Facebook Twitter

ას-913-1220-07 28 მაისი, 2008 წ.

Q

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ.ო-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ვ.და ო. ო-შვილები (მოპასუხეები)

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.ო-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ.და ო. ო-შვილების მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წელს ვ.და ო. ო-შვილებმა მას შესთავაზეს, განეხორციელებინა ინვესტიცია შპს “ს-ოში” 25000 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაჰპირდნენ მისთვის უზრუნველყოთ საწესდებო კაპიტალის ..% წილის გადაცემა. ამ დროისათვის შპს “ს-ოს”, ვ.და ო. ო-შვილების გარდა, ჰყავდა კიდევ 6 პარტნიორი, რომელთანაც მოპასუხეებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც მათთვის მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის მიერ ინვესტიციის განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტა. ამ მიზეზით 19.. წ. .. ნოემბერს წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გახდა საზოგადოების პარტნიორი წილის ..%-ის ოდენობით, სანაცვლოდ მოსარჩელის ვაჟმა - დ.ო-შვილმა ბრიტანეთის “ლოიდბანკიდან” აიღო გრძელვადიანი სესხი 11000 გირვანქა სტრელინგი, რასაც დაუმატა თავისი პირადი დანაზოგი და მთლიანობაში 19.. წ. .. ნოემბერს გადაუგზავნა 23349 აშშ დოლარი ქართულ-იტალიური ბანკის - შპს “ი-ის” მეშვეობით.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 19.. წ. ნოემბერში ვ.და ო. ო-შვილებსა და მას შორის გაფორმდა ხელწერილი, რომლითაც სოლიდარულად კისრულობდნენ ვალდებულებას, მონაწილეობა მიეღოთ მისი ვაჟიშვილის მიერ აღებული სესხის ნაწილობრივ დაფარვაში. მიუხედავად შეთანხმებისა, ვ.და ო. ო-შვილებს ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოსარჩელის მიერ 19.. წ. ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, გადახდილმა თანხამ 19.. წ. დეკემბრიდან 20.. წ. .. მაისამდე შეადგინა 11016 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს როგორც სოლიდარულ მოვალეს, მოპასუხეების ნაცვლად, შესრულებული აქვს მათი წილი ვალდებულება თითოეულისათვის 3672 აშშ დოლარის ოდენობით სულ 7 344 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეებმა უარი განაცხადეს თავიანთი წილის გადახდაზე და თავად მას მოუწია ბინის გაყიდვა და ვალის გასტუმრება. მოპასუხემ კი შპს “ს-ოს” გაუკეთა ლიკვიდაცია და გადააკეთა ინდმეწარმედ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისთვის 7344 აშშ დოლარის დაკისრება.

Q.თ.ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. . სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ო-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.და ო. ო-შვილებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 7 344 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ.და ო. ო-შვილებმა.

Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით ვ.და ო. ო-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ.ო-შვილის ვაჟმა დ.ო-შვილმა 19.. წ. .. ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ლოიდ ბანკიდან აიღო გრძელვადიანი სამწლიანი სესხი 11000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით ყოველთვიური 500 აშშ დოლარის (301,51 გირვანქა სტერლინგის) დარიცხვით.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ დ.ო-შვილის მიერ საქართველოში შპს “ი-ის” მეშვეობით გადმოგზავნილი 23000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, წილების დათმობის გზით მოსარჩელე მ.ო-შვილი გახდა შპს “ს-ოს” პარტნიორი ..%-იანი წილით.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ ვ., მ. და ო. ო-შვილების მიერ 19.. წ. ნოემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს “ს-ოს” დამფუძნებელ მ.ო-შვილის ვაჟიშვილს - დ. ო-შვილს აღებული აქვს ლონდონიდან გრძელვადიანი კრედიტი, რომლის პროცენტი შეადგენს 200 აშშ დოლარს და სამივე დამფუძნებელი კისრულობს ვალდებულებას ამ პროცენტის დაფარვაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ხელწერილი წარმოადგენს ვალის აღიარების წერილობით დადასტურებას, რომლითაც მ., ვ.და ო. ო-შვილებმა იკისრეს ვალდებულება დ.ო-შვილის წინაშე მის მიერ აღებული კრედიტის ყოველთვიური პროცენტის - 200 აშშ დოლარის დაფარვის ნაწილში, მაგრამ, ამასთან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მ.ო-შვილის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ.ო-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, დ.ო-შვილის 20.. წ. .. იანვრის წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ დ.ო-შვილის, როგორც კრედიტორის, მიმართ ვალდებულება სრულად შეასრულა მ.ო-შვილმა, რაც არ წარმოადგენს მტკიცებულებას. განცხადება შედგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნათა სრული დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ო.შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მ.ო-შვილის ვაჟმა დ.ო-შვილმა 19..წ. .. ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ლოიდ ბანკიდან აიღო გრძელვადიანი სამწლიანი სესხი 11000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით ყოველთვიური 500 აშშ დოლარის (301,51 გირვანქა სტერლინგის) დარიცხვით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ დ.ო-შვილის მიერ საქართველოში შპს “ი-ის” მეშვეობით გადმოგზავნილი 23000 აშშ დოლარის სანაცვლოდ წილების დათმობის გზით მოსარჩელე მ.ო-შვილი გახდა შპს “ს-ოს” პარტნიორი ..%-იანი წილით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ ვ., მ. და ო. ო-შვილების მიერ 19.. წ. ნოემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს “ს-ოს” დამფუძნებელ მ.ო-შვილის ვაჟს - დ. ო-შვილს აღებული აქვს ლონდონიდან გრძელვადიანი კრედიტი, რომლის პროცენტი შეადგენს 200 აშშ დოლარს და სამივე დამფუძნებელი კისრულობს ვალდებულებას ამ პროცენტის დაფარვაზე.

სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ხელწერილი წარმოადგენს ვალის აღიარების წერილობით დადასტურებას, რომლითაც მ., ვ.და ო. ო-შვილებმა იკისრეს ვალდებულება დ.ო-შვილის წინაშე მის მიერ აღებული კრედიტის ყოველთვიური პროცენტის - 200 აშშ დოლარის დაფარვის ნაწილში, მაგრამ ამასთან ერთად სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მ.ო-შვილის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, კონკრეტული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში მონაწილე მხარეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად და, ამავე კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით, მათ ვალიც აღიარეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ წარმოადგენს დავის საგანს.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, დ.ო-შვილის 20.. წ. .. იანვრის წერილობითი განმარტება, რომელშიც მითითებულია, რომ დ.ო-შვილის, როგორც კრედიტორის, მიმართ ვალდებულება სრულად შეასრულა მ.ო-შვილმა, რაც არ წარმოადგენს მტკიცებულებას. ამასთან ერთად საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფულადი ვალდებულებების შესრულება უნდა დადასტურდეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებით.

კონკრეტული სამართალურთიერთობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია სამოქალაქო (მატერიალურ) - სამართლებრივ ნორმაზე და კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა საშუალებების დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვებისა თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად მიუთითებენ ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის წესების გამოყენების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგნის დიფერენცირებას. კონკრეტულ შემთხვევაში, ისეთი ფაქტების დადგენას, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ ვალდებულების შესრულებასთან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩამოთვლილ მტკიცებულებებიდან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი მნიშვნელობა. მატერიალური სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოემების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულებების არჩევის აუცილებლობას კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ის ფულადი ვალდებულებები მოითხოვენ წერილობით მტკიცებულებების არსებობას, რომლის თაობაზე მითითებულია კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით (მაგალითად, სასესხო ვალდებულებების დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, როდესაც ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით). თუ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი, დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულების სახე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები ერთ შემთხვევაში არიან ვ., მ., ო. და დ.ო-შვილები, ხოლო მეორე შემთხვევაში - მ., ვ. და ო. ო-შვილები.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, “თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.”

ამავე კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”

სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოც არაა ვ., მ., ო. და დ.ო-შვილებს შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა. კონკრეტულ შემთხვევაში დავას იწვევს მ., ვ. და ო. ო-შვილებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის წარმოშობას კანონი უკავშირებს მოვალის მიერ სოლიდარული ვალდებულების შესრულების მომენტს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული ვალდებულების შესრულების დადგენას კანონი არ უკავშირებს მხოლოდ კონკრეტული მტკიცებულების სახეს.

ამდენად, კონკრეტული ურთიერთობის გათვალისწინებით სოლიდარული მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება შეიძლება დადასტურდეს სხვა და სხვა მათ შორის წერილობითი მტკიცებულებით.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე მოპასუხეები არ უთითებენ მათ მიერ ვალდებულების შესრულებაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ 20.. .01. .. წლის განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს წერილობით მტკიცებულებას, რაც სასამართლომ უნდა შეაფასოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად.

ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

აღნიშნული წერილობითი განმარტება შედგენილია ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ მონაწილის (კრედიტორის) მიერ, რომელსაც სათანადო შეფასება უნდა მიეცეს პროცესუალური ინსტიტუტების მოთხოვნათა დაცვით და გამოკვლეულ იქნეს საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, თუ რამდენად დგინდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.”

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ო-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს Q.თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.