საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-915-1222-07 27 მარტი, 2008
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი _ სს “ .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ც. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ი. ლ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო განცხადება შეიტანა შპს „ც-მა“ სს „ .. ..-ის“ მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სს „ .. ..-ს“ შპს „ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 53.424,92 (ორმოცდაცამეტი ათას ოთხასოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა, სს „ .. ..-ს“ შპს „ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 139867 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ შპს „ ც-ს“ უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..-მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით სს “ .. ..-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ც-სა“ და სს „ .. ..-ს“ შორის 2005 წლის 18 მაისს დაიდო ხელშეკრულება დაცვითი მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით დაცვის სამსახურმა, შპს „ც-მა“ აიღო ხელშეკრულების ¹1 დანართში განსაზღვრული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო დამკვეთმა სს „ .. ..-მ“ აიღო გაწეული მომსახურებისთვის საზღაურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 22000.00 (ოცდაორი ათასი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად, დაცვის სამსახური პასუხისმგებელია მისი მიზეზით დამდგარი ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო ზარალის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ხელშეკრულების დანართი ¹1-ის თანახმად დაცვის სამსახური ვალდებულია დაიცვას ათი ობიექტი, მათ შორის ასს-30, მდებარე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა, კორპუსი 5. აღნიშნული ობიექტი 2005 წლის 22 ნოემბერს გაიქურდა უცხო პირების მიერ. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ .. ..-ის“ მიერ ურთიერთჩათვლის პრინციპით დეკემბერში გაქვითულ იქნა 5000 ლარი, ხოლო 2006 წლის 16 იანვრის ¹14-1\9-14 წერილის შესაბამისად, 47.931 ლარი გაქვითულ იქნა მოსარჩელისათვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით. სს „ .. ..-სათვის“ გაგზავნილი შპს „ც-ის“ დირექტორის 2006 წლის 9 თებერვლის ¹57 წერილით დადგენილია, რომ შპს „ც.“ არ დაეთანხმა ურთიერთჩათვლის პრინციპით თანხის დაკავებას.
სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ სს “ .. ..-ს” არ უნდა განეხორციელებინა მოთხოვნის გაქვითვა. ხელშეკრულების შესაბამისად სს “ .. ..” მოვალეა შპს “ც-ის” წინაშე დაფაროს არსებული დავალიანება და შპს “ც-ს” უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს ვალდებულების შესრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..-მ”.
კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების II წიგნში, 442-ე მუხლის განმარტებისას, II საკითხის 3-ე ქვეთავში მითითებულია, რომ გამქვითავის მოთხოვნა რეალურია, თუ იგი არ არის გაქარწყლებული შესრულების გზით. შპს “ც-ს” ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მათი კომპანიისათვის მიყენებული ზიანი ნამდვილად არ იყო გაქარწყლებული რაიმე სხვაგვარი შესრულებით. რაც შეეხება მოთხოვნის უდავო ხასიათს, კანონმდებელმა განმარტა, რომ საპასუხო მოთხოვნის გასაქვითად არ გამოდგება ისეთი მოთხოვნა, რომელიც არის სადავო კრედიტორის მხრიდან, ან მის მიმართ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მესამე პირს. ამ შემთხვევაში კრედიტორად გამოდის სს “.. ..”, რომელსაც მატერიალური ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთანავე 2006 წლის 27 მარტის ¹1093447 ანგარიშფაქტურის საფუძველზე დაფიქსირებულია, რომ შპს “ც-ს” დაეკისრა ჯარიმა ქონების დანაკლისისათვის 52 931 ლარის ოდენობით, საიდანაც 8074 ლარი გადახდილია მათი კომპანიის მიერ დღგ-ს სახით. აღნიშნული ანგარიშფაქტურა შპს “ც-ის” დირექტორს დადგენილი წესით ჩაბარდა ხელზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ეს ადასტურებს ვალდებულების აღიარებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-თ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი, ხოლო მითითებულ ფაქტურაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა ადასტურებს ამ ფაქტის მის მიერ აღიარებას. აღნიშნულ გარემოებაზე და მტკიცებულებებზე პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა სრულყოფილად საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რამაც გამოიწვია ფაქტების არასწორი სამართლებრივი შეფასება და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი. არსებობს საპასუხო მოთხოვნები. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მოთხოვნა უნდა იყოს უდავო. სააპელაციო სასამართლოს ასეთი სახის მოსაზრება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დანაწესიდან. აღნიშნული ნორმის თანახმად ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტა გაქვითვით დასაშვებია, თუ დადგენილია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, შესაძლოა ვადა არც იყოს დადგენილი, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უნდა უჭერდეს გაქვითვას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხარეთა შორის ასეთი სახის მოთხოვნები იყოს უდავო.
შპს „ც.“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სს „ .. ..-ს“ მიადგა ზარალი და იგი გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს მისი ბრალით მიყენებული დადასტურებული ზარალი, მაგრამ იგი სადავოდ ხდის მთელ რიგ გარემოებებს. მათ შორის იმას, გაძარცული ქონება იყო თუ არა განლაგებული მათ დასაცავ ობიექტში, რა ოდენობის ქონებაა გატანილი დასაცავი ობიექტიდან და ა.შ. ასეთ შემთხვევაში დავა წყდება სასამართლო წესით და ასეთი მოთხოვნის გაქვითვა დაუშვებელია. გაქვითვა შესაძლებელია მხოლოდ ასეთი დავის გადაწყვეტის შემდგომ. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ 2006 წლის 27 მარტის ¹1093447 ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე შპს „ც-ს“ დაეკისრა ჯარიმა ქონების დანაკლისისათვის 52931 ლარის ოდენობით, საიდანაც 8074 ლარის გადახდილია მათი კომპანიის მიერ დღგ-ს სახით. კასატორის აზრით, ანგარიშ-ფაქტურაზე შპს „ც-ის“ დირექტორის ხელის მოწერა წარმოადგენს ვალდებულების აღიარებას. პალატა ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. „საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლში მითითებულია დღგ-თ დაბეგრილი ობიექტები, რომელთა შორის ჯარიმა არ მოიაზრება. მითუმეტეს არ არის მითითებული საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენს ვალდებულების არსებობის ან აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, აქაც უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც გასაქვით მოთხოვნაზე ვრცელდება ის ძირითადი ნიშანი, რაც დაკავშირებულია ამ მოთხოვნის უდავო ხასიათთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში დაუშვებელია გაქვითვა, შესაბამისად დავის არსებობისას აღნიშნული ნორმაც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ .. ..-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.