Facebook Twitter

საქმე №224აგ-16 15 მარტი, 2017 წელი

ჩ-ე ი, 224აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით ი. ჩ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 11 თვე, 28 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ივნისიდან.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2016 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შევიდა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. ჩ-ის მიმართ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. შუამდგომლობის ავტორი უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

· იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, მოსამართლე მ. კაპანაძეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, ამოწურული ჰქონდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა, რის შემდეგაც მას მიეცა ვადა საქმეთა დასასრულებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №1/150 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოთ მითითებული 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, რითაც მოსამართლე მ. კაპანაძეს გაგრძელებული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა, თუმცა აღნიშნული ვადის მანძილზეც მოსამართლე არღვევდა საქმეთა განხილვისა და დასრულების გონივრულ ვადას. ამ ვადის განმავლობაში მოსამართლე მ. კ-ეს განსახილველად არ უნდა გადასცემოდა საქმეები. მიუხედავად ამისა, ი. ჩ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაეწერა სწორედ მოსამართლე მურთაზ კაპანაძეს, მაშინ, როცა მას არ უნდა განეხილა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი; შუამდგომლობაზე დართული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოცემული გადაწყვეტილება ახალი გარემოებაა და ეს დაცვის მხარისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოცემულ საქმეზე ამოწურული იყო სამართალწარმოების ყველა სტადია.

· ი. ჩ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გ. ჯ-ის დაკითხვის ოქმი დაუშვეს მტკიცებულების სახით და იგი შეიყვანეს მოწმეთა სიაში, მაგრამ გ. ჯ-ის დაკითხვის დაწყებამდე გაირკვა, რომ იგი ესწრებოდა ი. ჩ-ის საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომებს და ამ მოტივით აღარ დაიკითხა სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე. დაცვის მხარე 2016 წლის ზაფხულში გაესაუბრა გ. ჯ-ს. მან თანხმობა განაცხადა გამოკითხვაზე და მისგან მიღებულ იქნა არსებითი ხასიათის ინფორმაცია, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, იგი დადებითად აისახება მსჯავრდებულ ი. ჩ-ის კანონიერ ინტერესებზე.

· საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას უშვებს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ტ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით. დამატებით კასატორმა მიუთითა, რომ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმით სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაურღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

4. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაზე თანდართული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძეს. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ი. ჩ-ის სისხლის სამართლის საქმესთან.

5. გ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მისი დაკითხვის ოქმი მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, იგი შეყვანილი იყო დასაკითხ პირთა სიაშიც, თუმცა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, უშუალოდ მისი დაკითხვის დაწყებისთანავე, პროკურორმა იშუამდგომლა ამ მოწმის მოხსნის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი მანამდეც ესწრებოდა არსებითი განხილვის სხდომას. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია ამის თაობაზე არ გამოუთქვამს. ამდენად, გ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმი ვერ მიიჩნევა კანონით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად, რომლის შესახებაც მხარეებისა და სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი.

6. ახლად გამოვლენილ გარემოებად ვერ მიიჩნევა ასევე კასატორის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულია საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებდა დაცვის მხარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განაჩენზე შეტანილ საკასაციო საჩივარშიც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განაჩენის კანონიერება შეაფასა სწორედ ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ამდენად, ვერც მითითებული გადაწყვეტილება ჩაითვლება ახლად გამოვლენილად.

7. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმით მას წაერთვა სამართლიანი განხილვის უფლება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის ხელმისაწვდომობა კონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებული პროცედურული გარანტიების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური. ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რაც საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს.[1] შეზღუდვა შეიძლება მიზნად ისახავდეს განმეორებითი სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენებისა და განმეორებითი სამართალწარმოებისაგან თავის არიდებას[2] ან ნაკლები მნიშვნელობის მქონე საქმეებით სასამართლოს გადატვირთულობის პრევენციას[3]. ამდენად, თავად ფაქტი შუამდგომლობის განსახილველად დაუშვებლობისა, ვერ შეფასდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაფიოდაა მოწესრიგებული განმეორებითი სამართალწარმოების დაწყების საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო გადასინჯავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს.

8. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] ECtHR, 21/2/1975, Golder v UK, №4451/70, § 38.

[2] ECtHR, 28/5/1985, Ashingdane v UK, №8225/78, § 58.

[3] ECtHR, 27/11/2012, Bayar a. Gurbuz v Turkey, № 37569/06, § 43.