¹ას-905-1191-09 6 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს “საქართველოს რკინიგზა” (მოპასუხე)
კასატორის წარმომადგენელი – ა. ს-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ზესტაფონწყალკანალი”(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
5 მარტს მოსარჩელე შპს „ზესტაფონწყალკანალის“ წარმომადგენელმა ნ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოსა და ზესტაფონის სალიანდაგო დინსტანციის მიმართ და მოითხოვა მათთვის გაწეული მომსახურების დავალიანების თანხის დაკისრება.
მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხე დასავლეთ სალიანდაგო დისტანციას შპს „ზესტაფონწყალკანალის“ სასარგებლდოდ დაკისრებოდა, როგორც ძირითადი თანხა 2560 (ორი ათას ხუთას სამოცი) ლარი, ასევა დავალიანებაზე დარიცხული საურავი, რომელიც შეადგენდა თითოეულ გადაცილებულ დღეზე 0,2%-ს ანუ 1851,36 (ათასრვაას ორმოცდათერთმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, რაც ჯამში შეადგენდა 4411,36 (ოთხიათას ოთხას თერთმეტ ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი)ლარს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ზესტაფონწყალკანალი”-ს წარმომადგენლის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზი”-ს წარმომადგენელმა ა. საღირშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს “საქართველოს რკინიგზი”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ზესტაფონწყალკანალსა“ და სალიანდაგო დისტანციას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 2002 წლის 1 აგვისტოს დადებული იქნა ხელშეკრულება ჩამდინარე წყლის მიწოდებაზე, რომლის თანახმადაც ზესტაფონის სალიანდაგო დისტანცია ვალდებული იყო ყოველთვიურად 25 რიცხვამდე შპს „ზესტაფონწყალკანალის“ ანგარიშზე მომსახურეობისათვის ჩაერიცხა 70 ლარი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვშევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2% საურავი.
- 2006 წლამდე სალიანდაგო დისტანცია კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
- საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის შესაბამისად 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრისათვის (ნოემბრის ჩათვლით), ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციის დავალიანებამ შეადგინა 4411,36 ლარი.
- შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376\გ ბრძანების საფუძველზე, ზესტაფონის სალიანდაგო დისტანცია მასზე დარიცხული ქონებით გადაეცა შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალს დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოს.
- შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376\გ ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციის ქონების შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალ „დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოზე“ გადაცემის შემდეგაც გრძელდებოდა და არ შეწყვეტილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და ჩამდინარე წყლის მიწოდება.
- დასავლეთის სალიანდაგო სამმართველო და ამავე სამმართველოს ზესტაფონის რეგიონი წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს და სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს შპს „საქართველოს რკინიგზა“.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან შპს „საქართველოს რკინიგზას“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376\გ ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციას მასზე დარიცხული ქონებით გადაეცა შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალ „დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოს“, ამასთან ხელშეკრულები გათვალისწინებული პირობების შესრულება გრძელდებოდა და არ შეწყვეტილა, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება, რაც ჰქონდა შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალს ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციას შპს „ზესტაფონწყალკანალის“ მიმართ გადავიდა დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოს ბალანსზე და მოპასუხე მხარე შპს „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებული იყო განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ზესტაფონის სალიანდაგო დისტანცია, რომელიც შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376\გ ბრძანების საფუძველზე გაუქმებული იქნა არ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს 376\გ ბრძანებით ზესტაფონის სალიანდაგო დისტანცია მასზე დარიცხული ქონებით გადაეცა შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალ „დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოს“, მაგრამ ეს მოქმედება არ უნდა ჩაითვალოს ლიკვიდაციად, რა დროსაც უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.
პალატის განმარტებით, ლიკვიდაცია წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებას, რომლითაც დაწესებულება, როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებამოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. განსახილველ შემთხვევაში შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენელრალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376\გ ბრძანებით, ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციამ განიცადა რეორგანიზაცია, რა დროსაც იგი გარდაიქმნა შპს „საქართველოს რკინიგზას“ ფილიალ „დასავლეთ სალიანდაგო სამმართველოდ“. რომელმაც განაგრძო მისი წინამორბედის მიერ დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჩამდინარე წყლის მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა მომსახურეობის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.2% საურავი (პირგასამტეხლო), გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა საურავი 1851,36 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზის წრმომადგენელმა ა. ს-შვილმა.
კასატორის განცხადებით, 2002 წლის 1-ლი აგვისტოს ხელშეკრულება დადებულია შპს “ზესტაფონწყალკანალსა” და ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციას შორის და აღნიშნული საფუძველზე მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა. შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის 2005 წლის 17 აგვისტოს ¹376/გ ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის სალიანდაგო დისტანცია მასზე რიცხული ქონებით გადაეცა შპს “საქართველოს რკინიგზის” ფილიალს “დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს”, რომელთანაც 2009 წლის სექტემბრამდე ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიანებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რადგანაც სამართლებრივი ურთიერთობა შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ზესტაფონწყალკანალს“ შორის არ არსებობდა.
კასატორის განცხადებით „გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული“, კერძოდ სასამართლომ შპს „საქართველოს რკინიგზას“ ძირითად თანხასთან 2560 ლართან ერთად თითოეულ გადაცილებულ დღეზე დააკისრა საურავი 1851,36 ლარის ოდენობით და გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული თუ რის საფუძველზე დააკისრა შპს „საქართველოს რკინიგზას“ საურავი. აქედან გამომდინარე თანახმად „გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,საქართველოს რკინიგზის”საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს _ შპს ,,საქართველოს რკინიგზის”უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს _ შპს ,,საქართველოს რკინიგზის” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.