#560აპ.-16 ქ. თბილისი
ც. ო-გ-560ap.-16 17 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის, მსჯავრდებულ ო. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-სა და მსჯავრდებულ ო. ჭ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ო. ც., – დაბადებული ---ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (2 ეპიზოდი), ასევე – ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
2. ამავე განაჩენით ა. ა., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, და ო. ჭ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე – ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, თ-ში, რ-ის -ის №--ში მდებარე შპს „---“ ტერიტორიიდან ა. ა., ო. ჭ. და ო. ც., იმავე შპს-ს დარაჯ შ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 3774 ლარად ღირებულ ე.წ. „არმატურას“, 2015 წლის 13 მარტს, ღამის საათებში – 4040 ლარად ღირებულ ე.წ. „არმატურას“, ხოლო 2015 წლის 21 მარტს შეეცადნენ 400 ლარის ღირებულების ე.წ. „არმატურის“ დაუფლებას.
4. აღნიშნული ქმედებისათვის ა. ა-სა და ო. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიესაჯათ 4-4 წლით, ხოლო ო. ც-ეს – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. ა-სა და ო. ჭ-ას განესაზღვრათ 4-4 წლით, ხოლო ო. ც-ეს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ც-თვის დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 მარტიდან. მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 22 აპრილიდან, ხოლო მსჯავრდებულ ო. ჭ-ას – იმავე წლის 30 მარტიდან.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ა-მა, მსჯავრდებულ ო. ჭ-ს ადვოკატმა გ. ჩ-მა, მსჯავრდებულმა ო. ც-ემ და მისმა ადვოკატმა მ. ხ-ემ. მსჯავრდებულმა ა. ა-მა და მსჯავრდებულ ო. ჭ-ას ადვოკატმა გ. ჩ-მა ითხოვეს მსჯავრდებულებისათვის – ა. ა-სა და ო. ჭ-თვის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ხოლო მსჯავრდებულმა ო. ც-ემ და ადვოკატმა მ. ხ-ემ – ო. ც-ის გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორები – მსჯავრდებული ა. ა. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ., ასევე – მსჯავრდებულ ო. ჭ-ას ადვოკატი გ. ჩ. ითხოვენ განაჩენში ცვლილებების შეტანას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა. ა-სა და ო. ჭ-თვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
8. მსჯავრდებულ ო. ც-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ც-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ო. ც-ის ბრალეულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მსჯავრდებულების – ო. ც-ის, ა. ა-სა და ო. ჭ-ას მიმართ, შეამოწმა მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ხ-ის, გ. გ-სა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ც-ის დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატების – გ. გ-სა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამამტყუნებელ განაჩენში გაკეთებულ დასკვნებს მსჯავრდებულ ო. ც-ის ბრალეულობის თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და მისი დამნაშავედ ცნობისას.
3. ო. ც-ის მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად ემყარება ბრალდების მოწმეების – შ. ე-სა და ვ. მ-ის ჩვენებებს, რომლებშიც მითითებულია მსჯავრდებულების – ო. ჭ-სა და ა. ა-ის მიერ ჩადენილ ქურდობაში ო. ც-ის შესაძლო მონაწილეობაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლოში განხილულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოყენებულია ო. ც-ის ბრალის დასადასტურებლად, ისინი, თუნდაც არაპირდაპირ, არ მიუთითებენ იმაზე, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ო. ც-ეც.
4. მოწმე შ. ე. თავის ჩვენებაში უშუალოდ ო. ც-ის შესახებ აღნიშნავს: როდესაც მან შპს „---“ კუთვნილ, თ-ის გარეუბანში, ფ-ში მდებარე „არმატურის“ ბაზაზე („მ-ი“), დაასრულა თავისი ცვლა, სადაც ის დარაჯად მუშაობს, შინ წასასვლელად გამოვიდა რ-ის -ზე, ავტობუსის გაჩერებაზე. იქ იდგა წითელი, „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში იჯდა ორი პირი, რომლებმაც მას სახელით დაუძახეს და სთხოვეს, ავტომანქანაში ჩამჯდარიყო. საჭესთან მჯდომმა უთხრა, რომ იყო ო. ც., ხოლო მის გვერდით მჯდომი გაეცნო, როგორც ო. ჭ., რომლებსაც მანამდე არ იცნობდა. ო. ც-ემ უთხრა, რომ ისინი აპირებდნენ შპს „---“ კუთვნილი „არმატურის“ მოპარვას იმ დროს, როდესაც ის, ე.ი. შ. ე., იქნებოდა დარაჯი. მას ევალებოდა მხოლოდ ერთი რამ: როდესაც ისინი „---“ ტერიტორიაზე მივიდოდნენ „არმატურის“ მოსაპარად, მას პოლიციისათვის ეს არ უნდა შეეტყობინებინა, ხოლო თუ ამას არ გააკეთებდა, მისი საქმე ცუდად იქნებოდა. 2015 წლის 9 მარტს ის იმყოფებოდა შპს „----“ ტერიტორიაზე დარაჯად. ღამის საათებში გაიგონა ძაღლის ყეფა, რა დროსაც საყარაულო ჯიხურში იმყოფებოდა, მაგრამ გარეთ შიშით ვერ გამოვიდა, თუმცა მიხვდა, რომ „არმატურის“ მოსაპარად იყვნენ მისულები. ჯიხურიდან კარგად ჩანდა „არმატურის“ შეკვრები. მან აღნაგობით იცნო ო. ც. და ო. ჭ., რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და „არმატურა“ გაჰქონდათ ტერიტორიიდან. დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ სწორედ ისინი იყვნენ. მან შიშის გამო არავის არ შეატყობინა ამ ქურდობის შესახებ. იგივე განმეორდა 2015 წლის 12 მარტს, ღამით, როდესაც ის კვლავ ყარაულობდა შპს „---“ ტერიტორიას. მან ამჯერადაც ო. ც. და ო. ჭ. დაინახა. 2015 წლის 15 მარტს, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა, ობიექტთან ახლოს დახვდა ო. ც., რომელმაც 100 ლარი აჩუქა, ვინაიდან პოლიციას არ აცნობა მომხდარის შესახებ. 2015 წლის 21 მარტს, როდესაც ის დარაჯობდა შპს „----“ ტერიტორიას, კვლავ განმეორდა ყველაფერი ის, რაც მანამდე 9–10 მარტისა და 12 მარტის ღამეს მოხდა. მან ამჯერადაც საყარაულო ჯიხურიდან ო. ც. და ო. ჭ-ა დაინახა საქურდლად მოსულნი. მოწმე შ. ე. თავის ჩვენებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე, სადაც ქურდობა ხდებოდა, დაახლოებით ყოველ ხუთ მეტრში დგას ღამის განათების ბოძები, რის გამოც ყველაფერს კარგად ხედავდა.
5. მოწმე ვ. მ. თავის ჩვენებაში აღნიშნავს: ო. ჭ. და ა. ა. მან გაიცნო მომხდარ შემთხვევამდე ერთი წლის ან წელიწად-ნახევრის წინ, ხოლო ო. ც. კი - 2015 წლის 10 მარტს, როდესაც სამივენი მასთან მივიდნენ და დაიქირავეს მისი ავტომანქანა „არმატურის“ თბილისში, ე.წ. ე-ას ბაზრობაზე გადასატანად. ის მიიყვანეს სადღაც საამქროსთან, სადაც ეწყო „არმატურა“, რომელიც მათ დატვირთეს მის კუთვნილ, „გაზელის“ მარკის ავტომანქანაზე და წაიღეს ე-ას ბაზრობაზე. ა. ა. მას გაჰყვა, ხოლო ო. ც. და ო. ჭ. წამოვიდნენ „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის, წითელი ავტომანქანით. ადგილზე მისვლისას ო. ც. ავტომანქანაში დარჩა, ხოლო ო. ჭ. და ა. ა. შევიდნენ ბაზრობაზე. მათ მოძებნეს კლიენტი და მისი ავტომანქანიდან გადმოტვირთეს „არმატურა“. ზუსტად იგივე განმეორდა 2015 წლის 13 მარტს.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, მათი უტყუარობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ამას განმარტავს საქართველოს სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს აგრეთვე საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
7. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის დაცული სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ო. ც-ის მსჯავრდებისას ყველა ზემოხსენებული, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. დავიწყოთ ბრალდების მოწმე შ. ე-ის ჩვენებით. ამ ჩვენებასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: 1. აღნიშნული მოწმე მომხდარ ქურდობამდე საერთოდ არ იცნობდა ო. ც-ეს და ის არც დანაშაულის შემდეგ უნახავს საქმის სასამართლოში განხილვამდე. ამასთან, მას არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე ოფიციალური დოკუმენტის მეშვეობით დაედგინა იმ პირის ნამდვილი ვინაობა, რომელიც მას ო. ც-ედ გაეცნო, რაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მას სრულიად სხვა პირი წარდგენოდა აღნიშნული გვარ–სახელით; 2. ვიდეოკამერის ჩანაწერზე, რომელზეც აღბეჭდილია შპს „----“ ტერიტორიაზე ღამით მომხდარი ქურდობის შემთხვევები, ვერ ხერხდება ქურდების ამოცნობა, რადგან მათ ნიღბები აქვთ აფარებული; 3. მართალია, მოწმე შ. ე. ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ღამით, შპს „----“ ტერიტორიაზე ყოფნისას, ო. ც. იცნო აღნაგობით, მაგრამ ეს არის მხოლოდ მიმსგავსება. ამასთან, სავსებით შესაძლებელია ორი სხვადასხვა პირი ერთმანეთს ჰგავდეს აღნაგობით; 4. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენების მიხედვით, მოწმე შ. ე-მა დღის სინათლეზე, პირად შეხვედრაზე ორჯერ ნახა ის პირი, რომელიც მას ო. ც-ედ გაეცნო, მაინც უნდა ჩატარებულიყო ამ პირის ვიზუალური ამოცნობა მოწმე შ. ე-ის მიერ, რათა უტყუარად დადგენილიყო, რომ ეს პირი ნამდვილად ო. ც. და არა – ვინმე სხვა; 5) გონივრულ ეჭვს იწვევს მოწმე შ. ე-ის ჩვენება იმ მხრივაც, რომ მან ღამით შპს „----“ ტერიტორიაზე შეძლო ო. ც-ის ცნობა, თუნდაც მისი აღნაგობით, მაშინ, როდესაც არ არის დადგენილი საყარაულო ჯიხური, რომელშიც იმყოფებოდა მოწმე, საიდანაც ის გარეთ არ გასულა, რა მანძილით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც „არმატურები“ ეწყო და სადაც ქურდობა ხდებოდა. ასევე დაუდგენელია, როგორი განათება იყო ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე. მართალია, მოწმე აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია კარგად არის ღამით განათებული, რადგან თითქმის ყოველ ხუთ მეტრში დგას ღამის განათების ბოძებიო, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ამის თაობაზე არაფერია მითითებული; ამასთან, არც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს ღამის განათების ბოძები; 6) არ არის ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, რომ მარტში, გვიან ღამით, ღამის განათების პირობებში (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში), შეძლებდა თუ არა მოწმე შ. ე. საყარაულო ჯიხურიდან დანაშაულის ჩადენის ადგილამდე არსებულ მანძილზე, ნიღაბაფარებული ისეთი პირის ცნობას, რომელიც მანამდე მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი; 7) შ. ე. საქმის სასამართლოში განხილვისას და მოწმედ დაკითხვისას მიუთითა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ო. ც-ზე, მაგრამ, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ამოცნობა მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს სააპელაციო სასამართლო იშველიებს თავისი განაჩენის დასაბუთებისას.
8. აღნიშნული გარემოებების გამო საკასაციო პალატას მიაჩნია: არ არსებობს კანონიერი საფუძველი საიმისოდ, რომ ბრალდების მოწმე შ. ე-ის მიერ სასამართლოში მსჯავრდებულ ო. ც-ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად, იმ პირობებში, როდესაც სხვა მსჯავრდებულები – ო. ჭ. და ა. ა., რომლებიც აღიარებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, კატეგორიულად უარყოფენ ამ დანაშაულში ო. ც-ის მონაწილეობას.
9. ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა ბრალდების მეორე მოწმის, ვ. მ-ის მიერ სასამართლოში ო. ც-ის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიმართაც. ვ. მ-მა, ჩვენების მიხედვით, ო. ც. მხოლოდ დანაშაულის ჩადენიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ ნახა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. არც ამ შემთხვევაში ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით ო. ც-ის ამოცნობა აღნიშნული მოწმის მონაწილეობით, ამიტომ კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ მისი ჩვენება ჩაითვალოს ო. ც-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
10. რაც შეეხება საქმეში არსებულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გამამტყუნებელ განაჩენში უთითებს ო. ც-ის ბრალეულობის დასასაბუთებლად, ისინი საერთოდ არაფერ ხელჩასაჭიდს არ იძლევიან ზემოაღნიშნულ დანაშაულში უშუალოდ ო. ც-ის მონაწილეობის დადასტურებისათვის. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ განხილულ გარემოებათა შედეგად, ო. ც-ის ბრალეულობა მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდის დონეზე რჩება და არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ო. ც-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არის საფუძვლიანი და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
11. ამასთან ერთად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ო. ჭ-სა და ა. ა-ის ბრალეულობა, რომელთა აღიარებითი ჩვენებები მათი ბრალის ნაწილში სრულად არის თანხვდენილი როგორც ბრალდების მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, საფუძვლიანად არის დასაბუთებული გასაჩივრებულ განაჩენში და დანაშაულში მათი მონაწილეობა ეჭვს არ იწვევს. მათი დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოთხოვნა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ერთი მესამედის პირობით ჩათვლის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლომ გაითვალისწინა მათი აღიარებითი ჩვენებები და ისე განუსაზღვრა მათ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა. ამავე დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მათ სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინეს ერთი და იგივე დანაშაული ერთსა და იმავე ობიექტზე, რის შედეგადაც სახეზეა საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, რაც მიუთითებს მათ მტკიცე დანაშაულებრივ ნებაზე, ხოლო ეს უკანასკნელი გარემოება აშკარად ითხოვს მათზე დაკისრებული სასჯელის რეალურად მოხდას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზანი, ერთი მხრივ, მათი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ო. ც-ის მიმართ, კერძოდ: იგი უნდა გამართლდეს და ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ მისთვის
შერაცხულ ქმედებებში, ხოლო განაჩენი ო. ჭ-სა და ა. ა-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ო. ც-ეს განსაზღვრული აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი – ჩათვლილი აქვს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ ო. ჭ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. მსჯავრდებულ ო. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2016 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
5. ო. ც. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-
ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“
ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტისა და 2015 წლის 13 მარტის ეპიზოდები),
ასევე – სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3
ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ
ბრალდებებში.
6. ო. ც. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.
7. ო. ც-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება.
8. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე