Facebook Twitter

ას-913-1196-09 7 დეკემბერი, 2009 წ.

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ჭ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. თ-ავა (მოსარჩელე), მ. გ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის _ დ. კ-იასა და ა. ჭ-იას მიმართ სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2008 წლის 19 მაისის შედგენილი მოვალის ქონების დაყადაღების აქტიდან მასში აღწერილი მოძრავი ქონების ამორიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ა. ჭ-იას მ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 18 905 ლარის გადახდა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად სადავო ქონების დაყადაღებას, თუმცა გ. თ-ავას ქონებას მ. გ-იას ვალდებულებასთან არვითარი კავშირი არ აქვს. მოსარჩელემ მ. გ-იასგან 2005 წლის 16 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ. ¹135-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მ. გ-ია ჩაწერილია აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ ამჟამად ცხოვრობს თავისი ქალიშვილის სახლში. რაც შეეხება დანარჩენ მოძრავ ქონებას, “ზალის გარნიტური” და საძინებელი კომპლექტი (თეთრი ფერის) წარმოადგენს მოსარჩელის მეუღლის მზითევს, მეორე საძინებელი მოსარჩელეს აჩუქეს მშობლებმა, ძროხა შეიძინა ვინმე ვ. ვ-უასგან, მაგიდა, სკამები, ფანჯრები (ჩარჩოთი) და საწოლი გაკეთებულია გ.თ-ავას მიერ, რთხმელის ფიცრები შეძენილი აქვს სოფელ თაიაში მცხოვრებ რ. თ-უასგან, წაბლის ფიცრები და “ბალკები” იყიდა ინდივიდუალური მეწარმე “ს. გ-იას” სახელით, ვინაიდან 2006 წლის 15 ოქტომბრიდან არის მისი წამომადგენელი, 60 ცალი საშენი ბლოკი შეიძინა ინდივიდუალორი მეწარმე “ლ. წ-იასაგან”, ტელევიზორი “პანასონიკი” და ვენტილატორი იყიდა მაღაზიაში, ჭიქები, თეფშები, კედლის საათი, ლარნაკი, კედლის ჭაღი და შეშის ღუმელი შეიძინა ბაზრობაზე. ორასლიტრიანი პლასტმასის კასრი ითხოვა ვ. გ-უასაგან, რკინის სამ და ხუთტონიანი რეზერვუარი, ასევე “პანასონიკის” ფირმის მუსიკალური ცენტრი კი _ შ. ჩ-ანისგან. შესაბამისად, აღწერილი ქონება არ წარმოადგენს მ. გ-იას საკუთრებას და, “საღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ამოირიცხოს ყადაღადადებული ქონების სიიდან.

ა. ჭ-იამ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მ. გ-იამ სახლი შეგნებულად გაასხვისა, რათა მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა.

მოპასუხე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა _ დ. კ-იამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო აღმასრულებელი მოქმედებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე აღნიშნულ ქონებას დაედო ყადაღა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მოსარჩელის მიერ სადავო პრეტენზიების გამოთქმის შემდეგ მოპასუხემ მას განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა, მიემართა სასამართლოსთვის და მხოლოდ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლებოდა აქტიდან ყადაღადადებული ქონების ამორიცხვა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დავაში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მ. გ-ია, ხოლო სასამართლო აღმასრულებელი დ. კ-ია _ მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, “პანასონიკის” ფირმის ტელევიზორი, ვენტილატორი, სამშენებლო ბლოკი, “პანასონიკის” ფირმის ვიდეომაგნიტოფონი და კანონიერად მოპოვებული ხე-ტყისგან დამზადებული ნაკეთობები (მაგიდა, სკამები, საწოლი), სხვადასხვა ზომის ფიცრები, ფანჯრები ჩარჩოთი მინის გარეშე და წაბლის “ბალკა” გათავისუფლდა ყადაღისაგან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ავამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ.თ-ავას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, გ.თ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2008 წლის 19 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ¹011231 აქტში დაფიქსირებული შემდეგი ქონება: 800 ლარის ღირებულების “ზალის გარნიტური”, 300 ლარის ღირებულების საძინებელი (“სპალნა კომპლექტი”), 200 ლარის ღირებულების საძიებელი (“სპალნა კომპლექტი”), დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. თ-ავამ დაბა ჩხოროწყუში ... ქ. ¹135-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, 2005 წლის 16 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა მ. გ-იასაგან, რის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. დღემდე ამავე მისამართზე რეგისტრირებულია მ. გ-ია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ. გ-იას ა. ჭ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 18 905 ლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებითა და მოწმეთა განმარტებებით დგინდება, რომ დაბა ჩხოროწყუში ... ქ. ¹135-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული “ზალის გარნიტური”, 300 ლარის ღირებულების საძინებელი (“სპალნა კომპლექტი”) და 200 ლარის ღირებულების საძინებელი (“სპალნა კომპლექტი”) გ. თ-ავას საკუთრებაა. რაც შეეხება სადავო საცხოვრებელ სახლში არსებულ ორასლიტრიან პლასტმასის კასრს, სამ და ხუთტონიან რკინის რეზერვუარს, ისინი გ. თ-ავას არ ეკუთვნის. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ომიანე თ-ავას განმარტებით, მას ამავე მისამართზე განთავსებული დივანი სავარძლებით გ. თ-ავას ოჯახისთვის არ უჩუქებია. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 170-ე, 172-ე მუხლებით, “სააღსრულებო წარობებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლით და უსაფუძვლოა გ.თ-ავას მოთხოვნა სადავო აღწერის აქტიდან ჩხოროწყუში, ... ქ. ¹135-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული დივანისა და სავარძლების ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან აპელანტს ზემოხსენებულ ქონებაზე თავისი საკუთრების უფლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სათანადოდ არ დაუდასტურებია. ამავე დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ორასლიტრიანი პლასტმასის კასრის, სამ და ხუთტონიანი რკინის რეზერვუარის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ სანოტარო წესით დამოწმებული შ. ჩ-ანისა და ვ. გოგუას განცხადებები, ასევე თავად გ.თ-ავას განმარტება, რომ დასახელებული ნივთები აპელანტს არ ეკუთვნის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია რაიონული სასამართლოს მსჯელობა სადავო “ზალის გარნიტურის”, 300 ლარის ღირებულების საძინებლის (“სპალნა კომპლექტი”), 200 ლარის ღირებულების საძინებლის (“სპალნა კომპლექტი”) თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ფ.ცირამუასა და ო.თ-ავას განცხადებებითა და სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით დასტურდება, რომ მითითებული ნივთები აპელანტს ეკუთვნის, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში საფუძვლიანია. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმას თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მ. გ-იას რეგისტრაციის ფაქტი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ პირის საპოლიციო რეგისრტაციის ფაქტს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა, წამოადგენდა თუ არა დაბა ჩხოროწყუში, ... ქ.¹135-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მ. გ-იას ფაქტობრივ საცხოვრებელს, პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული მისამართი მ. გ-იას საცხოვრებელ ადგილად ვერ მიიჩნევა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჭ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ყადაღადადებული ნივთები მისი საკუთრებაა, რა დროსაც არასწორად იხელმძღვანელა მხარის მიერ მოწვეული მოწმეთა ჩვენებებით. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოწმეები, რომელთა განმარტებებსაც იგი დაეყრდნო, აღნიშნულ საქმეში დაინტერესებული პირები არიან და მათი მიზანია, დაეხმარონ მ. გ-იას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა. ჭ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ჭ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ მოვალის ნივთების აღწერის აქტიდან ქონების ამორიცხვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლებს, “სააღსრულებო წაროებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ჭ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.