Facebook Twitter

ას-907-1214-07 .. მაისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო, წარმომადგენელი შ. კ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ძე; სს “ტ-ი” (მოპასუხეები)

მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. .. თებერვალს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მოპასუხეების _ გ. ქ-ძისა და სს “ტ-ის” გაკოტრების მმართველის, მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. ქ-ძისათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩოს დანიშვნის შესახებ სს “ტ-ის” 20.. წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მიღებული სარჩოს თანხის უკან დაბრუნება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “ს-ის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 19..წ. .. ოქტომბრის ¹...-ა ბრძანებულების მე-6 პუნქტის თანახმად, ს-ის დეპარტამენტის შახტებში 19.. წლამდე დასაქმებული მუშახელისათვის ტრავმით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ახორციელებდა საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. 19.. წ. “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-.. მუხლის თანახმად, დეპარტამენტ “ს-ის” სისტემის შახტებში 19.. წლამდე მომხდარი ავარიების შედეგად დასახიჩრებულ და დაავადებულ მუშაკებზე დანიშნულ რეგრესულ პენსიებს 19.. წ. განმავლობაში სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი გასცემდა დეპარტამენტ “ს-ის” გაანგარიშების საფუძველზე. ბიუჯეტის ყოველწლიური კანონების, ფონდსა და “ტ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საზოგადოებიდან მოწოდებული სახელობითი სიების საფუძველზე, სადაც გაანგარიშებული იყო თითოეული მიმღების სარჩოს ოდენობა, ფონდი ახდენდა შესაბამისი თანხების დაფინანსებას. 20.. წლიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 19.. წ. . თებერვლის ¹.. და “საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.. წ. . დეკემბრის ¹... ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 100%-იან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაზარალებულთა აღრიცხვის, სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია დაეკისრა ფონდს. შესაბამისად, ფონდმა განახორციელა “ტ-ის” ხაზით სარჩოს მიმღებთა პირადი საქმეების მონიტორინგი, მათ შორის, შესწავლილ იქნა მოპასუხე გ. ქ-ძისათვის სარჩოს დანიშვნის შესახებ საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. შესწავლით დადგინდა, რომ გ. ქ-ძეს, როგორც საწარმოო ტრავმით დაზარალებული და 19..წელს გარდაცვლილი ი. ქ-ძის შვილს, სს “ტ-ის” 20.. წ. .. ოქტომბრის ¹.. ბრძანების საფუძველზე 20.. წ. .. ივლისიდან დაენიშნა ყოველთვიური სარჩო, თუმცა ის არ წარმოადგენს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. გ. ქ-ძეს საერთო დაავადებით შესაძლებლობის შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხი წლების განმავლობაში დადგენილი აქვს მხოლოდ თითო წლით. მას მორიგი გადამოწმება უწევდა 20..წ. .. აგვისტოს, საქმეში წარმოდგენილი არ არის მიმდინარე პერიოდში მისი შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 19.. წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულების 35-ე მუხლი შრომისუუნარო პირებში არ ასახელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც ნორმატული აქტის ხარვეზად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნულის მიუხედავად გ. ქ-ძე არ წარმოადგენდა ბავშვობიდან ინვალიდს, რის გამოც სარჩოზე უფლებას ვერ მოიპოვებდა. მოსარჩელის მითითებით, იმავე ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის მეხუთე პუნქტით მას დადგენილი უნდა ჰქონდეს ბავშვობიდან ინვალიდის სტატუსი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, მისი უფლება სარჩოს მიღებაზე ტ-ის ¹... ბრძანებით განსაზღვრულია კანონშეუსაბამოდ (ტ.1, ს.ფ. 5-6).

მოპასუხე გ. ქ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მამა ი. ქ-ძე 19.. წ. .. დეკემბერს დაიღუპა მეთანის გაზის შახტაში აფეთქების შედეგად, როდესაც ის ორი წლის იყო. ამის შემდგომ მას დაენიშნა სარჩოს პენსია 18 წლის ასაკამდე, ხოლო სრულწლოვანების მიღწევამდე, 17 წლამდე დაინვალიდდა. სარჩოს თანხის დარიცხვა შეუწყდა შემდგომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაზე გაუტარებლობის გამო. 20.. წ. .. ივლისს იგი გატარდა აღნიშნულ კომისიაზე, რის შემდეგ მიმართა სს “ტ-ის” ადმინისტრაციას და ერთი წლის ვადით აღუდგა სარჩოს დარიცხვა (ტ.1, ს.ფ. 14, 35-36).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. ქ-ძის მამა ი. ქ-ძე საწარმოო ტრავმის შედეგად 19.. წელს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების დროისათვის მოპასუხე იყო 2 წლის, ხოლო სრულწლოვანების მიღწევამდე, კერძოდ, 19.. წელს გახდა ინვალიდი, რის გამოც სს “ტ-ის” 20.. წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანებით მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნა ყოველთვიური სარჩო.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მსჯელობა სარჩოს უკანონოდ დანიშვნის შესახებ არ ექვემდებარებოდა გაზიარებას, რადგან 20.. წლის .. ოქტომბრისათვის, სარჩოს დანიშვნის დროისათვის, მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 19.. წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”, რომლის 35-ე მუხლის თანახმად, შრომისუუნაროდ ითვლებოდნენ არასრულწლოვანი პირები 18 წლის ასაკამდე, თუ ისინი დაინვალიდდნენ 18 წლის ასაკამდე. აღნიშნული ბრძანებულება სარჩოს მიღებისათვის არ მოითხოვდა პირის დაბადებიდან ინვალიდობის სტატუსის არსებობას (ტ.1, ს.ფ. 103-104).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.1, ს.ფ. 107-108).

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. ქ-ძის მამა ი. ქ-ძე გარდაიცვალა 19.. წელს. ი. ქ-ძის შვილს _ გ. ქ-ძეს სს “ტ-ის” 20.წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანების საფუძველზე 20.წ. ივლისის თვიდან დაენიშნა ყოველთვიური სარჩო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად, თუ რამდენად კანონშესაბამისი იყო გ. ქ-ძისათვის ბრძანებით დანიშნული სარჩო, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულება. სააპელაციო სასამართლომ ამ ბრძანებულების 35-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ქ-ძე, რომელიც, მოსარჩელისავე განმარტებით, 17 წლის ასაკში დაინვალიდდა, არ წარმოადგენდა სარჩოს მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ¹.. ბრძანებულების 35-ე მუხლის ძალით ზიანის ანაზღაურების უფლებით მარჩენალის გარდაცვალების გამო სარგებლობდნენ შრომისუუნარო პირები, ხოლო იმას, თუ ვინ იყო შრომისუუნარო პირი, აკონკრეტებდა ამავე მუხლის ბოლო წინადადება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საარქივო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად გ. ქ-ძე 19.. წ. იყო საშუალო სკოლის მოსწავლე და ამავე წლის .. ივნისს დაამთავრა საშუალო სკოლის სრული კურსი. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის თანახმად გ. ქ-ძე დაინვალიდდა 19.. წ. . ივნისს .. წლის ასაკში, სკოლის დამთავრებამდე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ¹.. ბრძანებულების 35-ე პუნქტის თანახმად გ. ქ-ძეს სარჩო კანონშესაბამისად ჰქონდა დანიშნული როგორც ასაკის, ისე ინვალიდობის ფაქტორის გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გაცემული თანხების უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულების 61-ე მუხლით, რომლის თანახმად ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე, ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემთა დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებდა ვერც ერთ იმ გარემოებაზე, რაც გაცემული თანხების უკან დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი შეიძლება ყოფილიყო (ტ.2, ს.ფ. 68-75).

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (წარმომადგენელი შ. კ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, “ს-ის დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 19..წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანებულების მე-6 პუნქტის თანახმად, ს-ის დეპარტამენტის შახტებში 19.. წლამდე დასაქმებული მეშახტისათვის ტრავმით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ახორციელებდა საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი “ს-ის” დეპარტამენტის გაანგარშებისა და სიების საფუძველზე. 20.. წ. დაზარალებულთა სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაეკისრა სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს. ამ ფუნქციის დაკისრების შემდეგ ფონდმა მოახდინა “ტ-ის” ხაზით სარჩოს მიმღებთა პირადი საქმეების მონიტორინგი. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გ. ქ-ძის მამა ი. ქ-ძე დაიღუპა 19.. წლის .. დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 19.. წ. . მარტის განჩინებით გ. ქ-ძეს დაენიშნა სარჩო სრულწლოვანებამდე იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 473-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად არასრულწლოვანებს ზიანის ანაზღაურება ეძლეოდათ თექვსმეტი წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო მოსწავლეებს _ თვრამეტ წლამდე. გ. ქ-ძემ საშუალო სკოლა დაამთავრა 1975 წელს. ამ დროს იგი იყო 17 წლისა და 8 თვის და, ბუნებრივია, მას შეუწყდა სარჩოს მიცემა. ამის შემდეგ გ. ქ-ძემ შახტის ადმინისტრაციას წარუდგინა ტყიბულის სოცუზრუნველყოფის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ იგი თითქოს არის მესამე ჯგუფის ინვალიდი საერთო დაავადებით და არა ბავშვობიდან ინვალიდობით, როცა ის სარჩოს უფლებას მართლაც მოიპოვებდა. კასატორის მითითებით, გ. ქ-ძე აშკარად საეჭვო დოკუმენტით მესამე ჯგუფის ინვალიდობის მიკუთვნების დროს აღარ სწავლობდა და თექვსმეტ წელს გადაცილებული იყო. ამასთან, იგი არასოდეს ფლობდა ინვალიდი ბავშვის სტატუსს. მიუხედავად ამისა, შახტის ადმინისტრაციამ 19.. წ. . დეკემბრის ¹... ბრძანებით გ. ქ-ძეს დაუნიშნა სარჩო და განუახლა სარჩოს მიცემა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გ. ქ-ძე საექიმო კომისიაზე აღარ გატარებულა და მას შეუწყდა სარჩოს მიცემა. ამ შემთხვევაში, მოქმედი ნორმების შესაბამისად, მოხდა მისი როგორც ინვალიდის რეაბილიტაცია.

კასატორმა მიუთითა, რომ 20.წ. .. ივნისს გ. ქ-ძე კვლავ გატარდა საექიმო კომისიაზე და დაუდგინდა მესამე ჯგუფის ინვალიდობა საერთო დაავადებით და არა ბავშვობიდან ინვალიდობით, რის საფუძველზე “ს-ის” ადმინისტრაციის 20.წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანებით კვლავ დაენიშნა სარჩო. კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ბრძანებაში სარჩოს დანიშვნის საფუძვლად მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულება, რომელიც სარჩოს დანიშვნას მხოლოდ ბავშვობიდან ინვალიდებისათვის ითვალისწინებს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გ. ქ-ძისათვის სარჩოს დანიშვნის კანონიერების დადგენის დროს გამოიყენა პრეზიდენტის ¹.. ბრძანებულება და არა ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 473-ე მუხლი. კასატორისათვის მიუღებელია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ცნობა, რომ თითქოს გ. ქ-ძე დაინვალიდდა 19.. წ. .ივნისს .. წლის ასაკამდე სკოლის დამთავრებამდე, რადგან საპენსიო საქმეში არსებული მასალები აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსისაა. კასატორის მოსაზრებით, ზემომითითებული ცნობა გაყალბებულია და საჭიროებს გადამოწმებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ განახორციელა (ტ.2, ს.ფ. 95-96).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია:

მოპასუხე გ. ქ-ძის მამა ი. ქ-ძე საწარმოო ტრავმის შედეგად 19.. წ. გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების დროისათვის მოპასუხე იყო 2 წლის. გ. ქ-ძემ 19.. წ. .. ივნისს დაამთავრა საშუალო სკოლის სრული კურსი. გ. ქ-ძე დაინვალიდდა 19.. წ. . ივნისს .. წ. ასაკში, სკოლის დამთავრებამდე. სს “ტ-ის” 20..წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანების საფუძველზე გ. ქ-ძეს 20.წ. ივლისიდან დაენიშნა სარჩო ერთდროულად 20.წ. .. ივლისიდან . ოქტომბრამდე 88 ლარი, ხოლო 20.წ. . ოქტომბრიდან 20.. წლის .. ივნისამდე ყოველთვიურად სამთო მაშველის მებრძოლის საშუალო გამომუშავების 50%.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოცემულ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს პრეზიდენტის 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”. აღნიშნული ბრძანებულების 63-ე მუხლის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ წესის ნორმები, ამდენად, თავად აღნიშნული ბრძანებულებითაა განსაზღვრული მისი გავრცელება მის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ და სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის განხილვისას სწორად იხელმძღვანელა მითითებული ბრძანებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 35-ე მუხლის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალებისას ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე, ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ ვინ მიეკუთვნება შრომისუუნარო პირს, მათ შორის, ასეთად გათვალისწინებულია არასრულწლოვანი პირები 18 წლის ასაკამდე (სტუდენტები სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 23 წლის ასაკისა) ან უფრო მეტი ხნის, თუ ისინი დაინვალიდდნენ 18 წლის ასაკამდე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. ქ-ძემ საშუალო სკოლა დაამთავრა 19.. წ. .. ივნისს, ხოლო დაინვალიდდა 19.. წ. . ივნისს, სრულწლოვანებამდე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მიუღებელია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ცნობა 19.. წ. . ივნისს სკოლის დამთავრებამდე დაინვალიდების შესახებ, საპენსიო საქმეში არსებული მასალები აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსისაა და ცნობა გაყალბებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოპასუხე გ. ქ-ძემ პირველივე ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 19.. წ. . ივნისიდან მისი ინვალიდობის დამადასტურებელი ცნობა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აღნიშნული ცნობა არასწორია და გ. ქ-ძე 19.. წ. . ივნისს არ დაინვალიდებულა, აწევს კასატორს, ხოლო მას არც ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუხდენია თავისი მტკიცების აღნიშნული ტვირთის რეალიზაცია, კასატორი მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება, რაც ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად.

ამდენად, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სს “ტ-ის” 20.წ. .. ოქტომბრის ¹... ბრძანება გამოცემულია კანონის დარღვევით და არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა მიღებული სარჩოს თანხების უკან დაბრუნების ნაწილშიც. საქართველოს პრეზიდენტის 19..წ. . თებერვლის ¹.. ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 61-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე. კასატორი ვერ ადასტურებს თანხის დაბრუნების ვერც ერთი ზემოჩამოთვლილი საფუძვლის არსებობას, რის გამოც ამ ნაწილშიც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.