ას-88-433-07 16 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს “ .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ფ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ .. ..“ და ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1983 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ტ-სთან, რომელიც 2003 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ, პარტნიორ ა. კ-სთან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა მცირე საწარმო სამშენებლო ბლოკების დამზადების მიზნით. სს „ .. ..“ იმჟამინდელი დირექტორის თანხმობით სს „ .. ..“ კუთვნილი ბიგის ჩიხის ტერიტორიაზე, რომელსაც ესაზღვრებოდა რკინიგზის მაგისტრალი, დაიწყეს საწარმოს მშენებლობა. აღნიშნულისათვის საჭირო იყო ორი რკინის ბუნკერი, რომლის დეტალები მისმა მეუღლემ ჩამოიტანა ქ.გორიდან, ააწყო ჭიათურაში, სხვა მოწყობილობებთან ერთად დაამონტაჟა და საწარმო აამუშავა, მაგრამ 1989 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საწარმო გააჩერეს. წლების განმავლობაში იქ დარჩენილი ხელსაწყოების ნაწილი და ინვენტარი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ნაწილი კი ა. კ-მ წაიღო. ადგილზე დარჩა მხოლოდ მისი მეუღლის ორი ცალი რკინის ბუნკერი, რომლის გატანაზეც სს „ .. ..“ უარი განაცხადა.
მოპასუხე ა. კ-მ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო რკინის ბუნკერები მოსარჩელის მეუღლის აწ გარდაცვლილ ვ. ტ-ის პირადი თანხებით იქნა შეძენილი და მისი საკუთრებაა.
სს „ .. ..“ წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კერძოდ, მისი განმარტებით, საქმეს არ ახლდა მტკიცებულება, რომელზეც დამყარებული იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნა, არ არსებობდა რაიმე ნებართვა, შეთანხმება, ასევე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ბუნკერებზე მოსარჩელის მეუღლის საკუთრებას.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ,,სს „ .. ..“ დაევალა, რომ ნ. ფ-ს დაუბრუნოს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის – ვ. ტ-ის კუთვნილი ლითონის ორი ცალი ბუნკერი, რომელიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე ე.წ. ბიგის ჩიხში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“ წარმომადგენელმა ლ. ს-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მოთხოვნები; კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები და, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებში არ არსებობდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ბუნკერებზე მოსარჩელის მეუღლის საკუთრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს „ .. ..“ წარმომადგენელ ლ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სს „ .. ..“ წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს „ .. ..“ წარმომადგენლის - ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სს „ .. ..“ წარმომადგენელ ლ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 85-86).
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე სს „ .. ..“ წარმომადგენელ ლ. ს-ს გაეგზავნა 2007 წლის 12 თებერვალს (ს.ფ. 87), კასატორს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 15 თებერვალს (ს.ფ. 88). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 5 მარტის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს „ .. ..“ წარმომადგენლის - ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ .. ..“ წარმომადგენლის - ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.