საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-888-1195-07 5 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე
კასატორი _ თ. ო-ლიძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ა-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ შვილის გვარის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ო-ლიძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ა-შვილის მიმართ ქ.თბილისის ვაკის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2000 წლის 6 აპრილის ¹270 სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და არასრულწლოვანი ბავშვისათვის დედის გვარის მიკუთვნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ ბ. ა-შვილი. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ბავშვი საცხოვრებლად დარჩა დედასთან, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ბავშვს უნდა მიეკუთვნოს მოსარჩელის გვარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შვილისათვის გვარის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თ.ო-ლიძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1999 წლის ივნისიდან თ. ო-ლიძე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ. ა-შვილთან. 2000 წლის 5 აპრილს მათ შეეძინათ შვილი _ ბ. ა-შვილი. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ თ. ო-ლიძემ მოითხოვა ბავშვისათვის დედის გვარის მიკუთვნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლი, ქორწინების შეწყვეტისას, ბავშვისათვის გვარის გამოცვლას არ იწვევს. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დედის გვარის მიკუთვნებაზე ბ. ა-შვილის ინტერესის არსებობა ვერ დაადასტურა. სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 74-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მეორე პუნქტის სამართლებრივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელისა და გვარის უფლება პირადი ხასიათის უფლებებია და მისი შეცვლის შესაძლებლობას კანონმდებელი მხოლოდ იმ პირს აძლევს, ვინც ამ სახელს ატარებს, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლომ ჩათვალა, რომ გვარის დამაკნინებლობა უნდა შეაფასოს ასევე ამ გვარის მატარებელმა და მესამე პირის, თუნდაც მშობლის შეფასება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს არასრულწლოვანის გვარის შეცვლას. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლიც, რომელიც 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის გვარის შესაცვლელად თავად არასრულწლოვნის თანხმობას ითვალისწინებს. სასამართლომ არ გაიზიარა თ.ო-ლიძის არგუმენტი, რომ ბავშვი მიჩვეულია დედის გვარის ტარებას და შეტყობინება, რომ იგი ა-შვილი, ზიანს მიაყენებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ შვილისათვის გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით, რაც განპირობებული უნდა იყოს ობიექტური სინამდვილით და არა ხელოვნურად შექმნილი ფაქტორებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ო-ლიძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 74-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, როდესაც არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი გვარის _ “ა-შვილი” არაკეთილხმოვანება. დასახელებული ნორმის განაწესი ეხება როგორც სრულწლოვანებს, ისე არასრულწლოვანებს, ამდენად, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ამავე კანონის 73-ე მუხლის მეორე პუნქტი არასწორად მიუთითა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვინაიდან საქმეში არ ჩართო ბ. ა-შვილი.
ამასთან, კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით მოწინააღმდეგე მხარე ცნობს სასარჩელო მოთხოვნასა და საკასაციო საჩივარს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე ბ. ა-შვილი თანახმაა, ბ. ბ-ის ძე ა-შვილს მიეკუთვნოს დედის _ თ. ო-ლიძის გვარი;
2. აღნიშნულის სანაცვლოდ, თ. ო-ლიძე უარს აცხადებს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე _ ბ. ა-შვილის სარჩელი გამო თ. ო-ლიძის მიმართ ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე და თ. ო-ლიძის შეგებებული სარჩელის გამო ბ. ა-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ) ბ. ა-შვილის სარჩენად თ. ო-ლიძის სასარგებლოდ ალიმენტის _ ყოველთვიურად 50 ლარის მიღებაზე.
მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ო-ლიძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე, ამდენად, თ. ო-ლიძეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ თ. ო-ლიძის სარჩელის გამო ბ. ა-შვილის მიმართ შვილის გვარის განსაზღვრის თაობაზე შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე ბ. ა-შვილი თანახმაა, ბ. ბ-ის ძე ა-შვილს მიეკუთვნოს დედის _ თ. ო-ლიძის გვარი;
2. აღნიშნულის სანაცვლოდ, თ. ო-ლიძე უარს აცხადებს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე _ ბ. ა-შვილის სარჩელი გამო თ. ო-ლიძის მიმართ ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე და თ. ო-ლიძის შეგებებული სარჩელის გამო ბ. ა-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ) ბ. ა-შვილის სარჩენად თ. ო-ლიძის სასარგებლოდ ალიმენტის _ ყოველთვიურად 50 ლარის მიღებაზე.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება თ. ო-ლიძის სარჩელის გამო ბ. ა-შვილის მიმართ შვილის გვარის განსაზღვრის თაობაზე.
თ. ო-ლიძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.