ას-891-1102-08 11 ივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი(თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სარჩოს გადაანგარიშება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 19 ოქტომბერს ვ. ბ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრა სარჩელი მოპასუხე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიმართ ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 2001 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაეკისრა მის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს 24,5 ლარის ანაზღაურება. 4 წელზე მეტია, რაც შეუწყდა თანხის მიღება, რასაც უნაზღაურებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი. ამჟამად მეცნიერებათა აკადემიის შპს „ს-ში“ მინიმალური ხელფასი შეადგენს თვეში 30 ლარს. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების II თავის მე-12 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა ხელფასის ცვლილების შესაბამისად დადგენილი სარჩოს გადაანგარიშება შემდეგნაირად: 2000 წლიდან 2002 წლის ივლისამდე ყოველთვიურად 30-24,5=5,5 ლარი, რაც 30 თვეზე 165 ლარს შეადგენს, ხოლო 2002 წლის ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე 50 თვეზე - 72 ლარის გათვალისწინებით - 3600 ლარს. სულ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან 3765 ლარის ანაზღაურება და ყოველთვიურად 72 ლარის დაკისრება.
საბოლოოდ მოსარჩელემ, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-12 მუხლის თანახმად, მოითხოვა 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრის ჩათვლით სარჩო გადაანგარიშებული თანხით, თვეში 72 ლარის ოდენობით, რაც (46 თვის განმავლობაში) 3312 ლარს შეადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაეკისრა ვ. ბ-შვილის სასარგებლოდ 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრის ჩათვლით სარჩოს სახით 3312 ლარის ერთდროულად გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივარი წარადგინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა თ. გ-ძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2007 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მხარეს შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შესახებ, მით უფრო, რომ, მისი განმარტებით, კიდური სასამართლოს შენობაში დაიზიანა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას არ ჩაჰბარდა 2007 წლის 13 ივლისის სხდომის შესახებ შეტყობინება, აღნიშნული წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 13 ივლისის სხდომაზე, რის შესახებაც უწყება ჩაჰბარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას კანონით დადგენილი წესით. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაშიც, იგი თავისთავად ვერ გახდებოდა 2007 წლის 3 მაისს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას უმართებულოდ დაეკისრა ვ. ბ-შვილის სასარგებლოდ 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე სარჩო გადაანგარიშებული ოდენობით, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტი და რომელიც მოქმედებდა 2005 წლის ნოემბრამდე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ დაედება საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით კანონიერად არ დააკმაყოფილა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საჩივარი, ვინაიდან მხარემ ვერ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით განსაზღვრულ საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლს 23 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2007 წლის 3 მაისის სხდომაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლის - თ. გ-ძის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხდომის დღეს სასამართლოს შესასვლელთან დაცემის შედეგად ფეხი დაიზიანა და 13.30 საათიდან 16 საათამდე იმყოფებოდა თბილისის მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ რეფორმებისა და რეორგანიზაციების შემდეგ, სამსახური, სადაც ტრავმა მიიღო ვ.ბ-შვილმა, აღარ შედის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს და ეს უკანასკნელი წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის არასათანადო მოპასუხე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივარში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი 2007 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს სხდომის დღეს (2007 წლის 3 მაისს) ფეხზე მიღებული ტრავმის ფაქტზე, რაც გახდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რომლის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნული ფაქტის შეფასებისას ყურადღება მიაქცია იმას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ცნობის თანახმად (დიაგნოზი _ მარჯვენა ქვემო კიდურის ბურსიტი, მენისციტი), თ. გ-ძეს 2007 წლის 3 მაისს ჩაუტარდა ფიზიოპროცედურები, რომლის შემდეგ იგი საჭიროებდა წოლით რეჟიმს 2-3 საათის განმავლობაში, მაგრამ ამ ცნობით არ დასტურდება, თუ რომელ საათზე მიმართა თ. გ-ძემ სამედიცინო დაწესებულებას.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან კასატორი ვერ ადასტურებს სასამართლო სხდომის პროცესში სამედიცინო დახმარების საჭიროებას.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მოყვანილ გარემოებებს, რადგან სასამართლოს მიერ გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹48 ბრძანებულებით განსაზღვრული გადაანგარიშების წესი აღარ მოქმედებს, ხოლო სასამართლომ გამოიყენა ძალადაკარგული ნორმა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს ოდენობით. სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმა მოქმედებდა 2005 წლის ნოემბრამდე (აღნიშნული ნორმა ამოღებული იქნა 7.11.2005 ¹923), ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს ოდენობით მოთხოვნა იურიდიულად ამართლებს ამ პერიოდში მოქმედი ნორმით (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტს) გათვალისწინებულ გარემოებას.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ 2007 წლის 29 ივნისის განჩინება, რომლითაც დაინიშნა საქმის ხელახლა განხილვის დღე _ 2007 წლის 13 ივლისს, 11 საათზე, მას არ ჩაჰბარდა, ხოლო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას სხდომის შესახებ შეტყობინება ჩაჰბარდა 2007 წლის 21 ივნისს, რომელშიც ასევე მითითებულია სხდომის დღე _ 2007 წლის 13 ივლისი - 11 სთ. კასატორი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ხელახლა განხილვის დღე (2007 წლის 13 ივლისს, 11 სთ-ზე) დაინიშნა 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით, 2007 წლის 21 ივნისს სასამართლო სხდომის დღე (2007 წლის 13 ივლისს, 11 სთ-ზე) ვერ იქნებოდა განსაზღვრული. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით მას დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც მან შეავსო 2007 წლის 26 ივნისს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ 2007 წლის 13 ივლისის სხდომის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღე და საათი, რაც დასტურდება სასამართლო შეტყობინებით (ს.ფ.50). ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეტყობინება მხარეს ჩაჰბარდა 2007 წლის 21 ივნისს, ხოლო სასამართლო სხდომის დღე (2007 წლის 13 ივლისს 11 სთ-ზე) დაინიშნა 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით მიუთითებს იმაზე, რომ 2007 წლის 21 ივნისს ჩაბარებული შეტყობინებით დასტურდება განჩინების გამოტანის გარეშე სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირება, რაც წარმოადგენს პროცესუალურ დარღვევას და არა სიყალბეს. ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური დარღვევა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 21 ივნისს ჩაბარებულ სასამართლო შეტყობინებას ხელს აწერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი და დამოწმებულია ამავე ორგანიზაციის ბეჭდით, რაც სადავოდ მხარეს არ გაუხდია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მიზანს წარმოადგენს მხარესათვის ან მის წარმომადგენლისათვის, კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დროსა და ადგილის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 29 ივნისის განჩინება, (რომლითაც დაინიშნა სასამართლო სხდომის დღე _ 2007 წლის 13 ივლისს 11 სთ-ზე) მხარეს არ ჩაჰბარდა, მისთვის აღნიშნული სასამართლო სხდომის დღისა და საათის შესახებ ცნობილი იყო 2007 წლის 21 ივნისს შეტყობინებით, რომელიც ჩაბარებული აქვს კასატორს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მიზანი და ამდენად, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.