¹ას-90-435-07 10 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ჯ. ჩ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ რ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე, დ. ფ-ი, იმერეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – დაყადაღებული ქონებიდან ნივთების ამორიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი...ს, მ. ს-სა და დ. ფ-ს მიმართ დაყადაღებული ქონებიდან ნივთების ამორიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 17 მაისს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მისი შვილის _ ნ. ჩ-ს მამამთილის _ დ. ფ-ს მოძრავი ქონება. დაყადაღებული ქონების ნუსხაში შეტანილ იქნა მის მიერ შვილისათვის მზითვად მიცემული ქონება. ნ. ჩ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, ხოლო სადავო ქონება შესანახად მიაბარა დედამთილ-მამათილს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ჩამოთვლილი ნივთები წარმოადგენს მოვალე დ. ფ-ს საკუთრებას.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით ჯ. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, კერძოდ, ჯ. ჩ-ს სარჩელის განხილვის შედეგად მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არა განჩინება, რომელიც, თავის მხრივ, გასაჩივრდებოდა სააპელაციო და არა კერძო საჩივრით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯ.ჩ-ი არ წარმოადგენდა მოცემულ დავაში სათანადო მხარეს, ვინაიდან დავობდა არა საკუთარ, არამედ შვილის _ ნ. ჩ-ს კუთვნილი ქონების გამო, რაზეც რაიონულ სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, არასათანადო მხარისათვის სათანადო მოსარჩელით შეცვლა არ შეუთავაზებია. აღნიშნულის ნაცვლად, სასამართლო კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილდა მტკიცებულებათა არარსებობის მოტივით, ეს კი გულისხმობს, რომ სარჩელის დასაბუთებულობის პირობებში იგი დაკმაყოფილდებოდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ჩ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზერელედ, რის შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებულია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა ჯ.ჩ-ი არასათანადო მოსარჩელედ, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაეუქმებინა და საქმე დაებრუნებინა იმავე სასამართლოსათვის ჯ.ჩ-ს სათანადო მოსარჩელით შეცვლის საკითხის განსახილველად, რაც არ მომხდარა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ჯ. ჩ-სა და მის წარმომადგენელ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-სა და მის წარმომადგენელ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-სა და მის წარმომადგენელ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ჩ-სა და მის წარმომადგენელ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.