¹ ბს-1014-600(კ-05) 16 ნოემბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 ოქტომბერს ი. თ-ემ ქარელის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ზ. ქ-ის, ქარელის რ-ნის მიწის მართვის სამმართველოს, ქარელის რ-ნის გამგეობის, ქარელის რ-ნის არქიტექტურისა და ქარელის რ-ნის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ სარჩელი აღძრა და აუქციონის გაუქმება, მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა და შენობის მოშლა მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ... ქ. ¹14-ში მცხოვრებმა ზ. ქ-ემ მისი სახლის მომიჯნავედ უკანონო კაპიტალური ნაგებობა ააშენა, რომელმაც სახლის ფასადი დაუმახინჯა და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზა გადაკეტა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002წ. 28 მაისს ჩატარებულ აუქციონზე ზ. ქ-ემ უკანონოდ შეიძინა 15 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან აუქციონი კანონდარღვევით იყო ჩატარებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აუქციონის შედეგების, ზ. ქ-ეზე გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება და მის მიერ უკანონოდ აგებული შენობის მოშლა მოითხოვა.
2002წ. 6 ნოემბერს შიდა ქართლის რეგიონულმა არქმშენინსპექციამ ქარელის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზ. ქ-ის მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელის განმარტებით, ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე შემოწმდა აგარაში, ... ქ. ¹14-ში მცხოვრებ ზ. ქ-ის მიერ პროექტის დარღვევით აშენებული მინი-მარკეტი. 2002წ. 7 ოქტომბერს შედგა ოქმი და ზ. ქ-ეს მიეცა 10 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც მან არ შეასრულა. რის გამოც 2002წ. 21 ოქტომბერს გამოტანილ იქნა დადგენილება ზ. ქ-ის 2000 ლარით დაჯარიმებისა და შენობის პროექტის დარღვევით აშენებული ნაწილის დანგრევის შესახებ, რაც მან ნებაყოფლობით არ შეასრულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზ. ქ-ეზე 2000 ლარის საჯარიმო თანხის გადახდევინების დაკისრება და შენობის პროექტის დარღვევით აშენებული ნაწილის დანგრევა მოითხოვა.
ქარელის რაიონულმა სასამართლომ სარჩელები ერთ საქმედ გააერთიანა და 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქარელის რ-ნის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ 2002წ. 28 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგები ზ. ქ-ისთვის დ. ა-ი, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის შესახებ; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2002წ. 17 ივნისს რეგისტრირებული, 2002 წელს ზ. ქ-ის სახელზე გაცემული მიწის საკუთრების ¹626 სარეგისტრაციო მოწმობა; შიდა ქართლის არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. ქ-ეს პროექტის დარღვევით აშენებული მინი-მარკეტის ნაწილის დანგრევა, ჯარიმის _ 2000 ლარისა და დანგრევის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა, ხოლო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
2004წ. 29 ნოემბერს ზ. ქ-ემ ქარელის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა.
ზ. ქ-ის განმარტებით, 2004წ. 1 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე არქმშენინსპექციის წარმომადგენელმა ს. მ-მა, რომელსაც მოსამართლის ბრძანებით სადავო მიშენების შემოწმების ჩატარება დაევალა, განაცხადა, რომ მან მინი-მარკეტის მხოლოდ ეზოს გარეთ (ტროტუარის მხარეს) მოქცეული ნაწილის გაბარიტები გაზომა, ეზოს შიგნით მდებარე მეორე ნაწილი კი არ გაუზომავს. ამდენად, ზ. ქ-ის აზრით, შემოწმება (გაბარიტების დადგენა) არ ჩატარებულა, რაც შემოწმების შედეგად შედგენილი დოკუმენტაციითაც დასტურდებოდა, ანუ არქმშენინსპექციის დოკუმენტებში შეტანილი ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ქ-ემ შიდა ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის განჩინებით ზ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება ზ. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მინი-მარკეტის პროექტით გათვალისწინებული პარამეტრების დარღვევის თაობაზე მან 2002წ. 2 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა და არა 2002წ. 29 ნოემბრის სხდომაზე, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ 7 ოქტომბერს, როდესაც ოქმი შედგა, მინი-მარკეტის პროექტი კვლავ დარღვეული იყო, რადგან 2 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე შენობის გაბარიტები პროექტთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.
აპელანტის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო როგორ მოხდა 2002წ. 7 ოქტომბერს მინი-მარკეტის გაზომვა და პროექტის დარღვევის დადგენა, ვინაიდან ს. მ-მა ის და მისი ოჯახის წევრები გაზომვებს არ დაასწრო. ამდენად, ოქმს ვერ გაასაჩივრებდა, რადგან არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომ გაზომვები არასწორად ჩატარდა. ინსპექტორის მიერ შედგენილ ოქმში კი მცდარი მონაცემები იყო შეტანილი, რაც თავად ინსპექტორმა ს. მ-მაც დაადასტურა 2004წ. 1 ნოემბერის სხდომაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინებით, ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ” შიდა ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექციის ქარელის არქმშენინსპექტორ ს. მ-ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, 2002წ. 7 ოქტომბერს შემოწმდა დ. ა-ი, ... ქუჩის ¹14-ში მშენებარე მინი-მარკეტის პროექტთან შესაბამისობა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მშენებლობა პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა. იმავე დღეს ზ. ქ-ეს ჩაჰბარდა მიწერილობა იმის თაობაზე, რომ მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა 2000 ლარით და უპროექტოდ აშენებული ნაწილის იძულებითი დანგრევის მოთხოვნით არქმშენინსპექცია სასამართლოს მიმართავდა. მითითებულ ვადაში ზ. ქ-ემ დარღვევები არ გამოასწორა, რის გამოც 2002წ. 21 ოქტომბერს არქმშენინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების და წანამძღვრების არსებობა ვერ აღმოაჩინა, რის გამოც არ დააკმაყოფილა ზ. ქ-ის განცხადება.
აღნიშნული განჩინება ზ. ქ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გაუქმება მოითხოვა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეს საკითხი ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების მიღების დროს უნდა გადაეწყვიტა.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია, ასევე, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
კასატორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ 2004წ. 1 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, არქმშენინსპექციის ყოფილმა წარმომადგენელმა ს. მ-მა, რომელმაც სადავო შენობა შეამოწმა, განაცხადა, რომ მხოლოდ შენობის ნაწილის შემოწმების შედეგად დაადგინა პარამეტრების დარღვევა. იმავე სხდომაზე, ს. მ-მა განაცხადა, რომ მან შენობის ნახევარი ფართის ცდომილება დაადგინა, მაშინ, როდესაც პარამეტრების სისწორე უნდა დაედგინა.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ” შიდა ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექციის ქარელის არქმშენინსპექტორ ს. მ-ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, 2002წ. 7 ოქტომბერს შემოწმდა დ. ა-ი, ... ქუჩის ¹14-ში მშენებარე მინი-მარკეტის პროექტთან შესაბამისობა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მშენებლობა პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა. იმავე დღეს ზ. ქ-ეს ჩაჰბარდა მიწერილობა იმის თაობაზე, რომ მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა 2000 ლარით და უპროექტოდ აშენებული ნაწილის იძულებითი დანგრევის მოთხოვნით არქმშენინსპექცია სასამართლოს მიმართავდა. მითითებულ ვადაში ზ. ქ-ემ დარღვევები არ გამოასწორა, რის გამოც 2002წ. 21 ოქტომბერს არქმშენინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2004წ. 1 ნოემბრის სხდომის ოქმის თანახმად, ს. მ-ის ჩვენებით სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწიონებული რაიმე ისეთი გარემოებისა და წანამძვრების არსებობა, რაც შეიძლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების საფუძველი გახდეს, არ დასტურდება. წარმოდგენილი მასალებით სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული რაიმე გარემოების არსებობა ვერ დადასტურდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ. ქ-ის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის უკანონოდ დაკისრების თაობაზე, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი ინდივიდუალური მეწარმეა, არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ფიზიკურ პირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აკისრებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინება;
3. ზ. ქ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.