათვის) გადასაცემად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 14 სექტემბრიდან და იგი იწურება ამავე წლის 15 ოქტომბერს. ე. ლ-მ, თ. და ნ. დ-ებმა ზემოაღნიშნილ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ამავე წლის 30 ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება ა. ლ-ის საკასაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით თეიმურაზ და ა. ლ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია კერძო საჩივრით კანონით დადგენილ თორმეტდღიან ვადაში, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ამდენად, მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. და თ. ლ-ების მიმართ კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც ა. ლ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. და ნ. დ-ების, ე. და ა. ლ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. დ-ის, ნ. დ-ის, ე. და ა. ლ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.