საქმე №209აგ-16 15 მარტი, 2017 წელი
ძ-ე ე, 209აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით ე. ძ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ე. ძ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 5.000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ძ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5.000 ლარი. ე. ძ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 20 სექტემბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი ე. ძ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. დ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
6. 2016 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ე. ძ-ემ. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ არის უდანაშაულო; 2013 წლის 19 სექტემბერს, 15:25 საათზე, იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბანკში, სადაც ჩააბარა ოქრო, თუმცა სასამართლომ ეს საბუთი, როგორც მტკიცებულება, არ მიიღო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი – მსჯავრდებული ე. ძ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს.
4. პალატა მიუთითებს, რომ კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 19 სექტემბერს, 15:25 საათზე, იმყოფებოდა ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩაზე მდებარე ბანკში, სადაც ჩააბარა ოქრო. ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ ამავე გარემოებაზე მიუთითებდა მსჯავრდებული ე. ძ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინების თაობაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (საქმე №..აგ-15, 01.12.2015წ). იმავე გარემოებაზე მსჯელობის რაიმე ახალი საფუძველი კი კასატორს არ წარმოუდგენია.
5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას თავისი უდანაშაულობის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ე. ძ-ის ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად შეფასდა საქმის არსებითი განხილვისას ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატას მათი ხელახლა შეფასების საფუძველს მისცემდა, კასატორი არ უთითებს.
6. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე