Facebook Twitter

¹ას-891-1198-07 13 მაისი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.თ-ძე (მოსარჩელე)

თანამოპასუხე _ ვ. რაიკოოპერატივის გამგეობა

მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.Q.ის საგადასახადო ინსპექცია; ვ. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

20.. წ. .. აპრილს ვ. რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ.თ-ძემ მოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ.გ-ძისა და ვ. რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე მ.დ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ ვ. ცენტრალური აგრარული ბაზრის შესაძენად თანხის გადახდის ნამდვილობის დადგენა და აღნიშნული ბაზრის მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით.

მოსარჩელის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ. ცენტრალური აგრარული ბაზრის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული იყო აუქციონი. მან მეგობრის _ რ.მ-ის დახმარებით საქართველოს ბანკში შეიტანა ბაზრის ღირებულების თანხა ..000 ლარის ოდენობით. მოგვიანებით შეიტყო, რომ აუქციონი გამოცხადდა, მაგრამ არ ჩატარებულა. ვინაიდან თანხა გადახდილი ჰქონდა, მოითხოვა თანხის დაბრუნება ან ბაზრის მესაკუთრედ ცნობა. მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, მხოლოდ დაპირებას ჰქონდა ადგილი. დღემდე საკუთრების მოწმობა არ აუღია. აღნიშნული თანხის გადახდით მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (ტომი 1, ს.ფ. 2).

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ბაზრის შესასყიდად თანხის გადახდის დადასტურება და ბაზრის მესაკუთრედ აღიარება (ტომი 1, ს.ფ. 62).

ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. თ-ძეს 20..წ. .. დეკემბერს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი თანხა _ ..000 ლარი ჩაეთვალა ბაზრის შესასყიდად შეტანილ თანხად და ცნობილ იქნა ვ. აგრარული ბაზრის მესაკუთრედ, საკუთრების მოწმობის გაცემა დაევალა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით (ტომი 1, ს.ფ. 63-65).

20.. წ. .. ნოემბერს ვ. რაიკოოპკავშირმა განცხადებით მიმართა ვ. რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო ყალბ მონაცემებს და ბაზრის მესაკუთრედ ცნო ზ. თ-ძე. 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილების გამოტანისას ზ. თ-ძეს არანაირი თანხა არ ჰქონდა შეტანილი ბაზრის შესასყიდად. არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ვ. რაიონის საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსის _ აბელ აბრამალაძის მიმართ. განაჩენით დადგენილია, რომ 20.. წ. .. ოქტომბერს ა. აბრამალაძემ შეადგინა და გასცა ყალბი ცნობა რ. მინდელის მიერ აგრარული ბაზრის შესყიდვასთან დაკავშირებით ადგილობრივ ბიუჯეტში ..000 ლარის გადახდის თაობაზე. ყალბი ცნობის საფუძველზე გამოტანილ იქნა 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბაზარი ცნობილ იქნა ზ. თ-ძის საკუთრებად (ტომი 4, ს.ფ. 4-6).

საქმე აცილების წესით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს (ტომი 4, ს.ფ. 40-41; 44).

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინებით ვ. რაიკოოპკავშირის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილება ზ. თ-ძის ვ. შპს “ბ-ის” მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, აღნიშნულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება (ტომი 4, ს.ფ. 160-161).

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის განჩინებებით საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნენ ქ.Q.ის საგადასახადო ინსპექცია და ვ. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილება მოპასუხის მხარეზე (ტომი 4, ს.ფ. ..7-..8).

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა 20..წ. .. დეკემბერს გამოცხადებულ აუქციონზე ვ. აგრარული ბაზრის შესასყიდად მის მიერ ..000 ლარის გადახდილად აღიარება და აღნიშნული ბაზრის მესაკუთრედ ცნობა (ტომი 4, ს.ფ. 353-354).

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ... ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 4, ს.ფ. 362-364).

ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და საქმეზე წარმოების განახლების შესახებ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინების გაუქმება (ტომი 4, ს.ფ.368-372).

ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ... ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინება, ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე _ იმერეთის სააღსრულებო ბიურო, რომელიც სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის ..3-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებანი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..0-ე მუხლისა და ..7-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი 5, ს.ფ. 44-48).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა იმერეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ადგენს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას, კერძოდ, ასეთს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლი ითვალისწინებს საქმეში არსებული საბუთების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნის სავალდებულობას. სასამართლომ დაარღვია კანონის აღნიშნული მოთხოვნები, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს არ გაუგზავნა არც სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით და არც მათი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი საქმის მასალების ასლები, აღნიშნული ასლები საჩივრის ავტორს დღემდე არ მიუღია.

20.. წ. 13 აგვისტოდან .. აგვისტომდე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მირიან ხ-ძე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რის გამოც მითითებულ პერიოდში თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ვერ ახორციელებდა. სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და ..3-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.

საჩივრის ავტორის საქმის განხილვაში მონაწილეობის შემთხვევაში სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რამდენადაც გარემოებები, რომელზედაც აპელანტი მიუთითებდა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა (ტომი 5, ს.ფ. 53-53).

ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. 1 ოქტომბრის განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მირიან ხ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორი _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მ. ხ-ძე 20.. წ. .. აგვისტოს სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის სხდომაზე მას ხელწერილით ეცნობა 20.. წ. .. აგვისტოს სხდომის შესახებ. საქმეში არსებული გზავნილით ირკვეოდა, რომ საჩივრის ავტორს, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ეცნობა 20.. წ. .. ივნისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის თაობაზე, თან გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი სამ ფურცლად და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მიეცა 5 დღის ვადა. აღნიშნული გზავნილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიას ჩაბარდა 20.. წ. .. მაისს 11 საათსა და 40 წუთზე, რაც დასტურდებოდა მასზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გზავნილში მითითებული 20.. წ. .. ივნისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორი მ. ხ-ძე გამოცხადდა, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გზავნილი მასში დანართად მითითებული სააპელაციო საჩივრითურთ საჩივრის ავტორს ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მოთხოვნები სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცული იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ 20.. წ. . აგვისტოს სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალების გადაცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მხარისათვის საქმის განხილვამდე გაეგზავნა საქმის მასალების ქსეროასლები. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისა და მისი განსახილველად მიღების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოვალეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გადაუგზავნოს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და დაუნიშნოს ვადა წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაცული იყო, ხოლო საქმის მასალების ქსეროასლების გადაღება მხარის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა და აღნიშნულის განხორციელებაში მხარისათვის სასამართლოს მხრიდან ხელშეშლის ან შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვის დროისათვის კუთვნილ შვებულებაში ყოფნის გამო ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად, ვინაიდან სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელის შვებულებაში ყოფნა არ აბრკოლებდა ამ ორგანოს სამსახურებრივ ფუნქციონირებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..0-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელი პირობას წარმოადგენდა. აპელანტი ითხოვდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ... ივლისის გადაწყვეტილებისა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული ვ. რაიკოოპერატივის _ არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილების წინმსწრები დოკუმენტის _ ამავე სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინების გაუქმებას. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად აპელანტი მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 421-430-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის უფლებით სარგებლობენ მხარეები _ მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ის დამაბრკოლებელი გარემოებანი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტომი 4, ს.ფ. 85-93).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განსჯადობით განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კონკრეტული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და არა სამოქალაქო-სამართლებრივ დავას, რის გამოც საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ზ. თ-ძის სარჩელში და სასამართლო გადაწყვეტილებაში სააღსრულებო ბიურო მითითებულია მოპასუხედ, ე.ი. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით და მოქმედების განხორციელებით ქონების მესაკუთრედ ცნობა. მოცემული დავა უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ვალდებულება ზ. თ-ძეს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ვ. რაიკავშირს შორის, რის საფუძველზეც ზ. თ-ძეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სადავო ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტი, რომ 20.. წ. .. მაისს 11 საათსა და 40 წუთზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიას ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი სამ ფურცლად და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მიეცა ხუთი დღის ვადა, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ამ გზავნილზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, კონკრეტულად, ვის და რომელ უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩაბარდა აღნიშნული გზავნილი. გარდა ამისა, განჩინებაზე არ არის კანცელარიის ბეჭედი, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. კასატორმა 20.. წ. . აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს მიმართა საქმიდან ქსეროასლების გადაღების მოთხოვნით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მას არ გაუგზავნა ქსეროასლები და არც გაუგზავნელობის მიზეზი უცნობებია, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე და 373-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე ამავე კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

კასატორის მოსაზრებით, 20.. წ. . ოქტომბრის განჩინებიდან ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად, როდის ჩაბარდა და საერთოდ ჩაბარდა თუ არა სააპელაციო საჩივარი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს. აღნიშნული განჩინებიდან გამომდინარე, გაუგებარია, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა 20.. წ. .. მაისს თუ იმავე წ. .. ივნისს, რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 373-ე და ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. რაიკოოპკავშირის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აღნიშნულ საქმეზე განახლდა წარმოება და 2 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილება. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 20.. წ. 2 სექტემბრის განჩინება არ საჩივრდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე, 429-ე და 430-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ უნდა გაეუქმებინა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . სექტემბრის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ვ. რაიკავშირი თავდაპირველ სარჩელში მითითებულია თანამოპასუხედ, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება, რომლითაც მხარე ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ვ. რაიონის სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილებაში ვ. რაიკავშირი მითითებულია მესამე პირად, მასში მითითებული არ არის, იგი დამოუკიდებელი მოთხოვნითაა ჩაბმული საქმეში თუ დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი თანამოპასუხის პროცესუალური სტატუსის შეცვლის თაობაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო 20.. წ. . ოქტომბრის განჩინება და ამავე წლის .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად არ მიუთითა, რომელი კანონი ამართლებს ამ მოთხოვნას იურიდიულად, რითაც ასევე დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..4-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. თ-ძემ 20.. წ. .. აპრილს ვ. სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება, სადაც მოპასუხედ დასახელებულია იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვ. სასამართლო აღმასრულებელი ლ. G-იძე. მოცემულ შემთხვევაში კასატორისათვის გაუგებარია, სააღსრულებო ბიურომ როგორ შელახა მოსარჩელის ინტერესები იმ შემთხვევაში, თუ უცვლელი დარჩება ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის და ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააღსრულებო ბიურო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეცვლილი უნდა იქნეს სათანადო მოპასუხე ვ. რაიკავშირით, რადგან პროცესის შედეგები პირდაპირ შემხებლობაშია სწორედ რაიკავშირთან (ტომი 4, ს.ფ. 106-111).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..0-ე და 387-ე მუხლებით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ აპელანტის მოთხოვნას. აღნიშნულ საკითხზე 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ 20.. წ. 1 ოქტომბრის განჩინებაში მოცემული მსჯელობა სრულიად დაუსაბუთებელია.

ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი, არსებითად, აგებულია იმ გარემოებაზე, რომ ვ. რაიკოოპერატივის გამგეობა საქმეზე წარმოადგენდა მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და არ გააჩნდა ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლება. აპელანტის მოსაზრებით, ვ. რაიკოოპკავშირის საქმეში მესამე პირად ჩაბმას დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ადასტურებდა ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მიღებული განჩინება, რომლითაც დაინიშნა მთავარი სხდომა და დადგინდა სხდომაზე მოსაწვევი პირები. მას შემდეგ, რაც განახლდა საქმის წარმოება, 20.. წ. .. მარტს რაიკოოპერატივი საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, 20.. წ. .. მაისის სასამართლო სხდომაზე კი აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე კოოპერატივი კვლავ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება საქმის წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. საქმეში მონაწილე პირის პროცესუალური სტატუსის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა და მარტოოდენ აპელანტის მოსაზრება ვერ შეცვლის აღნიშნულ სტატუსს, თუკი იგი საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მიღებული განჩინება, რომლითაც დაინიშნა მთავარი სხდომა და დადგინდა სხდომაზე მოსაწვევი პირები, არ წარმოადგენს ვ. რაიკოოპერატივის, როგორც მოპასუხის, პროცესუალური სტატუსის შეცვლის დამდგენ დოკუმენტს. ზ. თ-ძის მიერ სარჩელი აღძრულია თანამოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ვ. რაიკოოპერატივის გამგეობის მიმართ (ტომი 1, 2). ის გარემოება, რომ ვ. რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივნისის განჩინებაში ვ. რაიკოოპკავშირის გამგეობა დასახელებულია მესამე პირად, არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა თანამოპასუხის პროცესუალური სტატუსი, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება არც მოსარჩელის შუამდგომლობა და არც სასამართლოს განჩინება მისი, როგორც თანამოპასუხის სტატუსის შეცვლისა და საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ვ. რაკოოპკავშირის გამგეობა მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა არა მესამე პირს, არამედ თანამოპასუხეს, რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სრული უფლება ჰქონდა.

ამასთან, ვ. რაიკოოპერატივი, თავისი არსით, საქმეზე წარმოადგენს სწორედ მოპასუხეს სარჩელზე, რამდენადაც სარჩელის დავის საგანია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ზ. თ-ძის საკუთრების უფლების დადგენა, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა უშუალოდ მის მიმართაც არის მიმართული. ზ. თ-ძე სასარჩელო მოთხოვნას იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და თანამოპასუხე ვ. რაიკოოპერატივის მიმართ ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აუქციონზე გატანილი ქონება, რომლის შესაძენად მან ..000 ლარი გადაიხადა, წარმოადგენდა ვ. რაიკოოპერატივის გამგეობის კუთვნილებას, თუმცა თანხის გადახდის მიუხედავად იმერეთის სააღსრულებო ბიურომ მის მიერ შენაძენ ქონებაზე შესაბამისი განკარგულება არ გასცა.

ასევე გაურკვეველია, რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ საქმის წარმოების განახლებამდე ვ. რაიკოოპერატივი წარმოადგენდა მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და არა დამოუკიდებელი მოთხოვნით, რამდენადაც საქმის მასალებში ამის თაობაზე არაფერი მოიძებნება.

რაიკოოპერატივის, როგორც მოპასუხის სტატუსი შეცვლილია მხოლოდ საქმეზე წარმოების განახლების შემდგომ, კერძოდ, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინებით იგი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (ტ.4, ს.ფ. 197), ხოლო ამის შემდგომ მისი პროცესუალური სტატუსის შეცვლა არ დგინდება. რაც შეეხება ბაღდათის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. მაისის საოქმო განჩინებას, მასში კვლავ საუბარია მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ რაიკოოპერატივი იყოს მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (ტ.4, ს.ფ. ..0), დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად რაიკოოპერატივის ჩაბმის შესახებ განჩინება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, ეს ასეც რომ იყოს, აღნიშნულს არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა საქმის წარმოების განახლების მართლზომიერების შეფასებისათვის. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაზე უფლებამოსილების ქონის საკითხი სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა იმ პროცესუალური სტატუსის გათვალისწინებით, რაც ვ. რაიკოოპერატივს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმის წარმოებაში რეალურად ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალების თანახმად, საქმის წარმოების განახლებამდე არ შეცვლილა ვ. რაიკოოპერატივის, როგორც მოპასუხის პროცესუალური სტატუსი, რის გამოც არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის მოტივის გაზიარება, რომ ვ. რაიკოოპერატივი, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი, არ იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა საქმის წარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა, აპელანტის არგუმენტები თუ შეიცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივების გამაქარწყლებელ მსჯელობას. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 72-75 მუხლებს, რომლის თანახმად, აუქციონზე გატანილი ქონების მყიდველად პირი მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონი ჩატარდა, ამ პირმა მონაწილება მიიღო აუქციონის მსვლელობაში, გაიმარჯვა და მასზე გაიცა სააღსრულებო განკარგულება. სააპელაციო სასამართლომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგინა აპელანტს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ფაქტებს სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე ასევე უნდა გაერკვია სარჩელის განსჯადობის საკითხი, კერძოდ, დავა წარმოადგენდა სამოქალაქო-სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით განსჯადს და დაიშვებოდა თუ არა მისი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.

იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური მოთხოვნები დაცული იყო. კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მისთვის ცნობილი არ ყოფილა და მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. საქმეში არსებული მასალები არ ასაბუთებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ინფორმირებულობის თვალსაზრისით აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის თანასწორობის პრინციპის დარღვევას. სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპების _ შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს მხარეთა საპროცესო უფლებების განმსაზღვრელი ცალკეული ნორმები, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მოწინააღმდეგე მხარეს, ასევე, 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილება, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და ა.შ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს კასატორისათვის სააპელაციო საჩივრის გაგზავნას. საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი, გაეგზავნა კორესპონდენცია “3” ფურცლად და განესაზღვრა ვადა სააპელაციო საჩივარზე წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად (ტომი 5, ს.ფ. 13). მართალია, აღნიშნული გზავნილი არ შეიცავს იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის გაგზავნილი კორესპონდენციის დასახელებას, მაგრამ მისი შინაარსი სრულიად ცხადყოფს, რომ მითითებული კორესპონდენცია სწორედ სააპელაციო საჩივრის ასლს წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სააპელაციო სასამართლოს მეორე სხდომაზე. პირველ სხდომას ესწრებოდა თავად მოწინააღმდეგე მხარის _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი და მას არ განუცხადებია, რომ სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარდა და არ იცნობს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, ამავე სხდომაზე ვ. რაიკოოპერატივის წარმომადგენელმა საქმის განხილვის გადადება სწორედ ამ მოტივით ითხოვა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს სააპელაციო საჩივრის ასლი გადაეცა და საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადაიდო, ხოლო სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელს ასეთივე პრეტენზია არ განუცხადებია (ტომი 5, ს.ფ. 24-..). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მას სააპელაციო საჩივრის ასლი არ ჩაბარებია და სააპელაციო საჩივრის გარემოებანი მისთვის უცნობი იყო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ინფორმირებულობის თვალსაზრისით, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის თანასწორობის პრინციპის დარღვევად ასევე ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მიუხედავად მისი წერილობითი მოთხოვნისა, არ გაგზავნია საქმის მასალების ასლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში ჩამოთვლილი მხარეთა უფლებების, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, ამ მასალების ასლების გადაღების უზრუნველყოფა, ცხადია, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს სასამართლოს მიერ ამ უფლებათა თავად განხორციელებას, იგი გულისხმობს სასამართლოს მიერ მითითებული უფლებების რეალიზებაში მხარეებისათვის დახმარებას, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში არ მოიპოვება, კერძოდ, არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს საქმის მასალების ასლების მიღებაში ხელი შეუშალა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის მომზადების შესაძლებლობა შეეზღუდა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის მასალების ასლები მოთხოვნილია ზოგადად, დაკონკრეტების გარეშე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამ მასალების ასლების მისაღებად ან საქმის გასაცნობად მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მიმართა და აღნიშნულზე უარი ეთქვა. გარდა ამისა, იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის, რომელიც მოცემულ საქმეში ჩაბმული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოდანვე, ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის დარღვევას ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ისევე როგორც 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად არის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი მოსარჩელის მოთხოვნები 20..წ. .. დეკემბერს გამოცხადებულ აუქციონზე ვ. აგრარული ბაზრის შესასყიდად მის მიერ ..... ლარის გადახდილად აღიარებისა და აღნიშნული ბაზრის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ფაქტობრივად, მოსარჩელე ითხოვს, ჩაეთვალოს სადავო ქონება აუქციონზე შეძენილად. შესაბამისად, მოსარჩელის მიზანია მისთვის, როგორც აუქციონზე სადავო ნივთის შემძენზე, სასამართლო აღმასრულებლის მიერ შესაბამისი განკარგულების გაცემა, რაც ხორციელდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული კანონის 75-ე მუხლის მიხედვით, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. აღმასრულებლის მიერ უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემით ხდება აღმასრულებლის მიერ ჩატარებული სააღსრულებო მოქმედებების დამტკიცება, რასაც მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქ.Q.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . ოქტომბრის განჩინება და 20.. წ. .. აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.