Facebook Twitter

ას-910-1118-08 24 აპრილი 2009 წ

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს ,,ს. რ.”(მოპასუხე)

წარმომადგენელი---თ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე--- შპს ,,მ. ჯ.”(მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ-ას“ დაევალა შპს „მ. ჯ-ას“ კუთვნილი რკინიგზის ფოთის სადგურში არსებული 28 ვაგონში ჩატვირთული 1400 ტონა მანგანუმის კონცენტრანტის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი შპს „მ. ჯ-ას“ მიმართ არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა ვაგონების მოცდენის გამო მიყენებული ზიანის 603 375 ლარის ანაზღაურებაზე, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შპს „ს. რ-ის” მიერ;

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 01 იანვარს შპს „მ. ჯ-ასა“ და სლოვაკეთის ფირმა „მ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, შპს „მ. ჯ-ას“ მიერ ფირმა „მ-ვის“ მანგანუმის მადნისა და კონცენტრანტის მიყიდვის შესახებ.

შპს „მ. ჯ-ამ“ ფირმა „მ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებად ანუ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულების მხარისათვის მიწოდების მიზნით 2005 წლის თებერვლის ბოლოს შპს „ს. რ-თან“ დადო გადაზიდვის ხელშეკრულება.

2005 წლის 18 და 22 თებერვალს შპს „მ. ჯ-ამ“ გადაიხადა გადაზიდვის ღირებულება ჯამში - 11 398,18 ლარის ოდენობით.

2005 წლის 03 თებერვლის სასამართლოს განჩინებით, ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სს „ჭ-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მანგანუმის მწარმოებელი იურიდიული პირების მიერ მანგანუმის კონცენტრანტით დატვირთულ ყველა ვაგონს; შპს „ს. რ-ის“ ფილიალ სადგურ ჭიათურას აეკრძალა მანგანუმით დატვირთული ვაგონების გადაგზავნა, გარდა სს „ჭ-ისა“;

2005 წლის 03 თებერვლის გაჩინება ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ შპს „მ. ჯ-ას“ განცხადების საფუძველზე განმარტა და მიუთითა, რომ შპს „ს. რ-ას“ ფილიალ სადგურ ჭიათურისათვის დაწესებული აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ განჩინების ჩამონათვალში მითითებულ იურიდიულ პირებზე და არა სხვა რომელიმე პირზე.

2005 წლის 01 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სს „ჭ-ის“ განცხადების საფუძველზე აუკრძალა შპს „ს. რ-ას“ და მის ფილიალებს - სადგურ ზესტაფონს და სადგურ ჭიათურას, მანგანუმის მადნით და მანგანუმის კონცენტრატით დატვირთული ვაგონების გაგზავნა და სს „ჭ-სა“;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 01 მარტის განჩინების საფუძველზე შპს „მ. ჯ-ას“ ტვირთით დატვირთული ვაგონები გაჩერდა სადგურ სამტრედიაში;

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის 2005 წლის 23 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მ. ჯ-ას“ განცხადება და შპს „ს. რ-ას“ დაევალა სამტრედიის სადგურში გაჩერებულ 28 ვაგონში დატვირთული შპს „მ. ჯ-ას“ კუთვნილი მანგანუმის კონცენტრატის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე;

2005 წლის 01 მარტიდან 2005 წლის 23 მარტამდე პერიოდში ვაგონების მოცდენის გამო შპს „მ. ჯ-ას“ დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები 28 877 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ გადახდილ იქნა;

2005 წლის 25 მარტის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ჭ-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და ყადაღა დაედო შპს „მ. ჯ-ას“ სახელზე რიცხულ მანგანუმის კონცენტრატს, რომელიც განთავსებული იყო შპს „მ. ჯ-ას“ სახელზე გამოყოფილ ვაგონებში და აიკრძალა აღნიშნული პროდუქციის გადაადგილება. ამ განჩინების საფუძველზე რკინიგზის ფოთის სადგურზე გაჩერებული იქნა შპს „მ. – ჯ-ას“ კუთვნილი მანგანუმის კონცენტრატით დატვირთული 28 ვაგონი;

შპს „მ. ჯ-ას“ კერძო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით, დაევალა სს „ჭ-ს“ შპს „მ. ჯ-ვის“ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველფყოფა - 200 000 ლარით;

სს „ჭ-ის“ მიერ უზრუნველყოფის წარმოუდგენლობის გამო, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის განჩინება;

2008 წლის 08 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს „ს. რ-ას“ დაერთო ნება შპს „მ.-ჯ-ას“ მიმართ შეესრულებინა გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სს „ს. რ-ამ“ 2005 წლის 25 მარტიდან 2005 წლის 08 აგვისტომდე პრეიოდისათვის ვაგონების მოცდენისა და ტვირთის შენახვის ღირებულება დაარიცხა შპს „მ. ჯ-ას“, დღე-ღამეში 2030,84 ლარის ოდენობით;

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ შპს „მ. ჯ-ას“ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენს რკინიგზასთან შეთანხმებული გადაზიდვის საზღაურის გადახდა სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და დაადგინა, რომ შპს „მ.-ჯ-ამ“ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა - წინასწარ გადაიხადა გადაზიდვის ღირებულება, რის შედეგადაც რკინიგზას წარმოეშვა ვალდებულება შპს „მ.-ჯ-ას“ კუთვნილი ტვირთი გადაეზიდა დანიშნულების ადგილზე.

პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წლის 25 მარტიდან 2005 წლის 08 აგვისტომდე, რკინიგზის ფოთის სადგურში ვაგონების მოცდენის (დგომის) გამო დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულება შპს „მ. ჯ-ას“ არ ჰქონდა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე რკინიგზის მიერ ვაგონების გაჩერების (მოცდენის) გამო პასუხისმგებლობა ტვირთგამგზავნზე არ არის დაკისრებული. შპს „მ.-ჯ-ამ“ დაწესებულ ვადაში დატვირთა მისთვის გამოყოფილი ვაგონები, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ტვირთგამგზავნის მხრიდან არც ვაგონების დატვირთვის დაგვიანება, არც ვაგონის დაგვიანებით დაბრუნება და არც ვაგონის მიღების დაყოვნება, ანუ არც ერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომწვევი გარემოება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ-ამ”

კასატორის განმარტებით , თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით, სს „ჭ-ს“ დაევალა „მ.-ჯ-ვის“ მოსალოდნელი ზიანის უზრუნველსაყოფად, 20 დღის ვადაში 200 000 ლარის დეპოზიტზე განთავსება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამდენად, 2005 წლის 25 მარტიდან 8 აგვისტომდე, მანგანუმის კონცენტრატით დატვირთული 28 ვაგონი დაყადაღებული იყო სასამართლო განჩინების საფუძველზე და სარჩელის უზრუნველყოფის სახით აკრძალული იყო მისი გადაადგილება, ანუ 25 მარტიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ადგილი ჰქონდა ვაგონების მოცდენას და რომ არა სარჩელის უზრუნველყოფა, რკინიგზა ამ ვაგონებით განახორციელებდა სხვა გადაზიდვას და შესაბამისად მიიღებდა მოგებას.

კასატორის აზრით, შპს „მ.-ჯ-ას“, როგორც ტვირთმფლობელის (ტვირთგამგზავნის) პასუხისმგებლობა ვაგონების მოცდენის (დაყოვნების) გამო საფასურისა და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ იმპერატიულად არის დადგენილი სარკინიგზო კოდექსით და „მ.-ჯ-ა“ ვალდებული იყო რკინიგზისათვის აენაზღაურებინა 2005 წლის 25 მარტიდან 28 ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის ხარჯები, როგორც ეს გააკეთა სამტრედიაში ვაგონების დაყოვნების შემთხვევაში.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უსაფუძვლოდ არ გაიზიარა რკინიგზის ეს მოსაზრება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე მუხლების უსწორო განმარტების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც სამოქალქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

კასატორის მითითებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2005 წლის 24 მარტიდან 8 აგვისტომდე „მ.-ჯ-ას“ მანგანუმის კონცენტრატით დატვირთული 28 ვაგონის მოცდენა გამოწვეული იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ პროცესუალურ მხარეებთან (სავარაუდო მოსარჩელე - უზრუნველყოფაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი - სს „ჭ-ი“ და მოპასუხე შპს „მ.-ჯ-ა“) და არა მესამე პირებთან (შპს „ს. რ-ა“) სსკ 199-ე მუხლის საფუძველზე უშუალოდ არ შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს პირდაპირ სს „ჭ-გან“, სარჩელი აღძრა „მ.-ჯ-ას“ მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ 28 ვაგონის ფოთის სადგურში დაყოვნება გამოწვეული იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების საფუძველზე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ს. რ-ის’’ მიერ შპს „მ. ჯ-ას“ ტვირთის გადაზიდვისას ადგილი ჰქონდა ვაგონების მოცდენას 2005 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 23 მარტამდე, რისთვისაც მას დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები 28877 ლარის ოდენობით. Aასევე 2005 წლის 25 მარტიდან 2005 წლის 8 აგვისტომდე ტვირთის შენახვისა და ვაგონების მოცდენის ღირებულება 2030,84 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე მუხლები და სწორად იმსჯელა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაუშვებლობის თაობაზე. საკასციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარებს როგორც საქმეში არსებული მასალებიდან, ასევე კანონის მოთხოვნებიდან. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოხდა შპს ,,ს. რ-ის’’ ვაგონების მოცდენა შპს ,,მ. ჯ-ას’’ ტვირთის გადაზიდვისას. უდავოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულში ბრალი რკინიგზას არ მიუძღვის (იგულისხმება 2005 წლის აგვისტომდე პერიოდი ). ხოლო ყოველი ვაგონის მოცდენა შესაბამისი ანაზღაურების გარეშე გულისხმობს რკინიგზისათვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ რკინიგზა პასუხს აგებს მისთვის Mმიყენებული ზინისათვის, ისე რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის ასეთი შედეგის დადგომაში. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება თვით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმარტიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა. სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისათვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლება დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. Fროგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს ,,მ. ჯ-ამ’’ გადააცილა ვაგონებში ტვირთის განთავსების ვადას. ამასთან, ტვირთი გაჩერდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, რომელიც სასამართლომ მიიღო სს „ჭ-ის“ განცხადების საფუძველზე. ტვირთი გაჩერდა ტვირთმფლობელის მიზეზით და ასეთი შედეგი არანაირად არ არის განპირობებული რკინიგზის ბრალით ან მიზეზით. ვაგონის მოცდენისას თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ზიანი ადგება რკინიგზას. სასამართლო ვალდებულია დაიცვას როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ინტერესი, მაგრამ ერთი მხარის ინტერესების დაცვით, არ შეიძლება შეილახოს მეორე მხარისათვის კანონით მინიჭებული უფლება. კანონმლებლობა შპს „ს. რ-ას“ უფლებამოსილს ხდის ტვირთის მფლობელს გადაახდევინოს ვაგონების სარგებლობის საფასური. ამ უფლების უგულვებელყოფის შემთხვევაში კი ირღვევა რკინიგზის უფლებები და შესაბამისად ირღვევა კანონის მოთხოვნაც.

რაც შეეხება შპს „მ. ჯ-ას,“ მას ზემოთ მითითებული გარემოებათა გამო მართლაც მიადგა ზიანი, მაგრამ იგი არ არის გამოწვეული შპს „ს. რ-ის“ ბრალით, ამიტომ ზიანის ანაზღაურება მან უნდა მოთხოვოს ზიანის მიმყენებლისაგან.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს ,,მ. ჟ-ას’’ ტვირთი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაჩერებული იყო მხოლოდ 2005 წლის 8 აგვისტომდე. დანარჩენი პერიოდისათვის კი ვაგონების მოცდენის ხარჯების თაობაზე სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითებულია სააპელაციო საჩივარში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ზემოთ მითითებულ გარემოებათს გამო არასრულია. საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გაირკვეს ტვირთის გაჩერების მიზეზები მოცდენის მთელი პერიოდისათვის და შეფასდეს მოდავე მხარეთა არგუმენტები. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დავა ხელახლა უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ს. რ-ის” წარმომადგენლის თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 01 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.