საქმე №204აგ-16 24 თებერვალი, 2017 წელი
ლ-ა მ. 204აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით მ. ლ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 9 წლით, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედო ი. ო-ს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ”, „დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მ. ლ-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 12 ივნისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2016 წლის 7 ოქტომბერს მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: ადვოკატმა წარმოადგინა დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 13 და 29 ოქტომბრის დასკვნები და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 23 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლებიც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას; იგი მ. ლ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარედ ჩაერთო 2015 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლოში მოცემულ საქმეზე სასამართლო გამოძიება უკვე დასრულებული იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მოთხოვნის დარღვევით არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლო გამოძიების განახლების, მათ მიერ წარდგენილი მითითებული ექსპერტიზის დასკვნებისა და ცნობის გამოკვლევის შესახებ; აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვს - ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვასა და წარმოდგენილი დასკვნებისა და ცნობის მხარეთა მონაწილეობით გამოკვლევას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მომწესრიგებელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ იყო ცნობილი, ასევე მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსათვის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებული ექსპერტიზის დასკვნები და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა მოპოვებული ჰქონდა ჯერ კიდევ მ. ლ-ს საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 231-ე და 475-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობის გამო, მათ გამოკვლევასა და დაშვებაზე სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა. ამდენად, ამ მოცემულობაში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება გახდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი