Facebook Twitter

¹ას-883-1095-08 1 მაისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «ს. რ.»

წარმომადგენელი _ ნ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ი.-ლ.»

დირექტორი – მ. მ-ძე

წარმომადგენელი _ ი. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 9 ივლისს შპს «ი.-ლ.» სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს «ს. რ.» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ფაქტობრივი დანაკლისის სახით 112 200 აშშ დოლარისა და 26 070 ლარის, ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 418 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 80 000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო 2005 წლის 12 იანვარს შპს «ს. რ.» მიერ საჯართე რელსის რეალიზაციის მიზნით მოწყობილ აუქციონში. 2005 წლის 17 იანვარს მოპასუხემ თავისი ¹13/გ ბრძანებით ლოტი ¹2-ით გამოტანილ საჯართე რელსის რეალიზაციის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოაცხადა მოსარჩელე;

2005 წლის 17 იანვარს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სრულად გადაიხადა ფასი _ 166 422,73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თავის მხრივ, მოპასუხე, ვალდებული იყო მყიდველისათვის გადაეცა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება და მიეწოდებინა საქონელი. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ უხეშად დაარღვია 2005 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დადგენილ ვადებში არ მიაწოდა ნაყიდი საქონელი და ცალმხრივად განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე.

აღნიშნულის გამო, როგორც მოსარჩელე განმარტავს, მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 192 000 აშშ დოლარი და 26 071 ლარი, რომლის ოდენობა განისაზღვრება შედგენაირად: როგორც მიუღებელი შემოსავალი _ 80 000 აშშ დოლარი, ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი _ 112 000 აშშ დოლარი და 26070 ლარი _ მოპასუხის მიერ ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უსაფუძვლობის გამო, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ი.-ლ.» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს. რ.» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 192 000 აშშ დოლარის გადახდა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და 13 941,75 ლარის გადახდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების სახით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «საქართველოს რკინიგზამ», მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს «ს. რ.» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს «ი.-ლ.» მონაწილეობა მიიღო 2005 წლის 12 იანვარს შპს «საქართველოს რკინიგზის» კუთვნილი საჯართე რელსის რეალიზაციის მიზნით მოწყობილ აუქციონში. 2005 წლის 17 იანვარს შპს «ს. რ.» დირექტორის ¹13/გ ბრძანებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «ი.-ლ.»;

შპს «ი.-ლ.» აღნიშნული საჯართე რელსი ესაჭიროებოდა გადასამუშავებლად, რითაც უნდა ეწარმოებინა სამშენებლო არმატურა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა;

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, კერძოდ, 2005 წლის 20 იანვარს შპს «ი.-ლ.» ხელშეკრულება გააფორმა სომხეთში რეგისტრირებულ საწარმო შპს «ე.» 800 ტონა არმატურის მიწოდებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა არმატურის ღირებულება, მიწოდების პირობები და გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, დადგინდა, რომ იგი დაჯარიმდებოდა მყიდველის სასარგებლოდ, ეტაპობრივად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 40%-ით;

შპს «ს. რ.» უარი განაცხადა შპს «ი.-ლ.» ხელშეკრულების გაფორმებაზე ამ უკანასკნელი მიერ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა გადაწყდა სასამართლოს გზით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ი.-ლ.» სარჩელი დაკმაყოფილდა და აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 12.01.05-ში გამართულ აუქციონზე ნაყიდი ქონების შესაძენად გადახდილ 166 422,73 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხაში შედიოდა დღგ, შესაბამისად, შპს «ს. რ.» დაევალა შპს «ი.-ლ.» ხელშეკრულების დადება.

ზემოაღნიშნულის გამო, შპს «ი.-ლ.» ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს «ე.» ვერ შეასრულა, რის გამოც შპს «ე.» 2006 წლის 20 იანვრის წერილით მას აცნობა 2005 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 112 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართავდა სასამართლოს.

შპს «ს. რ.» ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2007 წლის 18 იანვარს შპს «ი.-ლ.» სამშენებლო არმატურის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა შპს «გ.-რ»-თან. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს «ი.-ლ.» შპს «ე.» ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ჯარიმის მოთხოვნის თაოაბზე.

2007 წლის ივნისში შპს «ე.» სარჩელით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ სასამართლოს და მოითხოვა შპს «ი.-ლ.» ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დავალდებულება, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის სასარგებლოდ 112 000 აშშ დოლარის დაკისრება. დადგენილია, რომ შპს «ი.-ლ.» შპს «ე.» საჯარიმო თანხა უკვე გადახდილი აქვს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ს. რ.» მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეებს შორის ხელშკრულების დადების თარიღად 2005 წლის 17 იანვარი, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე უკვე ნამსჯელი ჰქონდათ სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოებს და სასამართლოს მიერ გამარჯვებულ პირთან ნასაყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტად განსაზღვრული იყო ბრძანების გამოცემა აუქციონში მონაწილე პირის გამარჯვებულად აღიარების თაოაბზე;

სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ს. რ.» წინასწარ სავარაუდო იყო, რომ საჯართე რელსის მიუწოდებლობა გამოიწვევდა შპს «ი.-ლ.» ზიანის მიყენებას;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «ი.-ლ.» და შპს «ე.» შორის ხელშეკრულების დარღვევა შპს «ი.-ლ.» მხრიდან გამოწვეული იყო შპს «ს. რ.» მიერ საქონლის მიუწოდებლობით და, შესაბამისად, მასვე უნდა დაკისრებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც მთლიანობაში შეადგენდა 192 000 აშშ დოლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «ი.-ლ.» მიუღებელი შემოსავალი, მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრებოდა 80 000 აშშ დოლარით, რაც წარმოადგენდა შპს «ე.» და შპს «გ.-რ»-თან დადებულ ხელშეკრულებებს შორის სხვაობას;

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკისრა შპს «ს. რ.» მოსარჩელის მიერ შპს «ე.» ჯარიმის სახით გადასახდელი თანხა, ვინაიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობა მისი ბრალით იყო გამოწვეული;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ.», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რის გამოც საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ამასთან, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელესა და შპს „ე.“ შორის ხელშეკრულების დარღვევა შპს „ი.“ მხრიდან გამოწვეული იყო შპს „ს. რ.“ მიერ საქონლის მიუწოდებლობით, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც შეადგენს 192 000 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ შპს „ს. რ.“ მოსარჩელისათის სრულად არ აქვს მიწოდებული ნაყიდი საქონელი და მიუწოდებელი დარჩა 34,195 ტონა საჯართე რელსი, რისი ღირებულებაც შეადგენს 13 941,75 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ შპს «ს. რ.» წინასწარ სავარაუდო იყო, რომ საჯართე რელსის მიუწოდებლობა გამოიწვევდა შპს «ი.-ლ.» ზიანის მიყენებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება. იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შემდეგ მატერალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორის მიერ არ არის მითითებული მტკიცებულებებზე, რომლითაც გამოირიცხება შპს „ს. რ.“ ბრალი ზიანის დადგომაში, რაც უნდა შეეფასებინა და არ შეაფასა ან არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

კასატორის მტკიცება, რომ მისთვის 13 941,75 ლარის ოდენობით მიუწოდებელი საქონლის ღირებულების დაკისრება უკანონოა, რადგან საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რამდენ ლარს შეადგენდა მიუწოდებელი პროდუქცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან იმის მტკიცება, რომ მითითებულზე მეტი საქონელი იყო მიწოდებული მოპასუხის მიერ და შესაბამისად, უფრო ნაკლები თანხაა ასანაზღაურებელი, მოპასუხეს ეკისრებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოპასუხის მიერ კი ასეთი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო სასამართლო უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზეც დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა შპს „ე.“ გადაუხადა ჯარიმის სახით 112 000 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ს. რ.“ სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ მიიჩნევდა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის ოდენობის გაანგარიშებას. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა აღნიშნა, რომ შპს „ე.“ თანხის გადახდის ფაქტს სადავოდ არ ხდის, ისინი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 2 ოქტომბრამდე არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელესა და შპს „ე.“ შორის ხელშეკრულების დარღვევა შპს „ი.“ მხრიდან გამოწვეული იყო შპს „ს. რ.“ მიერ საქონლის მიუწოდებლობით, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც შეადგენს 192 000 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ შპს „ს. რ.“ მოსარჩელისათის სრულად არ აქვს მიწოდებული ნაყიდი საქონელი და მიუწოდებელი დარჩა 34,195 ტონა საჯართე რელსი, რისი ღირებულებაც შეადგენს 13 941,75 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ შპს «ს. რ.» წინასწარ სავარაუდო იყო, რომ საჯართე რელსის მიუწოდებლობა გამოიწვევდა შპს «ი.-ლ.» ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, შპს „ს. რ.“ ბრალი ზიანის დადგომაში დადასტურებულია იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, ასევე მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს. რ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.