საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №579აპ-16 ქ. თბილისი
მ. რ-ი, 579აპ-16 28 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის, მსჯავრდებულების – რ. მ-სა და გ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ა., – დაბადებული -----ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით გ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით რ. მ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2015 წლის 16 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით შეიცვალა: გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით გ. ა-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით; რ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ გ. ა-თვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო მსჯავრდებულ რატი მუმლაძისათვის – სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის, მსჯავრდებულების – რ. მ-სა და გ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე