Facebook Twitter

¹ბს-1013-599(კ-05) 21 თებერვალი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

კასატორი (მოსარჩელე) – ა. ხ-ა, წარმომადგენელი _ ა. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, წარმომადგენელი _ ლ. გ-ი

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ კ. ლ-ე

მესამე პირი – საქართველოს უზენაესი სასამართლო, წარმომადგენელი _ მ. ლ-ე

დავის საგანი – პენსიის ოდენობის გაზრდა, საპენსიო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 3 სექტემბერს ა. ხ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2003 წლის ნოემბრის, 2004 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პენსიის _ 4292 ლარის, 2001 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით, 38 თვის _ 2090 ლარის, სულ 6382 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

ა. ხ-ა 1956 წლიდან 2000 წლის 4 მაისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 1999 წლის 12 მაისის კანონის 24-ე მუხლის “ლ” პუნქტის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით 2000 წლის 4 მაისს შეუწყდა უფლებამოსილება, ამავე კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე კი, 2000 წლის 4 მაისიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია თვეში 1073 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მითითებით, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პენსიაში გასვლისას ენიშნება სამიდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ მუხლით, რომელიც ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაფინანსებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პენსიის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლო დაფინანსებიდან ხდებოდა 2004 წლის ივნისამდე, რის შემდეგაც პენსიის გაცემა შეწყდა. ასევე შეფერხდა პენსიის გაცემა 2003 წლის ნოემბერსა და დეკემბერშიც, თუმცა მოგვიანებით გაიცა დეკემბრის პენსია. გარდა ამისა, არ სრულდება ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პენსიაში გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად. 2001 წლის 1 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი გაიზარდა 55 ლარით, მაგრამ მოსარჩელის პენსია არ გაზრდილა. მოსარჩელის განმარტებით, ის გარემოება, რომ “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა წინადადება “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად”, არ გამორიცხავს მოსარჩელისათვის პენსიის 55 ლარით გაზრდის ვალდებულებას, რადგან 2001 წლის 16 მარტის კანონი მისთვის ზიანის მომტანია, აუარესებს მის მდგომარეობას, რის გამოც მითითებულ კანონს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, უკუქცევითი ძალა არა აქვს მოსარჩელის მიმართ (ს.ფ. 2-3).

ა. ხ-ას სარჩელზე შეპასუხება წარადგინა მოპასუხემ _ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მიუთითა, რომ “უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონი არ იძლევა მოსარჩელე ა. ხ-ასათვის სამისდღეშიო პენსიის გაზრდის შესაძლებლობას, რადგან მითითებულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2001 წლის 16 მარტის კანონით 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა წინადადება “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად”.

რაც შეეხება ა. ხ-ასათვის გაუცემელი პენსიის ანაზღაურებას, რაც დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით, პენსიის გაცემის შეფერხება განპირობებულია ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობით. ამასთან, შეპასუხების ავტორმა აღნიშნა, რომ “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის მიხედვით, მითითებული კანონის მე-40 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის მიერ, რის გამოც უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს (ს.ფ. 9-10; 19).

მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 6382 ლართან ერთად, 2004 წლის სექტემბრის პენსიის ანაზღაურების დაკისრება (1075+55) 1130 ლარის, სულ 7512 ლარის ოდენობით (ს.ფ. 13).

2004 წლის 22 ოქტომბერს ა. ხ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ 2004 წლის 19 ოქტომბერს გაიცა 2003 წლის ნოემბრის, 2004 წლის ივნის-სექტემბრის, სულ ხუთი თვის პენსია – 5365 ლარი, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 2001 წლის 1 ივლისიდან თვეში 55 ლარის დამატება, სულ 40 თვის, 2200 ლარის ოდენობით. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნული თანხის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრება და ამ უკანასკნელის მოწვევა მოპასუხედ (ს.ფ. 23).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა საქართველოს უზენაესი სასამართლო (ს.ფ. 26).

მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევა, ხოლო მესამე პირებად _ ფინანსთა სამინისტროსა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, რადგან უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტში ირიცხებოდა პენსიაზე გასულ მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის ასიგნებები 2001 წლის 1 ივლისიდან დანიშნული დანამატი _ თვეში 55 ლარი, 2004 წლის სექტემბრამდე. 2004 წლის სექტემბრიდან კი უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ა. ხ-ას საპენსიო უზრუნველყოფის განხორციელება დაევალა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამავე კანონის 36-ე მუხლიდან შემდეგი სიტყვების ამოღება _ “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად”, არ გამორიცხავს ა. ხ-ას პენსიის 55 ლარით გაზრდის ვალდებულებას, რადგან 2001 წლის 16 მარტის კანონი ა. ხ-ასათვის ზიანის მომტანია, აუარესებს მის მდგომარეობას, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე მას არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ა. ხ-ას სასარგებლოდ 2001 წლის პირველი ივლისიდან 2004 წლის ივლისამდე, სულ 36 თვის 1980 ლარის, ხოლო 2004 წლის ივლის-დეკემბრის 330 ლარის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრება, ასევე სოცფონდის დავალდებულება შემდგომში მოსარჩელის საპენსიო უზრუნველყოფის (1175+55) 1130 ლარის ოდენობით გაანგარიშების შესახებ (ს.ფ. 34).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 330 ლარის გადახდა, ასევე დაევალა შემდგომში ყოველთვიურად პენსიის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ოდენობით, ხოლო უზენაესი სასამართლოსათვის 1980 ლარის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

რაიონულმა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 330 ლარის დაკისრებისა და საპენსიო უზრუნველყოფის 1128 ლარის ოდენობით გაანგარიშების შესახებ, რადგან ა. ხ-ას პენსია დაენიშნა 2000 წლის 4 მაისს “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე. 2001 წლის 16 მარტს მითითებულ ნორმაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად”. 2001 წლის 1 ივლისიდან კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი გაიზარდა 55 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ხ-აზე არ შეიძლება გავრცელდეს 2001 წლის 16 მარტის კანონი “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2001 წლის 16 მარტს კანონის 36-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონით უკვე მინიჭებულ უფლებას მოქმედი მოსამართლის თანაბრად თანხის მიღების თაობაზე, რითაც უარესდება მისი მდგომარეობა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოსათვის 1980 ლარის დაკისრებას, რაიონული სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 16 სექტემბერს “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მე-40 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. ამდენად, რაიონული სასამართლოს მითითებით, უზენაეს სასამართლოს არ გააჩნია სახელფასო დავალიანების გადახდისათვის ბიუჯეტი. მითითებული მე-6 მუხლი გულისხმობს სწორედ დაგროვილი დავალიანების დაფარვას სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ და იგი არ შეიძლება ითვალისწინებდეს მომავალში წარმოშობილი დავალიანების დაფარვას. ამდენად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, ყველა წარსულში წარმოშობილი დავალიანება, რომლის ანაზღაურებაც ეკისრებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დაევალა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რის გამოც უზენაესი სასამართლო წარმოადგენს არასათანადო მხარეს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მითითებულ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა (ს.ფ. 53-56).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ და სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდმა.

ა. ხ-ამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა სოცფონდისათვის ნაცვლად 330 ლარისა, 2310 (330+1980) ლარის დაკისრება, ასევე ამ უკანასკნელის დავალდებულება შემდგომში პენსიის ახალი გაანგარიშებით _ ყოველთვიურად პენსიის სახით 1128 ლარის გაცემის თაობაზე. გარდა ამისა, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის შესაბამისად, რომლითაც ცვლილებები შევიდა ამავე კანონის მე-12, 29-ე და 34-ე მუხლებში, აპელანტმა მოითხოვა 2005 წლის პირველი იანვრიდან სოცფონდის მიერ მოსარჩელეზე ყოველთვიურად 2086,8 ლარის გაცემა შემდეგი საფუძვლით:

აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსათვის 1980 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანების დაფარვა დაევალა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტში 2001 წლის ივლისიდან 2004 წლის ივნისამდე პერიოდისათვის მოსამართლეთა ხელფასებისა და პენსიონერ მოსამართლეთა საპენსიო ასიგნება სრულად გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რამაც განაპირობა მოპასუხედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევა.

აპელანტმა მიუთითა ახალ მტკიცებულებაზე _ 2004 წლის 21 დეკემბრის კანონზე “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შესახებ, რომლითაც “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონის მე-12, 29-ე და 34-ე მუხლებში შევიდა ცვლილებები და 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი გაიზარდა 85%-ით. აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტმა მოითხოვა 2005 წლის პირველი იანვრიდან ა. ხ-ასათვის პენსიის სახით ყოველთვიურად (1128.85%+1128) 2086,8 ლარის გადახდა (ს.ფ. 58-60).

სოცფონდმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა. ხ-ას მოთხოვნაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ ა. ხ-ას არ უნდა შეეხოს მოცემული ცვლილება, რადგან იგი აუარესებს მის მდგომარეობას და ზიანის მომტანია. აპელანტის აზრით, აღნიშნულ შემთხვევას ა. ხ-ას მიმართ ადგილი არ ჰქონია, მას არ შემცირებია დანიშნული პენსია და შესაბამისად, არც ზიანი მისდგომია. გაუარესება ნიშნავს არსებულის ხელყოფას შემცირების თვალსაზრისით, ხოლო თუ არ იცვლება არსებული მდგომარეობა, ზიანიც არ დგება.

ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ა. ხ-ასათვის პენსიის გაუქმებული ნორმის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით გადაანგარიშებისათვის (ს.ფ. 68-69).

აპელანტმა _ ა. ხ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ა. ხ-ას სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2001 წლის ივლისიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ყოველთვიური განსხვავების _ 45 თვის 55 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც შეადგენს 2475 ლარს, 2005 წლის მარტის ჩათვლით, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის _ (990+2475) 3465 ლარის გადახდა, ანუ ყოველთვიური სარგოს 595 ლარის 40% წელთა ნამსახურობის 248 ლარს 2001 წლის ივლისიდან უნდა დამატებოდა 22 ლარი (595+55=650 ლარის 40%), რაც 260 ლარია, ხოლო წელთა ნამსახურობის ყოველთვიური 22 ლარის განსხვავებით _ 990 ლარი, ასევე აპელანტმა მოითხოვა პენსიის სახით ყოველთვიურად (1095+385) 1450 ლარის გადახდა შემდეგი მოტივით:

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის 29-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90%-ისა. აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, 2005 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონის 29-ე მუხლის ძველი რედაქციის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს წევრს ყოველთვიურად ეძლეოდა დანამატი არანაკლებ პარლამენტის წევრის დანამატისა, რაც შეადგენდა 200 ლარს, რაც გათვალისწინებულია ა. ხ-ას პენსიის ოდენობის გაანგარიშებისას. აპელანტის მითითებით, უნდა მოხდეს ახალი გაანგარიშება და 200 ლარი უნდა ამოირიცხოს საერთო თანხიდან და მის ნაცვლად პენსიას დაემატოს თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90%-ისა, რაც გაანგარიშებული უნდა იქნეს ა. ხ-ას არსებული თანამდებობრივი სარგოდან _ 650 ლარიდან, რაც საბოლოოდ შეადგენს 385 ლარს (585-200) (ს.ფ. 77-79).

ა. ხ-ამ კვლავ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3987,5 ლარის გადახდის დაკისრება და 2005 წლის იანვრიდან ყოველთვიურად პენსიის სახით 1408,5 ლარის გაცემა (ს.ფ. 97-99).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულება, რომლის თანახმად, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონისა” და “საქართველოს სოციალური განვითარების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის ¹156 ბრძანებულების შესაბამისად, “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა” და “სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის” რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა არარსებული იურიდიული პირის მიმართ.

სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რადგან მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იყო უზენაესი სასამართლოსათვის 1980 ლარის, ხოლო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 330 ლარის დაკისრება და შემდგომში პენსიის გადახდის წარმოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით. სააპელაციო პალატის მითითებით, შემდგომში პენსიის გადახდის წარმოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობის მიხედვით განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ-ა 1956 წლიდან 2000 წლის 4 მაისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 1999 წლის 12 მაისის კანონის 24-ე მუხლის “ლ” პუნქტის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით 2000 წლის 4 მაისს შეუწყდა უფლებამოსილება და ამავე კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე 2000 წლის 4 მაისიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად. 2001 წლის 16 მარტის კანონით “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა სიტყვები “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ა. ხ-ას არ უნდა შეეხოს მითითებული ცვლილება, რადგან აუარესებს მის მდგომარეობას და ზიანის მომტანია, რადგან ცვლილებით მოსარჩელისათვის დანიშნული პენსია არ შემცირებულა, არსებული მდგომარეობა პენსიის შემცირების თვალსაზრისით არ მომხდარა, აღნიშნული ცვლილება ა. ხ-ასათვის ზიანის მომტანი არ არის და არ აუარესებს მის მდგომარეობას, რის გამოც, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, რადგან “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, არ აქვს პირდაპირ მინიჭებული უკუძალა, თანახმად “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1 მუხლისა, ხოლო 2001 წლის 16 მარტის კანონით 36-ე მუხლიდან ამოღებულია სიტყვები “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით”, რომლის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაბამისად, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით პენსიის გადაანგარიშების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (ს.ფ. 132-143).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დავალდებულება ა. ხ-ას საპენსიო უზრუნველყოფის განხორციელება “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 1999 წლის 12 მაისის კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ასევე პენსიის გაანგარიშება 2001 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის 55 ლარით გაზრდის კვალობაზე, 2005 წლის 1 იანვრიდან კი “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონში 2004 წლის 21 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების _ მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90%-ის დამატების გათვალისწინებით, კასატორმა ასევე მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება და შემდგომში მისი საპენსიო უზრუნველყოფა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტების მოთხოვნები, რადგან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორედ განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მიეთითა ურთიერთ გამომრიცხავ გარემოებებზე, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ხ-ას წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ არ დაასაბუთა რა ნაწილში, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტშიც მითითებულია სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა, რადგან მოსარჩელეს არ მოუთხოვია შემდგომში პენსიის გადახდის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობის მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ მისი სარჩელის ძირითად მოთხოვნას სწორედ მოქმედი მოსამართლის ხელფასის შესაბამისად პენსიის გაზრდა და გაცემა წარმოადგენდა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა 2001 წლის 16 მარტის კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. კასატორის მითითებით, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს სკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 1996 წლის 31 იანვრის კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი. თუმცა, კასატორის განმარტებით, 2001 წლის 16 მარტის კანონის არაკონსტიტუციურობის საკითხი, რომლითაც ცვლილება შევიდა “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 36-ე მუხლში და მითითებული მუხლიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით”, არ წარმოადგენს მისი სარჩელის საგანს, რადგან მითითებული კანონი არ ვრცელდება ა. ხ-აზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ პასუხი არ გაეცა სააპელაციო საჩივრის გაზრდილ მოთხოვნას, რომ 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის 29-ე მუხლის ახალი რედაქციის მიღების შედეგად იზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90%-ისა. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე, რომ მითითებული კანონიც უნდა გავრცელდეს ა. ხ-აზე.

კასატორის მითითებით, იგი დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მიმართავდა სააპელაციო სასამართლოს, ემსჯელა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იყო აპელაციის შეტანის ვადა, რადგან თავად ა. ხ-ას რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 12 იანვარს და სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 20 იანვარს, 8 თებერვალს კი საქმე გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში, 2005 წლის 18 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და 14 მარტს დაინიშნა მისი განხილვა. ამდენად, 18 თებერვლისათვის მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა, რაც დაადასტურეს ასევე კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, სოცფონდის სააპელაციო საჩივრის მიღება კი გაფორმდა 4 თებერვალს, როდესაც საქმე რაიონულ სასამართლოში იყო, სოცფონდის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა 25 თებერვალს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო 1 მარტს, 7 მარტს გამოიტანა განჩინება სოცფონდის აპელაციის განსახილველად მიღების შესახებ, ხოლო 4 მარტს უკვე მხარისათვის გაგზავნილი ჰქონდა მოპასუხის უთარიღო სააპელაციო საჩივარი, რისი უფლებაც სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მხარისათვის გაეგზავნა ჯერ კიდევ წარმოებაში მიუღებელი სააპელაციო საჩივრის ასლი (ს.ფ. 161-169).

დააზუსტებულ საკასაციო საჩივარში ა. ხ-ამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო კანონმდებლობა, არამედ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები. კასატორის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პენსიაში გასულ მოსამართლეთა მიმართ დაირღვა “ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის” დისკრიმინაციის ამკრძალავი მე-14 მუხლი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აგრეთვე “ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-5 და 26-ე მუხლებს, “შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ” კონვენციის I მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებს, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-7 მუხლს, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის პრეამბულას, მე-5, მე-9 და მე-11 მუხლებს, “ევროპის სოციალური ქარტიის” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც დაუშვებლად თვლის ზიანის მომტანი და მდგომარეობის გამაუარესებელი კანონის უკუძალას /იხ.ს.ფ. 190-192/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

მოწინააღმდეგე მხარეებმა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა არ ცნეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-ას სარჩელზე, მოპასუხე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე მის მიმართ უარის თქმის გამო; ა. ხ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ დაკმაყოფილდეს და დაევალოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გადაუანგარიშოს მოსარჩელე ა. ხ-ას პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად 2006 წლის I იანვრამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად მიუთითა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1. მუხლი, თუმცა, არ იმსჯელა მისი გამოყენების დანიშნულებაზე, ასევე სრულიად ალოგიკური და დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ორგანული კანონის “საერთო სასამართლოების შესახებ” 36-ე მუხლში 2001 წლის 16 მარტის კანონით ბოლო წინადადების ამოღების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რის გამოც მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს /იხ.ს.ფ. 142/, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მოსარჩელისათვის არ არის ზიანის მომტანი და არ აუარესებს მის მდგომარეობას, რაკი მისთვის დანიშნული სამისდღეშიო პენსია არ შემცირებულა, არ ემყარება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და არ გამომდინარეობს დავის საგნის ობიექტური და მართლზომიერი შეფასებიდან.

სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ საერთოდ არ უმსჯელია 2001 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილების მოსარჩელეზე გავრცელების სამართლებრივ შესაძლებლობაზე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394.”ე” მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ხ-ას სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალოს მოსარჩელეს გადაუანგარიშოს და გასცეს პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:

2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ორგანული კანონის “უზენაესი სასამართლოს შესახებ” 36-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელსაც ამავე კანონის 40.7I. მუხლით უკუძალა მიენიჭა, ხოლო მოსარჩელის განცხადებით, 2006 წ. იანვრის თვის პენსია მიიღო უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით (3000 ლარი). პენსიის ამ ოდენობით გაცემის ფაქტი არ უარყო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც (თუმცა, განმარტა, რომ დაშვებული იქნა შეცდომა), ამ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული მომენტისათვის 2006 წლის 1 იანვრიდან ფაქტობრივად, სახეზე არ არის მოსარჩელის დარღვეული უფლება, ამ პერიოდზე არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის უფლებაზე. ამასთან, სადავოს წარმოადგენს სწორედ მითითებულ თარიღამდე _ 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიის გადაანგარიშება და გაცემა, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 404-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე 1956 წლიდან 2000 წლის 4 მაისამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, 2000 წლის 4 მაისს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ორგანული კანონის “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა სამისდღეშიო პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ოდენობით.

მოსარჩელის პენსიაზე გასვლის მომენტისთვის მითითებული კანონის ნორმა ითვალისწინებდა პენსიაზე გასული მოსამართლის პენსიის ცვლილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად.

დადგენილია, რომ 2001 წლის 16 მარტის კანონით ორგანული კანონის 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: “მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით.”

2001 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ¹30/3 ბრძანების საფუძველზე 2001 წლის 1 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების დანამატი განისაზღვრა 255 ლარის ოდენობით, ხოლო “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს წევრი სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრი, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის დანამატი (რომელიც ამ პერიოდისთვის შეადგენდა 200 ლარს) დაექვემდებარა გაზრდას 255 ლარამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ა. ხ-ას მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 2001 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ნოვაცია, შესაბამისად, მისმა პენსიამ უნდა განიცადოს ცვლილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, ვინაიდან:

1. 2001 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილებისათვის კანონმდებელს ნორმისათვის უკუქცევითი ძალა არ მიუნიჭებია სპეციალური დათქმით, როგორც ამას ითვალისწინებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1. მუხლი.

2. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 42.1. მუხლის თანახმად საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

3. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე დღემდე წარმოადგენს საპენსიო ურთიერთობის სუბიექტს, რომელიც თავის მხრივ დენადი სამართალურთიერთობაა, მის მიმართ არ ვრცელდება საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, ვინაიდან სამართლის ნორმა გამოყენებულ უნდა იქნეს დამდგარი ფაქტების იურიდიული შედეგების ე. ი. უფლებების მიმართ, რომელიც შეძენილია ამ ფაქტების საფუძველზე და აგრძელებს არსებობას ახალი კანონის შემოღების პირობებში, მხოლოდ იმ სამართლებრივი რეჟიმით, რომლის მოქმედების დროს წარმოიშვა ეს უფლება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული ყოფა დაკარგავდა უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვეოდა სამართლის ნორმის მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებდა კანონმდებლის სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა სამართლის ნორმისადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის მოქმედების გავრცელება სამართალურთიერთობაზე ასევე გულისხმობს მისი შეფარდების შესაძლებლობას სწორედ ამ სამართალურთიერთობის სუბიექტზე.

მოცემულ შემთხვევაში ორგანული კანონის “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 36-ე მუხლში 2001 წლის საკანონმდებლო ცვლილების სუბიექტს არ წარმოადგენს მოსარჩელე, ვინაიდან იგი თავისი სოციალური სტატუსით წარმოადგენს პენსიაში გასულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც 2000 წლიდან დანიშნული აქვს სამისდღეშიო პენსია, კანონის 1999 წლის 12 მაისის რედაქციის საფუძველზე. ამდენად, პენსიაზე გასული მოსამართლე წარმოადგენს 36-ე მუხლის მხოლოდ ბოლო წინადადების სუბიექტს, ხოლო I წინადადების სუბიექტია მოსამართლე, რომელიც გადის პენსიაში, ანუ მოსამართლე, რომელმაც უნდა მოიპოვოს ეს უფლება _ სოციალური უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1999 წელს კანონმდებელმა მოცემული ნორმატიული აქტის მიღებისას სრულად დაამკვიდრა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული და დაცული მოსამართლის სოციალური გარანტიები _ სახელმწიფოში არსებულ სოციალურ ფონთან შედარებით მაღალი ხარისხის სოციალური დაცვა, მოახდინა რა პენსიონერი მოსამართლის სოციალური უფლების იურიდიული ბმა უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან, მისი ცვლილების გათვალისწინებით, ვინაიდან 1996 წლის 25 ივნისის კანონის “საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” მე-8 მუხლის თანახმად, “დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს წევრისთვის ფულადი გასამრჯელოსა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში’’. მითითებული ნორმის იმპერატიული შინაარსიდან გამომდინარე, ორგანული კანონის 36-ე მუხლით (1999წ. რედაქცია) დადგენილი დათქმა ითვალისწინებს ცვლილებას მხოლოდ პოზიტიური, ხელფასის მატების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა აღმჭურველი ხასიათის იურიდიულ დებულებას წარმოადგენს, ხოლო, კანონმდებელი, რომელიც ნორმაშემოქმედების პროცესში ხელმძღვანელობს ზოგადსამართლებრივი პრინციპებით, სამართლის ზოგადი წესის თანახმად, შეზღუდულია, აღმჭურველი ხასიათის საკანონმდებლო ნოველის გაუქმებისას, სპეციალურად ამაზე მითითების გარეშე იგი გაავრცელოს იმ სუბიექტებზე, რომლებიც წარმოადგენენ მოქმედი ნორმის ადრესატებს და ნორმის საფუძველზე მათ მიერ შეძენილმა უფლებამ დასრულებული სახე მიიღო. სამართლის მითითებული პრინციპი გათვალისწინებულია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1. მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ნორმატიულ აქტს, უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის მიერ ეს პრინციპი დაცული იქნა და ნორმას უკუძალა არ მინიჭებია. 2001 წლის საკანონმდებლო ცვლილებით მოხდა პენსიონერი მოსამართლის პენსიის მოქმედი მოსამართლის ხელფასთან იურიდიული ბმის _ მაღალი სოციალური გარანტიის წყვეტა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეს წყვეტა არ შეიძლება გავრცელდეს უკვე პენსიონერ მოსამართლეზე, არამედ, გაგებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ 2001 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ პენსიაზე გასული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღარ სარგებლობს იმ მაღალი სოციალური გარანტიით /რაც გამოხატული იყო მოქმედი მოსამართლის ხელფასთან პენსიონერი მოსამართლის პენსიის ცვლილების დაკავშირებაში/, როგორითაც ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე პენსიაზე გასული მოსამართლე, ვინაიდან მოსარჩელეს ამ მომენტისათვის უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება – როგორც პენსიონერ მოსამართლეს, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების გათვალისწინებით მიეღო სამისდღეშიო პენსია და სახეზე არ არის უფლება, რომლის შეძენა დროში პერმანენტულად გრძელდება. პენსიაზე გასვლის მომენტში მოსარჩელის უფლებამ დასრულებული სახე მიიღო, ანუ უფლების შეძენას არა აქვს დენადი ხასიათი. საგულისხმოა, რომ ორგანული კანონის 36-ე მუხლმა არაერთგზის განიცადა რედაქციული ცვლილება, მათ შორის, 2005 წლის 23 ივნისის კანონით, მითითებული მუხლი ჩამოყალიბდა 1999 წლის 12 მაისის რედაქციის იდენტურად, მოსამართლისათვის დადგენილი მაღალი სოციალური გარანტიის შემცველი შინაარსის აღდგენით, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ნორმა კვლავ ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელსაც 40.7I მუხლის საფუძველზე უკუქცევითი ძალა მიენიჭა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის ნორმისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭების იურისდიქცია მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია, მისი კანონშემოქმედებითი ფუნქციიდან გამომდინარე, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს _ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი პენსიის გაცემაზე ეფუძნება კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რამდენადაც მოსარჩელე ვერ იქნება ორგანულ კანონში 2001 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილების სუბიექტად მიჩნეული, რაკი მან ეს სტატუსი შეიძინა ამ ნორმის ძალაში შესვლამდე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას შემდეგზე, რომ მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, რის გამოც მის მიმართ უნდა გავრცელდეს ნორმის ახალი რედაქციის მოქმედება, მსჯელობის დავის საფუძველთან დაუკავშირებლობის გამო, ვინაიდან მსჯელობა ამ მიმართულებით შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ იმ პირობებში, თუკი მოსარჩელე მიიჩნევა სუბიექტად, ვისზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება გაზიარებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ უნდა გადაუანგარიშოს მოსარჩელეს პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ პენსიონერმა მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორედ ის სოციალური სიკეთე, რაც მოქმედმა მოსამართლემ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პენსია უნდა გადაანგარიშდეს და გაიცეს იმ ცვლილებებით, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მოთხოვნაზე _ გადაუანგარიშოს და გასცეს პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, არამართლზომიერია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მართებული გაგებიდან.

მოცემული დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ასევე ხელმძღვანელობს “მოსამართლეთა სტატუტის შესახებ” ევროპული ქარტიით /ლისაბონი 1999წ. 8-10 აპრილი/ დადგენილი ძირითადი პრინციპებით, კერძოდ, 1.1. მუხლის თანახმად: “მოსამართლეთა სტატუტი მიზნად ისახავს კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, რასაც ყველა პირი კანონიერად მოელის სასამართლოებისა და ყოველი მოსამართლისაგან, რომელსაც ეკისრება მისი უფლებების დაცვა. სტატუტი გამორიცხავს ყველა დებულებასა და პროცედურას, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს აღნიშნული კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სანდოობაში. ეს ქარტია შედგება იმ დებულებებისაგან, რომლებიც იძლევა მაქსიმალურ გარანტიებს ამ მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. მისი დებულებები მიზნად ისახავს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში გარანტიების დონის ამაღლებას. მაგრამ ეს არ ამართლებს ისეთ ცვლილებებს ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც გამოიწვევს შესაბამის ქვეყნებში უკვე მიღწეული გარანტიების შესუსტებას”.

აღსანიშნავია, რომ ქარტიით ცალკე თავი აქვს დათმობილი მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებას და სოციალურ უზრუნველყოფას, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტს, მათ შორის, 6.4. მუხლის მიხედვით: “სტატუტი ითვალისწინებს, რომ მოსამართლეებს, რომელთაც მათთვის დაკისრებული სამოსამართლო ფუნქციების განხორციელება დაასრულეს განსაზღვრულ ვადაში და მიაღწიეს მოსამართლეთათვის კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს, მიეცემათ პენსია, რომლის ოდენობაც რაც შეიძლება ახლოს იქნება, მათი, როგორც მოსამართლეების, ბოლო ხელფასის ოდენობასთან”.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით ორგანული კანონის “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 36-ე მუხლით /1999წ. რედაქცია/ უზრუნველყოფილ იქნა უზენაესი სასამართლოს წევრის სოციალური უზრუნველყოფის გარანტიის საკმაოდ მაღალი სტანდარტი (არსებული სოციალური შესაძლებლობების გათვალისწინებით), მათ შორის, პენსიაზე გასულ მოსამართლესთან დამოკიდებულებაში, პენსიონერი მოსამართლისათვის მაღალი სოციალური გარანტიების დადგენა თავის მხრივ, წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული პირის საპენსიო უზრუნველყოფას და სოციალურ დაცვას, არამედ, განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპის რეალიზაციას მოქმედი მოსამართლისათვის მაღალი სოციალური უფლებების პერსპექტივით (სამომავლო უფლება) საპენსიო ასაკის მიღწევისას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულებისათვის დაკისრებული ამოცანების გათვალისწინებით, მის ჯეროვან ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. სასამართლოს ჯეროვანი ფუნქციონირება დამოკიდებულია სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციაზე, ხოლო სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაცია მოიცავს არაერთ ასპექტს, მათ შორის, ზემომითითებულ საკითხსაც.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მოპასუხისაგან, ვინაიდან სარჩელი აღნიშნული საფუძვლით წარდგენილი არ ყოფილა, სსსკ 83.2 და 83.3 მუხლებით გათვალისწინებულია სარჩელის საგნის ან საფუძვლის შეცვლის შესაძლებლობის პირობები რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ხოლო სსსკ 381-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოში დაშვებულია მხოლოდ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, განსაზღვრულ პირობებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია სსსკ 406-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში იმპერატიულად არის აკრძალული, რის გამოც კასატორის მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობა ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ხ-ას სარჩელზე მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელზე მის მიმართ უარის თქმის გამო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და სსსკ-ის მე-3 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272 “გ”, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-ას სარჩელზე მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელზე მის მიმართ უარის თქმის გამო; ა. ხ-ას სარჩელი მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ დაკმაყოფილდეს; დაევალოს მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს გადაუანგარიშოს მოსარჩელე _ ა. ხ-ას პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად 2006 წლის I იანვრამდე; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.