ას-888-1100--08 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _გ. ნ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე –თ. და ნ. ბ-აძეები
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი –განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დამტკიცდა მორიგება გ. ნ-შვილსა და თ. და ნ. ბ-აძეებს შორის.
2008 წლის 27 აგვისტოს ნ. და თ. ბ-ძეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2008 წლის ივლისის განჩინების გაუქმება და 2008 წლის 8 ივლისის განჩინების აღსრულების გადადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. და თ. ბ-ძეების განცხადება განჩინების აღსრულების გადადების თაობაზე.
2008 წლის 29 აგვისტოს ნ. და თ. ბ-ძეებმა კერძო საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინების გაუქმება და 2008 წლის 8 ივლისის განჩინების აღსრულების გადავადება 2008 წლის 25 ნოემბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ნ. და თ. ბ-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ივლისის განჩინების აღსრულება გადაიდო 2008 წლის 25 ნოემბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 11 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით გ. ნ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-შვილის განცხადება განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პალატამ მიიჩნია, რომ განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება და ვერ დაასაბუთა, რა უშლის ხელს ზემოაღნიშნული განჩინების იმ შინაარსით და იმ ფარგლებში აღსრულებას, როგორც ეს განჩინებითაა დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-შვილმა
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მისთვის იმ საკითხის განმარტება, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას 2008 წლის 25 ნოემბრამდე, კერძოდ გადავადდა თუ არა გ. ნ-შვილისთვის მოპასუხეთა მხრიდან თანხის გადაცემის ვალდებულება და აგრეთვე მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, მეორე მხარის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თარიღების შეცვლით სააპელაციო სასამართლო ცალმხრივად ჩაერია მხარეთა შეთანხმებით მიღებულ განჩინების შინარსში, მაშინ, როცა თვითონ ეს განჩინება და არც მისი შინაარსი არ ყოფილა გასაჩივრებული არც კანონით დადგენილ ვადაში და არც მის შემდეგ, უფრო მეტიც, იგი კანონიერ ძალაში იყო შესული.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და უზენაესმა სასამართლომ განუმარტოს კერძო საჩივარში დასმული კითხვების შესაბამისად, სააპელაცო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინების შინაარსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გადავადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება მოდავე მხარეებს შორის. აღნიშნული განჩინებით აღსრულება გადაიდო 2008 წლის 25 ნოემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები შეიცვალა იმდაგვარად, რომ მორიგების აქტში მითითებულ პირობათა შესრულების ათვლა 1-ლი სექტემბრის ნაცვლად დაიწყო 25 ნოემბრიდან.
განმცხადებელი კერძო საჩივრით ითხოვს 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინების განმარტებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების განმარტება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ და მხოლოდ გადავადებულია აღსრულების დრო. მისი შინაარსი სრულიად მკაფიო და გასაგებია, იგი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს. ამიტომ შეუძლებელია დაკმყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ კითხვებს, იგი სცილდება მოცემული განჩინების განმარტების საკითხს და ამიტომ შეუძლებელია მასზე იმსჯელოს სასამართლომ
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.