ას-898-1107-08 12 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. გ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფ. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. დ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1989 წლის 3 თებერვალს ის და აწ გარდაცვლილი რ. კ-ე დაქორწინდნენ. რამდენიმე წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, ვინაიდან შვილი არ შეეძინათ, მაგრამ განქორწინება არ გაუფორმებიათ. გარკვეული დროის შემდეგ მისმა ქმარმა მოიყვანა მეორე ცოლი, რომლისგანაც შეეძინა შვილი. მოსარჩელემ მოითხოვა ი. და რ. კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააგენტოს ბათუმის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2005 წლის 16 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება ი. დ-სა და რ. კ-ს შორის.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. დ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში. ფ. გ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. დ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ი. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2008 წლის 8 დეკემბერს ი. დ-მ და მისმა წარმომადგენელმა ა. მ-მ განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას, რომლითაც უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პაალატა თვლის, რომ ი. დ-ისა და მისი წარმომადგენლის - ა. მ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან, ი. დ-მ და მისმა წარმომადგენელმა ა. მ-მ უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. დ-ისა და მისი წარმომადგენლის - ა. მ-ის მოთხოვნა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.