ას-91-436-07 19 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ .. ..“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ე და მ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 21 თებერვალს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. მ-მ, მ. დ-მ და მათმა წარმომადგენელმა ს. ფ-მ, მოპასუხედ დაასახელეს სს „ .. ..“, მესამე პირად დ. ჯ-ი და მოითხოვეს მოპასუხისათვის ჯ. მ-ის სასარგებლოდ 2707 ლარის, ხოლო მ. დ-ის სასარგებლოდ 2027 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელეთა განმარტებით 2004 წლის 5 ნოემბერს სოფელ ... ტერიტორიაზე სს „ .. ..“ კუთვნილი იკარუსის მარკის ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით ... , რომელსაც მართავდა მესამე პირი დ. ჯ-ი, შეეჯახა ჯ. მ-ის ავტომობილს, რისთვისაც დ. ჯ-ი 2005 წლის 30 სექტემბრის თერჯოლის რაიონული სასამართლოს განჩინებით მსჯავრდებული იქნა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯ. მ-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რის გამოც მან 12 თვის განმავლობაში ვერ შეძლო სამუშაოზე გასვლა, 8 თვის განმავლობაში მიჯაჭვული იყო საწოლზე, რითაც მიადგა 2707 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. შეჯახების შედეგად მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელე მ. დ-ს. მანქანის აღდგენის ხარჯმა კი შეადგინა 2027 ლარი.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია ავტომანქანა სს „ .. ..“ საკუთრებაა, მაგრამ მას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა მძღოლი დ. ჯ-ი, რომელიც ამ ხელშეკრულების 5.4 პუნქტის საფუძველზე პასუხისმგებელია ავტოსაგზაო შემთხვევაზე.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სს “ .. ..” მოცემულ დავაში არასათანადო მხარეს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც საქმეზე წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებითა და სასამართლო განჩინებით ირკვევა, 2004 წლის 5 ნოემბერს ავტოავარიის ჩამდენი პირი დ. ჯ-ი დანიშნული იყო სს “ .. ..” მიერ მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სამართავად, მძღოლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, (კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31, 33.6, 33.8, 404 მუხლები), ასევე მიაჩნია, რომ განსჯადობის წესებით განხილული საქმე ვერასდროს ვერ იქნება კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ასევე კასატორის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 414-ე მუხლები. მითითებულ გარემოებებზე ასევე არ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. აშკარაა, რომ სახეზეა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.