Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №529აპ-16 ქ. თბილისი

დ. რ-ზ, 529აპ-16 14 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით რ. დ., – დაბადებული -----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები. გაუქმდა რ. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და დამატებითი ვალდებულებები – პასპორტისა და პირადობის მოწმობის გამომძიებლისათვის ჩაბარება, გირაოს უზრუნველსაყოფად ბ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში, საკადასტრო კოდი – ---- და -----) 10000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე